Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის ბიუჯეტს ზრდის


კეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე, სამეზობლო პოლიტიკის განახლებული ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ბრიუსელში

კეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე, სამეზობლო პოლიტიკის განახლებული ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ბრიუსელში

მომავალი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი თავის სამეზობლოს დამატებით 1 მილიარდ ევროზე მეტს დაახარჯავს. ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შედეგია არაბულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებისა, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრიუსელის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე მის აღმოსავლელ მეზობლებთანაც. საქმე ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირი აცხადებს, რომ თავის უშუალო სამეზობლოს მომავალი ორი წლის განმავლობაში დამატებით მილიარდ ორას ორმოცდაათ მილიონ ევროს გამოუყოფს, თუმცა კონკრეტული ქვეყნების დახმარება მათ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.

ამ განცხადებით გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ოთხშაბათს ბრიუსელში, სადაც სამეზობლო პოლიტიკის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია შედგა.

ეს თანხა იმ 5.7 მილიარდ ევროს დაემატება, რომელიც ევროკავშირს უკვე გამოყოფილი აქვს სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის პოტენციური წევრის სტატუსი არ მოუპოვებიათ.

სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა პირდაპირ უკავშირდება არაბულ სამყაროში მიმდინარე რევოლუციურ ცვლილებებს, თუმცა ის გავლენას იქონიებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებზეც:
საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელორუსიაზე, უკრაინასა და მოლდავეთზე.

„უფრო მეტი უფრო მეტის სანაცვლოდ“ - ასეთი ფრთიანი ფრაზა გასდევს ფონად პოლიტიკის გადახედვის ინიციატივას. ამაში კი შემდეგი იგულისხმება: „რაც უფრო მეტად და რაც უფრო სწრაფად განავითარებს კონკრეტული ქვეყანა საშინაო რეფორმებს, მით უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ის ევროკავშირისგან.“

ხოლო იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმს არ გამოიჩენენ, ფრაზა „ნაკლები - ნაკლების სანაცვლოდ“ გამოიყენება. „იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც რეფორმები არ განხორციელებულა, ევროკავშირი დაფინანსებას გადახედავს, ან სულაც შეამცირებს“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მთავარი იდეა ის არის, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირთან სპეციფიკური, მხოლოდ მისთვის შემუშავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღწევი, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტებით - ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამის ნაცვლად.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, მეზობელი ქვეყნების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ასე დაახასიათა: „ეს ყველას მიმართ ერთიანი მიდგომა არ არის. პირიქით, ამით ვაღიარებთ, რომ ჩვენი ყველა მეზობელი განსხვავებულია და გვსურს საგანგებოდ მათთვის შემუშავებული დახმარება შევთავაზოთ. ქვეყნებს, რომლებიც რეფორმებს სწრაფად და უფრო ღრმად გაატარებენ, ამ მიზნის მისაღწევად რესურსების მიღების საშუალება ექნებათ.“

ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა სამ სფეროზეა კონცენტრირებული - დემოკრატიის გამყარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სამეზობლოს ორი რეგიონალური განზომილების გაღრმავებაზე, რაც, როგორც ვთქვით, ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს - მომცველ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამასაც გულისხმობს.

დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, ბრიუსელი გამოდის მოწოდებით შეიქმნას „დემოკრატიის ევროპული ფონდი“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ფიგურებს დაუჭერდა მხარს.

მოუსმინეთ შტეფან ფულეს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარს: „[არსებობს მკაფიო მიზნები] - მაგალითად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გაერთიანების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი პრესა და მედია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორის რეფორმა.“

ევროკავშირი მზად არის ისეთ ფორმატებშიც გააღრმავოს თავისი მონაწილეობის ხარისხი, სადაც ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი - მაგალითად, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს.

ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, რეფორმების გატარების მსურველ ქვეყნებს შესთავაზებენ „ინვესტირების დაცვის გაფართოებულ სქემას“, რომელიც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიდან ინვესტორებს იურიდიული დაცვით უზრუნველყოფს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებაზე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს. თუმცა ბრიუსელი აცხადებს, რომ მზად არის სავაჭრო სფეროში დათმობებზე იმ ქვეყნების მიმართაც წავიდეს, რომლებიც ამგვარი მოლაპარაკების დასაწყებად ჯერ მზად არ არიან.

დოკუმენტში სამეზობლოს ქვეყნები ცალ-ცალკეც არიან განხილული. საქართველოს მოუწოდებენ უფრო მეტი გააკეთოს „პოლიტიკური მედიისა და პლურალიზმის [სფეროში] დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. დოკუმენტში სხვა რამდენიმე საკითხზეც არის ლაპარაკი - უმცირესობების უფლებების დაცვის და მათი ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე, მაღალჩინოსნებს შორის კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და შეკრების თავისუფლების განმტკიცებაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG