Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თვითმფრინავებმა წუხელ ტრიპოლი დაბომბეს


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აივაციამ წუხელ დაბომბა ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი, სადაც, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ნატოს ავიაციამ სულ მცირე 20 რაკეტა ესროლა სხვადასხვა ობიექტს ლიბიის დედაქალაქში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაბომბვა ტრიპოლიში ალიანსის მიერ გაეროს რეზოლუციით დაწყებული იმ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რომლის ოფიციალური მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაა.

ლიბიის მთავრობამ უცხოელი ჟურნალისტები მიიწვია ტრიპოლის ცენტრალურ საავადმყოფოში, რათა მათთვის მსხვერპლი ეჩვენებინა. ჟურნალისტების თქმით, არაა ცხადი, მართლა ნატოს ავიაციის ბომბებმა დახოცა ის სამი მოქალაქე თუ არა. საავადმყოფოში ლიბიის მთავრობის წარმომადგენელი, მუსა იბრაჰიმი შეხვდა ჟურნალისტებს:

„დაჭრილები ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მიიყვანეს. ეს ერთ-ერთი მათგანია. ზოგიერთს, ვისაც მსუბუქი ჭრილობები ჰქონდა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შინ გაუშვეს. არაერთს უფრო დიდი და სერიოზული ჭრილობები აქვს. ზოგიერთი დაიღუპა, როგორც ნახეთ.“

იბრაჰიმისვე ცნობით, თავდასხმების სამიზნე იყო სახალხო გვარდიის ბაზა. მისივე თქმით, დაბომბვის მოლოდინში, ბაზა დაცარიელებული იყო, გატანილი იყო საჭირო აღჭურვილობაც. ამდენად, იბრაჰიმის თქმით, დაზარალებული სამოქალაქო პირები არიან. ნატომ განაცხადა, რომ მან დაბომბა ავტოსატრანსპორტო ბაზა, რომელიც ტრიპოლიში სამთავრობო შენობასთან მდებარეობს. ამ ბაზას, ამავე განცხადებით, მთავრობა აქტიურად იყენებდა მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ახლა სურვილი გამოთქვეს, რომ ლიბიის ოპერაციაში ჩართონ საბრძოლო შვეულმფრენები, რადგან მათი საშუალებით ზუსტი ცეცხლის დაშენაა შესაძლებელი. მაგრამ, ამავე დროს, ცხადია, რომ შვეულმფრენებს უფრო დაბლა უწევთ ფრენა და ლიბიის მთავრობის საზენიტო თავდაცვისთვის უფრო იოლი სამიზნე გახდებიან. ამას ისიც დაერთვის, რომ შვეულმფრენების ჩამოვარდნის შემთხვევაში, სამაშველო ოპერაციის დროს ნატოს ჯარს უშუალოდ ლიბიის მიწაზე მოუწევს მოქმედება. შვეულმფრენების გამოყენების იდეის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს ებადებათ კითხვა, ხომ არ გააფართოვა ნატომ თავისი ამოცანა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ მისი უშუალო სამიზნე მუამარ კადაფია. შეგახსენებთ: საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მეთაურობით ნატოს ავიაციამ, გაეროს რეზოლუციის სანქციით, კადაფის არმიისგან სამოქალაქო პირების დასაცავად მარტში დაიწყო ლიბიაში საჰაერო თავდასხმები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ლონდონის “ტაიმსში“ თავიანთი თვალსაზრისი გამოაქვეყნეს, რომ კადაფის სამხედრო მანქანა დასუსტებულია და თავიდანაა აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ გაეროს რეზოლუციის განხორცილებას, სანამ მიზანი მიღწეული იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ორშაბათს ლონდონში თქვა, რომ დრო კადაფის წინააღმდეგ მუშაობს, რომ მას აღარ ძალუძს ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა. კლინტონმა ისიც თქვა, რომ ლიბიის ოპოზიცია ორგანიზებულია ლეგიტიმური და სანდო გარდამავალი საბჭოს სახით, რომელიც დემოკრატიული მისწრაფებისაა. მან შეაფასა ოპოზიციის არმია, როგორც განვითარების გზაზე მდგომი, და თქვა, კადაფი აუცილებლად წავა და ახალი ლიბია მზად იქნება წინსვლისთვისო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯეფრი ფელტმანმა, რომელიც სამდღიან ვიზიტად იყო ლიბიის აღმოსავლეთში, მეამბოხეთა ქალაქ ბენღაზიში, განაცხადა, რომ ლიბიის ოპოზიციის წევრებმა თანხმობა განაცხადეს შეთავაზებაზე, გაიხსნას იქ ვაშინგტონის წარმომადგენლობა. ნატო ამტკიცებს, რომ ლიბიის ომში ინიციატივა მის ხელშია და რომ კადაფის ჯარი დიდხანს ვეღარ შეძლებს მეამბოხეთა არმიაზე იერიშების მიტანას. საომარი მოქმედებები ამ ეტაპზე მთავრობის არმიასა და მეამბოხეთა ჯარს შორის დასავლეთ ლიბიაში - ბერბერების არეალში - გრძელდება. კადაფის ჯარი მძიმე არტილერიას უშენს მოწინააღმდეგეს ქალაქ ზინტანის არეალში. ჟურნალისტები იუწყებიან ამ არეალიდან, რომ მეზობელი ტუნისისკენ ლტოლვილთა ახალი დიდი ტალღა დაიძრა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG