Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ბარათაშვილი - მომღერალი


15 მაისი, კვირა
მაია, ალზო („ალზო“ გერმანულად „მაშასადამეს“ ნიშნავს) დღეს ინსტრუმენტების წამოსაღებად მივდივართ, კიოლნში და მერე ვუპერტალში; ერთი საათის სავალია, აბერ (გერმანულად - „მაგრამ“) არ დავიღლებით... დილიდან იწყება ანგარიშგება.

ნინო თბილისელია, გიდად მოგვამაგრეს. მუდამ ენერგიული, ხალისიანი, მომღიმარი, სულ თან დაგვყვებოდა დედასავით და ყურადღებას არ გვაკლებდა. გერმანული აქცენტი ძლიერ იგრძნობოდა და ეს მის ქართულს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდიდა. ხელოვნებათმცოდნეა, ბონში, ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმში მუშაობს და საქართველოზე შეყვარებულია.

ჯგუფისთვის ინსტრუმენტები უნდა გვექირავებინა. ნინომ მაღაზიაც მოძებნა და კარგ ფასადაც შეუთანხმდა მფლობელებს. მუსიკალურ მაღაზიაში უხვად ეწყო დასარტყამი ინსტრუმენტების ნაირსახეობა. ჩანგოს (ჯგუფ „ელდრაინის“ დრამერს) თვალები გაუბრწყინდა, ფართო ღიმილი გვრტყორცნა და დათვალიერებას შეუდგა. მაღაზიის მფლობელი კულტურული ადამიანი აღმოჩნდა, ნაქირავებ დრამსეტს ზედ ჯოხებიც მოაყოლა საჩუქრად. გერმანელისთვის არატიპური ქმედებაა.

გასვლამდე ცოტა დრო გვრჩებოდა და კიოლნის ტაძართან მივედით. გოთურ სტილში აგებული არქიტექტურის ნიმუში ცისკენ იწევდა და სადაცაა მოწყდებოდა მიწას. ადამიანის ხელს საოცრების შექმნა შეუძლია! მსგავსი გრძნობა დამეუფლა მალტაზე, წმინდა იოანეს ტაძარში რომ ვიდექი; საოცარი ფუფუნება, ბაროკოს არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალების სიუხვე და მკაცრი სიმეტრია აღაფრთოვანებს მნახველს. მოშორებით, ვიწრო გასასვლელიდან, მომცრო ზომის სათავსში ხვდებოდი სადაც კარავაჯოს ნამუშევრები ეკიდა: იოანეს თავის კვეთა და მამაკაცის პორტრეტი. რამდენიმე ხანს მონუსხულივით შევცქეროდი...

შემდეგ ნინომ 100 წლის ლუდსახარშში წაგვიყვანა და ტრადიციულ გერმანულ კერძს გეახელით. ცხოვრებაში პირველად ლუდი ანსამბლ „შინის“ ბიჭებთან ერთად გავსინჯე – შტუტგარტში, ტრადიციულ ლუდხანაში. ძალიან ვიმხიარულეთ, სუფრასთან სრული ჰარმონია სუფევდა და შესანიშნავ განწყობაზე ვიდექით. რა კარგია, ადამიანებთან ერთ ენაზე რომ ლაპარაკობ და ერთი მიმართულებით იყურები!

თავისუფლების დღიურები - მაია ბარათაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:43 0:00
გადმოწერა



16 მაისი, ორშაბათი
...სულ ოთხი საათი მეძინა, არ ვიცი, მოძალებული ფიქრების თუ დაღლილობის გამო. მთელი ღამის ნათევი აეროპორტიდან სახლში და შემდეგ სამსახურში გავიქეცი. ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს დიუსელდორფის კოხტა ქუჩების ვიზუალური გამოსახულება, მწკრივში ჩაწყობილი, არტ ნუვოს სტილში აგებული სახლები ქალაქის გარეუბანში, ძველი ქალაქის მყუდროება, სანაპიროდან მონაბერი ქარის სუსხიანი შეხება და ნამიანი ბალახის სურნელი. საოცარია, მაგრამ ასეთი სურნელი დიუსელდორფში გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე დგას. ჩასუნთქვისას ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ სუფთა ჟანგბადს გიშხაპუნებენ ფილტვებში.

ერთ დღეს ვიღაც გამვლელმა დაიწუწუნა, ასეთი ბინძური ქალაქი გერმანიში მეორე არ არისო. ეტყობა, სტრესის ფონზე ნაგავი მაცოცხლებელ ელექსირად მომეჩვენა. ერთი ამბავი გამახსენდა: ჩემი მეგობარი სტუმრობდა ჩემთან ორი თვის განმავლობაში და საძინებელს ვიყოფდით. საძინებელში, რომელიც პირდაპირ მთავარ ქუჩაზე გადის, კარი ღია იყო, უცებ სიჩუმე დავარღვიე და წარმოვთქვი პათეტიკური ტონით: „ნახე გაფ, რა სუფთა ჰაერია, ღრმად ჩაისუნთქე და ისიამოვნე!“... პასუხად ფანჯრებქვეშ ასფალტის საგებმა მანქანამ სულ რახრახით ჩაიარა და კარგა გვარიანად მოგვაფრქვია გამონაბოლქვი! ეტყობა, მინიმალურით ვკმაყოფილდები; ისიც კი მახარებს, რომ სუნთქვის და, საერთოდ, არსებობის საშუალება მომანიჭა გამჩენმა. ერთ დღესაც სუნთქვა გაჩერდება და გრძელ გზას დავადგებით. ნეტა, სადამდე მივალთ? თუმცა, ამაზე იშვიათად ფიქრობს ადამიანი. მოკლედ, მე და ჩემმა მეგობარმა გვარიანად გადავიხარხარეთ და მშვიდად მიგვეძინა (იმედია).

მერე რა, დღესაც მგონია, რომ ჩემზე უკეთესი და მყუდრო სახლი არავის აქვს, და რომ ჩემს ქუჩაზე თავს დაცულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ უძველესი პროფესიის ქალები სწორედ ჩემი ფანჯრების ქვეშ ურიგდებიან კლიენტებს და მათ პიკანტურ მომსახურებას სთავაზობენ. ქართველი მამაკაცები კი რა ხრიკს არ იგონებენ, რომ ამაშიც არ გადაიხადონ ფული. მოკლედ, თუ პოზიტიურად მიუდგები, შეიძლება ფსიქოანალიზსაც მიჰყო ხელი.

