Accessibility links

logo-print

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში აღარ დაბრუნდება


ირაკლი ოქრუაშვილი 25 მაისს საქართველოში აღარ ჩამოვა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, უარი ეთქვა განზრახვაზე რთული იყო, მაგრამ ის იძულებული გახდა პარტიის კატეგორიულ მოთხოვნას დამორჩილებოდა. დღესვე ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ 25 მაისს, ავლაბრის მოედანზე საპროტესტო აქციას აღარ გამართავს. მიზეზებად სოზარ სუბარმა დაასახელა ის, რომ ქართული პარტიის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა სახალხო კრებასთან შეთანხმება და ძალიხმევის გაერთიანება და ასევე - ოქრუაშვილისადმი ბურჯანაძის და სახალხო კრების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული ეჭვი. სოზარ სუბარის განცხადებით, 25 მაისს ორი აქციის გამართვა საზოგადოებას დააბნევდა, ამიტომ ქართული პარტია იძულებული იყო მისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.

"ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება", - აცხადებს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც პოლიტიკური დევნილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობს. იგი აცხადებდა, რომ 25 მაისს დაბრუნდებოდა საქართველოში, თუმცა, ოქრუაშვილის თქმით, ეს მოხდა ხელისუფლების რიტორიკის გამო, რაც "აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა." ოქრუაშვილი ბოდიშს უხდის ყველას, ვინც გულნატკენი დარჩა და აცხადებს, რომ "არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!" - ნათქვამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართვაში.

ქართული პარტიის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ ერთადერთი, რაც მას აინტერესებდა, იყო ირაკლი ოქრუაშვილის გეგმა, რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო ლევან გაჩეჩილაძისა და სოზარ სუბარისგან. ”ჩემი შეკითხვა იყო ერთადერთი: როგორ აპირებს ბატონი ოქრუაშვილი ჩამოსვლას, აპირებს პოლიტიკური და მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლას, თუ ცხინვალიდან, ან რომელიმე სხვა რეგიონიდან შემოსვლას და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას?..” - განაცხადა ბურჯანაძემ. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, ვალდებული იყო ეს გაერკვია, რადგან თუ ოქრუაშვილი თბილისში ცხინვალიდან, ან სხვა რეგიონიდან შემოსვლას და ძალისმიერ მეთოდებით ბრძოლას აპირებდა, ეს მისთვის მიუღებელია და შეთანხმება არ შედგებოდა. ბურჯანაძის განცხადებით, მის შეკითხვაზე ქართული პარტიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG