Accessibility links

2011 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, რომელიც 2010 წლის მონაცემებს ასახავს და მშვიდობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინდიკატორით მსოფლიოს 153 ქვეყნის შეფასებას იძლევა, კვლავაც გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. მართალია, შარშანდელთან შედარებით, საქართველო დაწინაურდა, მაგრამ მის მიერ ამჟამად დაკავებული 134-ე პოზიცია კვლავაც არასახარბიელოა.

ზედიზედ მესამე წელიწადია, რაც გლობალური მშვიდობის ინდექსი გაუარესების ტენდენციას აჩვენებს. საინტერესოა, რომ 2011 წლის ანგარიშში ასახული საკმაოდ რთული მდგომარეობა გლობალურ ეკონომიკას შარშან დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიზეზი იმისა, რომ 2010 წელს მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი გახდა, ტერორიზმისა და ძალადობრივი დემონსტრაციების საფრთხის გაზრდაში უნდა ვეძებოთ.
ვარდნა წლევანდელ ინდექსში მტკიცედ უკავშირდება კონფლიქტს მოქალაქეებსა და მათ მთავრობებს შორის. ერებმა უნდა გამონახონ ახალი გზები სტაბილურობის მისაღწევად და გვერდი უნდა აუარონ სამხედრო ძალის გამოყენებას...


სტივ კილელეა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, ამბობს, რომ, ტერორიზმთან 10-წლიანი ბრძოლის მიუხედავად, ტერორისტული შეტევების პოტენციალი გაიზარდა. აქვეა მისი განმარტება სამხედრო ძალით დამკვიდრებულ სტაბილურობასთან დაკავშირებით:

”ვარდნა წლევანდელ ინდექსში მტკიცედ უკავშირდება კონფლიქტს მოქალაქეებსა და მათ მთავრობებს შორის. ერებმა უნდა გამონახონ ახალი გზები სტაბილურობის მისაღწევად და გვერდი უნდა აუარონ სამხედრო ძალის გამოყენებას.”

გლობალური მშვიდობის 2011 წლის ინდექსში ესა თუ ის ქვეყანა 23 სპეციფიკური ინდიკატორის მიხედვით ფასდება - იქნება ეს ტერორისტული თავდასხმების პოტენციალი, შეიარაღება და სამხედრო სფეროს დანახარჯები, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა თუ მოქალაქეების დაცულობისა და უსაფრთხოების ხარისხი. აქვე ვთქვათ, რომ თუკი გლობალური მშვიდობის 2010 წლის ინდექსი 149 ქვეყნის მონაცემებს გვთავაზობდა, წელს ნუსხაში 153 ქვეყანა შედის.

რაც შეეხება საქართველოს, თუკი შარშანდელი ანგარიშის მიხედვით ის 142-ე ადგილს იკავებდა, ქვეყანამ წელს 134-ე ადგილი დაიმსახურა, თუმცა ეს პოზიცია მაინც ერთ-ერთ დაბალ პოზიციად მიიჩნევა.
როდესაც რადიკალური ოპოზიცია აღარ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მაინც ტარდება მიტინგები, ბუნებრივია, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი არ გექნება ასეთი ტიპის ინდექსში...


გლობალური მშვიდობის ინდექსის მეთოდოლოგია გარკვეულწილად ბუნდოვანია მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიასთვის, თუმცა მისთვის გასაგებია, რომ ”საქართველო არ არის სამაგალითო ქვეყანა, მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობის თვალსაზრისით და არც შიდა სტაბილურობის თვალსაზრისით”:

”როდესაც გაქვს რუსეთთან, ფაქტობრივად, ცივი ომის მდგომარეობა, როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია სხვა ქვეყნის მხრიდან... როდესაც რადიკალური ოპოზიცია აღარ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მაინც ტარდება მიტინგები, ბუნებრივია, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი არ გექნება ასეთი ტიპის ინდექსში.”

გლობალური მშვიდობის 2011 წლის ინდექსში ვკითხულობთ, რომ საქართველოს გარკვეული წინსვლა ასახავს იმ გარემოებას, რომ ქვეყანა უბრუნდება სტაბილურობას 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური ომის შემდეგ. საქართველოს შემთხვევაში გაუმჯობესება აჩევენა 23-დან 10-მა ინდიკატორმა, საიდანაც 6 ასახავს დაცულობასა და უსაფრთხოებას საზოგადოებაში, კრიმინოგენული სიტუაციის ანალიზის ჩათვლით. ახალი ანგარიშის მიხედვით, შედარებით გაუმჯობესდა პოლიტიკური სტაბილურობაც, თუმცა, გლობალური მშვიდობის 2011 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავაც მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს მილიტარიზაციის კუთხით და ამ მხრივ ქვეყანა რეიტინგის ბოლო ათეულში რჩება.

მილიტარიზაციასთან დაკავშირებულ მაღალ მაჩვენებლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მცდელობასთან აიგივებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. და ასეთი მცდელობები მისთვის სავსებით გასაგებია იმ ფონზე, როცა ქვეყნის ორი რეგიონი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ და არსებობს სამხედრო აგრესიის განახლების მუდმივი საფრთხე. თუმცა, მისი დაკვირვებით, საქართველოს მილიტარიზაციის ტემპები ბოლო წლებში კლების ტენდენციას ინარჩუნებს:
თუკი 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ხდებოდა სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გაზრდა ისე, რომ 2008 წელს მან მიაღწია 1,5 მილიარდ ლარს, აგვისტოს ომის შემდეგ სახეზეა სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი შემცირება...


”შეიარაღების შესყიდვის ტემპები ან სამხედრო სფეროს ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს 2008 წლამდე იყო. თუკი 2004 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ხდებოდა სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გაზრდა ისე, რომ 2008 წელს მან მიაღწია 1,5 მილიარდ ლარს, აგვისტოს ომის შემდეგ სახეზეა სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი შემცირება, ანუ 2009 წელს უფრო ნაკლები იყო, 2010-ში კიდევ დაიკლო და წელს კიდევ უფრო დაიკლო. ”

გლობალური მშვიდობის 2011 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ჩამოუვარდება სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს და, ზოგადად, ბოლოდან მე-2 ადგილს იკავებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს კვლავინდებურად ჩამორჩება მხოლოდ რუსეთი, ამჯერად - 13 ადგილით.

რაც შეეხება ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულს, მას ამავე თანმიმდევრობით წარმოადგენენ: ისლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია, დანია და ჩეხეთის რესპუბლიკა. მშვიდობის ხარისხი ყველაზე ცუდად გამოიყურება სომალიში, რომელსაც სულ ოდნავ სჯობნის ერაყი, სუდანი, ავღანეთი და ჩრდილოეთ კორეა.
XS
SM
MD
LG