სამსახურში ვარ და ძალიან მეძინება. საქმე დილიდან იწყება, ევროვიზიის კონკურსიდან ახლად დაბრუნებულს, მორიგეობით მიტივტივდება კონკურსის მონაწილეთა სიმღერები. ლამაზი სერბი გოგონა, 60-იანი წლების რეტრო-ჰანგები, ბიგბენდისთვის არანჟირებული აკომპანემენტი და ქერა ბაკენბარდები ლაიზა მინელის სტილში; ავსტრიელი მომღერალი ძლიერი ხმის იოგებითა და დიდი დიაპაზონით, თუმცა მეორე უიტნი ჰიუსტონი არავის სჭირდება - ბოლო ადგილზე გავიდა; ჰომოსექსუალი ტყუპები ბევრს ხტოდნენ სცენაზე და მოუსვენრად ხვანცალებდნენ, შოუსა და ვიდეოგამოსახულების თვალსაზრისით ნომერი საინტერესო იყო; ბოლომდე ვერავინ გაიგო, რისი თქმა უნდოდა რუს მზეჭაბუკს. ეს ის შემთხვევაა, ყველაფერი რომ ადგილზეა და ბოლოს არაფერი რომ არ გამოდის - რუსული ფოლკლორი და ჰიპ-ჰოპი ერთად მთლად შეწყობილად ვერ ჟღერს; თვალებფახულა შვეიცარიელი გოგონა ლამაზი ხმის ტემბრით და მიმზიდველი სახით რატომღაც უცნაურად იგრიხებოდა და ნაზად უღიმოდა კამერას. როგორც ჩანს, კამერასაც უყვარდა გოგონა, რადგან გადაღების დროს მსხვილპლანიანი კადრები ჭარბობდა. გოგონას მიერ შესრულებული სიმღერის ქართული ექვივალენტი სირთულით, ალბათ, „საქათმეში შეპარულა მელა“ თუ იქნებოდა; ბრიტანეთის გახმაურებული ჯგუფის, „ბლუს“, წევრები, ერთ დროს ელტონ ჯონთან ხშირ-ხშირად რომ ჩანდნენ ეკრანზე, მშიერი შოშიებივით აღებდნენ პირს, ხმა კი რატომღაც არ ამოსდიოდათ; მათი გამოსვლა პანტომიმას უფრო წააგავდა, ვიდრე მუსიკალურ ნომერს; ჯიშიანი, ავაზასავით მოქნეული ტანის მქონე სანმარინოელი მომღერალი შოკოლადისფერი კანით და დიდი მწვანე თვალებით ატყვევებდა მაყურებელს, თუმცა ზანგური მელიზმების ნაცვლად, მან სიმღერა თავიდან ბოლომდე წაგვიჩურჩულა.

სცენაზე ერთი ქვეყანა მეორეს ცვლიდა, ისმოდა ბღავილი, კნავილი და კბილების ღრჭენა, შიგადაშიგ სიმღერაც. დღეს შოუბიზნესში ერთი უცნაური ტრადიცია დამკვიდრდა: ყვირილი იქ, სადაც, უბრალოდ, სიმღერაა საჭირო. რაც მეტად იყვირებ, უფრო დაგაფასებენ - ასე სჯერათ ახალგაზრდა არტისტებს და არ ზოგავენ ხმის იოგებს. ფორტემ პიანოს აჯობა და ბოლოს საერთოდ გამოდევნა. თუმცა, ამბობენ, რომ საოპერო ხელოვნების გიგანტი მარიო დელ მონაკოც ფორტეს ანიჭებდა უპირატესობას (იმედია, დელ მონაკოს თაყვანისმცემლები არ ჩამქოლავენ)...

საქართველომ წელს ჯგუფი „ელდრაინი“ წარადგინა სოფიო ტოროშელიძესთან ერთად. რა ბედნიერებაა, ღმერთი ნიჭს რომ დაგაბერტყავს ზეციდან. სიმღერის ავტორი ჯგუფის წევრია - ბესო. გარეგნობა - ექსპრესიული, ნიჭი - აშკარად გამოხატული. ნეტა, საიდან მოუვიდა ასეთი თანამედროვე და დინამიური მელოდია თავში? არანჟირებაც გემოვნებიანია. ბიჭები კარგად უკრავენ, ვერაფერში მოედავები. პირველი მოსმენისთანავე იგრძნობა, რომ სიმღერა კომპოზიტორის ფანტაზიის ნაყოფია და არა კარგად გახმაურებული ჰიტის მისამღერი. მიშა „საკაიფოდ რეპავს“, ძარღვი იგრძნობა. სოფიოს კარგი პროფესიული საფუძველი აქვს მომზადებული: ნიჭი, ძლიერი ხმა, დიდი დიაპაზონი, ბგერის სწორი პოზიციონირება, შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა - ეს წარმატების ძირითადი კომპონენტებია. შედეგმაც არ დააყოვნა: 43 ქვეყნიდან საუკეთესო ათეულში შევედით.

17 მაისი, სამშაბათი
თუკი მეოცე საუკუნე ემოციების აგრესიულად გამოხატვის ხანა იყო, 21-ე საუკუნემ სამომხმარებლო მოთხოვნები გაზარდა. დღეს მაღალმა გემოვნებამ და სინატიფემ კამერულ დარბაზებში გადაინაცვლა და ადგილი დაუთმო მასებზე გათვლილი „შოუს“ ცნებას. თანამედროვე შოუბიზნესი, კერძოდ კი პოპკულტურა ძალიან დიდ მოთხოვნებს უყენებენ არტისტს. თავისი ბუნებით სრულიად არაინტელიგენტური, ის ფართოდ უღებს კარს ყოველგვარ უხამსობას, უტიფრობას, თავაშვებულობას და ხშირად ამ თვისებების მატარებელი ადამიანები, თუნდაც მდარე ნიჭი ჰქონდეთ, წარმატებას აღწევენ.

და მაინც, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც სცენაზე ჩნდება ნიჭიერი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი აქსესუარები მსმენელის გულში შესაღწევად. ასეთი არტისტის გამოჩენისთანავე გრძნობ, რომ იგი თანამედროვე სულისკვეთებით არის გამსჭვალული, ეხმიანება ჩვენი დროის სატკივარს და, ამავე დროს, თავისუფალია თავსმოხვეული სტანდარტებისგან. როდესაც ქართველები იდგნენ სცენაზე, სრულებით არ გამჩენია იმის შეგრძნება, რომ ზომიერების გრძნობა დაირღვა ნომრის მსვლელობის დროს სცენაზე დიდი აქტივობის მიუხედავად. ერთ მუშტად შეკრული გუნდი შეთანხმებულად მუშაობდა. მომღერალი იდგა ცენტრში, ამაყი, მშვიდი და თავდაჯერებული ასრულებდა რთულ ვოკალურ პარტიას. სიმშვიდის შენარჩუნება და წონასწორობის დაცვა ასეთი სახის კონკურსებზე აუცილებელია მსახიობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით აჟიტირებული მსმენელი მძლავრი კაშხალივით გადაგყლაპავს.

18 მაისი, ოთხშაბათი
განსხვავებულად ვგრძნობ თავს, ცვლილება გარეგნობაში აუცილებლად ქცევაზეც აისახება, ატმოსფერო იცვლება. ფიზიკური შეგრძნებები შესაბამის ემოციებს იწვევს. აღარ მახსოვს, რომელი რეჟისორი იყო, ფილმის გადაღების დროს მსახიობებს უკეთ რომ ეგრძნოთ ელიტარული ცხოვრების ატმოსფერო, გადასაღებ მოედანზე დროდადრო ძვირფას ფრანგულ სუნამოს აპკურებდა. ახლა აივნიდან დალალებს გადავუშვებ და პრინცი, დღედაღამე ფანჯრებქვეშ რომ დგას და სერენადებს მიმღერის ექვსსიმიანი გიტარის თანხლებით, ჩემს გადასარჩენად ადვილად ამობობღდება ჩემს კაბინეტში (საძინებელი რომ ვთქვა, სხვანაირად გამიგებენ). აი, ყმაწვილს კაბინეტში რომ დავიგულებ... „აქანე სტენკას დავდგამ და იქანე - ტროიკას“ (ამონარიდი ანეკდოტიდან).

...დიუსელდორფის ტრამვაი დინჯი ტაატით ბოლო გაჩერებისკენ მიეშურება. ცოტაც ფეხით უნდა გავიაროთ და ადგილზე ვართ. ჭიშკარი ფართოდ არის გახსნილი და ზღურბლიდანვე მოჩანს საოცარი სიმწვანე. ეზოში შევდივარ და ულამაზესი ბაღი სტუმართმოყვარედ მხვდება. თითქოს გათბა სხეული და სული და ჩემთვის მშობლიურ გარემოში მოვხვდი. ბაღის მარჯვენა მხარეს ამაყად დგას კოხტა ეკლესია, დგას საქორწინოდ მორთული პატარძალივით და გველის. აქ კარგავს თავის მნიშვნელობას საზოგადოებას თავს მოხვეული ისეთი ცნებები როგორიც არის „გლობალიზაცია“, „სტანდარტიზაცია“, „კრიზისი“, „კონფლიქტი“, „პრიორიტეტი“, „პიარი“, „ტუსოვკა“ და კიდევ სხვა მრავალი „ია“, „იზმი“ და „ისი“.

