Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ მიტინგი სპეცრაზმმა დაარბია


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია, დღეს, ნაშუაღამევს, სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. მანამდე, თბილისის მერიამ "სახალხო კრების" ლიდერებს ოფიციალურად, წერილობით აცნობა იმის შესახებ, რომ 25 მაისის 24:00 სთ-ზე მათ აქციების გასამართად გაცემული ნებართვის ვადა ამოეწურათ და ამასთან დაკავშირებით დაშლისკენ მოუწოდა. ტერიტორია აქციის მონაწილეთა მიერ ხერგილებით იყო გადაკეტილი. სამართალდამცველების მიერ მიტინგის დაშლამდე, შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიმართა ნინო ბურჯანაძემ და თავიანთი უფლებების ”შიშველი ხელებით” დაცვისკენ მოუწოდა. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ასევე ცრემლმდენი გაზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას დაიღუპა ორი ადამიანი - პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ მასურაშვილი და აქციაზე მყოფი ყოფილი პოლიციელი, ნოდარ ცხადაძე. შოთა უტიაშვილის თქმით, ორივე ცხედარი ერთმანეთის სიახლოვეს არის ნაპოვნი და ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, "იმ ავადსახსენებელ ესკორტს ემსხვერპლა, რომელსაც - ვლადიმერ მასურაშვილი”.

უტიაშვილის განცხადებით სულ დაშავდა 37 ადამიანი - მათ შორის 8 პოლიციელი და ITV-ის ჟურნალისტი. დაშავებულთა შორის ერთი ქალია. ”სახალხო კრების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის ვის ეკუთვნის მანქანები და მზადაა, მათი მანქანები ექსპერტიზაზე წარადგინოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ და ქალაქის მერიამ არაერთხელ თხოვა, შეერჩიათ ნებისმიერი სხვა ადგილი მიტინგის ჩასატარებლად, რასაც, უტიაშვილის თანახმად, ისინი არ დათანხმდნენ. პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა მას შემდეგ, რაც არაერთხელ „გააფრთხილა მომიტინგეები მოსალოდნელის შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეების პროცესები მიმდინარეობს. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით პროცესები ღამით დაიწყო და ახლაც გრძელდება. როგორც ადვოკატებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ, უფარდებენ 400-ლარიან ჯარიმას, ხოლო იმათ მიმართ, ვინც დანაშაულს არ აღიარებენ, იყენებენ 30-დღიან პატიმრობას.
XS
SM
MD
LG