ტაძარში შევდივარ. სიმყუდროვეა და ბედნიერების შეგრძნება მეუფლება. ქართველი მოძღვარი გვლოცავს და სანთლებს გვირიგებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს კონკურსანტებს - ღვთის წყალობა! ამინ! საწყენია, ადამიანი ხშირად ცდება არჩევანში და იმას, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, უკანა პლანზე სწევს. ხშირად დრო არ გვაქვს, ცოცხალ ღმერთს ვესაუბროთ, გვეჩქარება, სულ სადღაც გავრბივართ...

რა კარგი იქნებოდა, ახლა ზიარება მიგვეღო ყველას, სამშობლოდან მოშორებით, მიწის ამ დალოცვილ ნაკუწზე. გერმანიაში მცხოვრები ქართველების ჟრიამულმა აავსო ეზო, დატრიალდნენ, აფუსფუსდნენ და დიდი ქართული სუფრა გაიშალა. მაგიდა გაივსო ქართული კულინარული ხელოვნების შედევრებით. ასეთ მრავალსართულიან სუფრას დიდი ხანია, თბილისშიც კი აღარავინ შლის. ბავშვობა გამახსენდა. მოძღვარი საფიხვნოს თავში დაჯდა და სიტყვა წარმოთქვა. მერე ქართული სიმღერა გაისმა, რამდენიმე საათით ისევ საქართველოში დავბრუნდით, გავბევრდით და ეზოც და შემოგარენიც თითქოს უცხო მიწას შეერწყა და ერთი გახდა. ნეტა, ახლა ზიარება შეგვეძლოს, თავიდან დავიბადებოდით!

19 მაისი, ხუთშაბათი
მოგზაურობა ლაკმუსის ქაღალდივით არის, უმალ გამოაჩენს, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში. სახლში რომ ხარ, შენს სამშობლოში, მაკონტროლებელი ბერკეტები სულ ჩართულია. საკმარისია, სახლს გასცდე, წახვიდე იქ, სადაც არავინ გიცნობს და - ბერკეტებიც უმალ ეშვება: ადამიანი გაშიშვლებული ნერვივით მგრძნობიარე ხდება და ავტომატურად ადაპტაციის რეჟიმში გადადის. გარემოსთან შეგუებას კი ყველა ღირსეულად ვერ იტანს.

ვინ თქვა, რომ ქალური სოლიდარობა არ არსებობს! სოლიდარობის გრძნობას თუ კიდევ ღირსება და აღზრდა დაემატა, ხომ საერთოდ გაგიმართლებს! ნათია, რუსა, სოფიო და მე ერთ ენაზე ვლაპარაკობთ და ერთ სიხშირეზე ვართ აწყობილი. ბევრს ვიცინით, ვხარხარებთ. დაღლილ-დაქანცულებს, ოთხსართულიანი „არენის“ დიდმარშიან კიბეებზე ნარბენსა და სიქაგაცლილებს, ემოციურად გადაღლილებს, მაინც გვიხაროდა.

- ქალბატონო ბაჩიტა, სენდვიჩს ხომ არ მიირთმევთ? (ბაჩიტა რუსას მიერ გამოგონილი სასაცილო პერსონაჟია.)

- რას ამბობ, მაია, სენდვიჩი ხომ ასუქებს!

სულაც არა, პურის დიდ ნაჭერზე ზარმაცად აფენია ლორი, ძეხვი და ჰოლანდიური ყველი. ამ სახით მზარეული გავარვარებულ ღუმელში შეუძახებდა ნახევარფაბრიკატს, სადაც ყველი მორჩილად ზედ ადნებოდა დაბრაწულ ხორცს. ამას კიდევ ემატებოდა წითელლოყება პომიდორი, კიტრი და მწვანილი, ზევიდან ნიორგარეული არაჟნის სოუსი და, ვუალა, ესეც შენი 770 კალორია! ჯანდაბას, თბილისში რომ ჩავალ, დიეტაზე დავეგდები, პირს ამოვიკერავ და წყალსაც არ დავლევ! ასე ვიმშვიდებდით თავს: შედეგად ორი კვირა ღორის ბარკალი არ გამოგვიღია პირიდან.

20 მაისი, პარასკევი
ზაზამ დარეკა მიმინოშვილმა. „შინი“ როგორ არის ნეტა? მარტში გერმანიაში ორი კონცერტი გვქონდა და მაუწყებლის მიერ მომზადებული მუსიკალური ფილმი წარვადგინეთ. კონცერტები კარლსრუესა და მიუნხენში გაიმართა. „ტოლჰაუსი“ პრესტიჟული დარბაზია, დამსწრეთა შორის გერმანელები ჭარბობდნენ. ბადენ-ვიურტემბერგის მხარის რეგიონული გაზეთის მუსიკალური კრიტიკოსიც იყო მობრძანებული. ჩემი თამრიკო ჩხეიძე-კესელი დარბოდა და საქმეებს აგვარებდა. ჟურნალისტებიც მან მოიყვანა. შესანიშნავი სტატია გამოქვეყნდა უხვად დახუნძლული საქებარი სიტყვებით. არ მოველოდი, მესიამოვნა. ჩვენს მერე, მგონი, პატ მეთინის უნდა დაეკრა. საწყენია, რომ ვეღარ დავრჩი. მიუნხენში ქართველები მოგროვდნენ და ძალიან იხალისეს „შინის“ მიერ თანამედროვედ არანჟირებულ მელოდიაზე სახელად „გიმნაზისტი გიმნაზისტკას“, მეც თეთრი ბანტი დავიკოსე თავზე და გიმნაზისტკას როლში შევედი. რას ვიფიქრებდი ამერიკულ ჯაზზე გაზრდილი ქალი, ქინძზე და ოხრახუშზე თუ ვიმღერებდი! რას იზამ, ზაზას ზურას და მამუკას რომ გადაეყრები, უარესი მოგივა. ცოტა ხანში, შეიძლება, „დავლურიც“ დავუარო სცენაზე და სახელდახელოდ ხინკალიც მოვზილო.

ვინმემ რომ მკითხოს, რა არის ჩემი ყველაზე მძიმე მოგონება, რაც დიუსელდორფს უკავშირდება, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: ლაიფციგის საბაჟო. ტვირთი რამდენიმე დღით დააკავეს. არადა, 5 მაისს ქართული კულტურის დღე გვიახლოვდებოდა! არც ღვინო, არც საჩუქრები... სტუმრები მოუთმენლად ელოდნენ ქართული ღვინის დეგუსტაციას და საჩუქრების მიღებას. რა გვეშველება, ვფიქრობდი, რას იზამ, მოუწევს საერთაშორისო პრესას მუსიკის გამშრალ ყელზე მოსმენა. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვრეკავდი, საქართველოს საელჩო ღვინოზე ზრუნავდა. თავიდან ვცდილობდი, მშვიდად ამეხსნა საქმის ვითარება. ეს თავიდან, მერე მთლად მშვიდად აღარ გამომდიოდა. სატელეფონო კაბელის მეორე მხარეს კი კარგად გაწვრთნილი ოპერატორები, თანაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა, დიდი მოთმინებითა და მოჩვენებითი ალტრუიზმით აღჭურვილნი მპირდებოდნენ, რომ „საკითხს განიხილავდნენ“. საკითხი, რა თქმა უნდა, მუდმივი განხილვის პროცესში იყო და ტვირთიც იმისთვის იყო განწირული, რომ საბაჟო ტერმინალში სამუდამოდ დაედო ბინა. ბედს არ ვეგუებოდი და ნახევარ საათში ერთხელ ვრეკავდი. ბოლოს ისე შეწუხდნენ, რომ უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვეს და ტვირთის ნაწილი გაათავისუფლეს. ღვინომაც ჩამოგვისწრო და საღამოც შედგა!

სამი სოფიო სცენაზე შეხმატკბილებულად აჟღერებდა „თბილისოს“ ჰანგებს; რეზო ჩხიკვიშვილი ომახიანად დასჭყიოდა მაყურებელს და, გიტარის თანხლებით, მშობლიურ ატმოსფეროს ქმინდა. ქართული ცეკვის მოყვარულთა ანსამბლი (ერთი ციდა ბავშვები, ძლივს რომ ჩანან სცენაზე), დიდი მონდომებით ასრულებდნენ „ხანჯლურს“, რაც ძალიან გულისამაჩუყებლად ჩანდა.

ჩემი ჯერიც დადგა, მივუჯექი კლავიშებს და... ხმა არ ამოდის! რამდენიმეჯერ ვცადე და... დუმს ინსტრუმენტი. ნეტა, ვინ გათიშა ისეთმა, ჩართვა რომ აღარ უნდა?! ინსტრუმენტის ჩასართავად რამდენიმე წარუმატებელი თხოვნის შემდეგ ავდექი და აკაპელა შევთავაზე მსმენელს. არ მიყვარს ფონოგრამა, მკვდარი მუსიკა, გაუგებარი მიმართულებიდან რომ მოდის და ჩარჩოში გსვამს. მირჩევნია, მარტო ხმა ჟღერდეს, ოღონდ ფონოგრამა - არა. ამ დროს ინსტრუმენტი ვიღაცამ ჩართო და სიმღერაში ამყვა. მოულოდნელობისგან მოვიხედე და რუსა შემრჩა, ენერგიულად მიკრავდა და გულითადად მიღიმოდა. ნათია, რუსა და სოფიოც იქვე, სცენასთან იდგნენ და მამხნევებდნენ. ვინ თქვა, რომ ქალური სოლიდარობა არ არსებობს? კონცერტის მერე დამსწრე საზოგადოება მადლობას უხდიდა ქართულ დელეგაციას. მოვილხინეთ. გიამ ისეთი „აჭარული“ დაუარა, რომ სულ ნაპერწკლებს ყრიდა! ნიჭიერია, ვერაფერს იტყვი.

დღეს საღამოს კონცერტზე გამოვდივარ თბილისის ბიგბენდთან ერთად. ძალიან მომენატრა ჩემი ორკესტრის მძლავრი ჟღერადობა. სცენაზე უკან მოიხედავ და 30-კაციანი გუნდი გიმაგრებს ზურგს. ფანტასტიკური შეგრძნებაა!

21 მაისი, შაბათი
ადრე ავდექი, ტაძარში უნდა ავიდე და მოძღვარი ვნახო. რამდენ რამეს მოვუყვები! მამასავით მიდგას გვერდში. ბევრს სწავლობ ადამიანისგან, რომელშიც თავმოყრილია დიდი წიგნიერება, მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება და მტკიცე რწმენა. ეს სამი კომპონენტი ადამიანს სიძლიერეს ჰმატებს და საინტერესოს ხდის. რას მეტყვის ნეტა?..

ის კი ვიცი, რომ აფორიაქებული სული დამშვიდდება და დიდი იმედით აივსება. ისევ. მუდამ. უწყვეტად.
XS
SM
MD
LG