Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები დარბევის შემდეგ


რუსთაველის გამზირზე 25 მაისს ღამით დარბეულმა აქციამ ურთიერთგანსხვავებული რეაქციები გამოიწვია საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე: თუკი მმართველი პარტიის წარმომადგენლები თითქმის ერთნაირი შინაარსის კომენტარებს აკეთებენ და, მაგალითად, ერთხმად მიუთითებენ ”რუსულ კვალზე”, ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. მომხდართან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმაც.
მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი...

სცენარს, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეებში ვითარდებოდა მოვლენები თბილისის ქუჩებში, ნაციონალური მოძრაობის არაერთმა წარმომადგენელმა უწოდა ”საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარი”, ანუ სცენარი, რომელიც მიზნად ისახავდა დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის სამუდამო დასამარებას საქართველოში. ამ შინაარსის სიტყვები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე 26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც წარმოთქვა და იქვე განმარტა, რომ გარე ძალების მიერ მართული მოძალადე ლიდერები ”საბოტაჟისა და მასობრივი არეულობის გამოწვევას...” ცდილობდნენ და რომ ამ ყველაფერს არაფერი საერთო არა აქვს სიტყვის თავისუფლებასთან:

”მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმისა, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკების შედეგი ყოფილიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და, სამწუხაროდ, ორი მათგანი დაიღუპა...”

თუკი პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები ყველაფერს აქციის ლიდერების სინდისს ანდობენ, 26 მაისს პირადად პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის მიერ იგნორირებულ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი.
ეს არის რეალურად ერთადერთი გზა ქვეყნის გადარჩენის, დემოკრატიული პროცესების განვითარების... დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აუცილებლად გაიმარჯვებს

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციურ გზას არასოდეს უჭერდა მხარს, მაგალითად, ოპოზიციური ”რვიანი” 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება, რომ დარბევის ოპერაცია ”ჩატარდა ისეთი ფორმით და მეთოდებით, რომელიც მომიტინგეებს არ უტოვებდა ტერიტორიის დატოვების საშუალებას და მიზნად ისახავდა არა დემონსტრაციის კანონიერად დაშლას, არამედ აქციის რაც შეიძლება მეტი მონაწილის დაკავებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და სამაგალითოდ დასჯას."

ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობას მცირედი ცვლილებებიც კი არ გამოუწვევია მათ გეგმებში. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი მოქმედებენ ძველებური შემართებით და რჩებიან ძველებურ აზრზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ სამართლიანი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს:

”ეს არის რეალურად ერთადერთი გზა ქვეყნის გადარჩენისა, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და, რაც მთავარია, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისაკენ... დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აუცილებლად გაიმარჯვებს... ”

ოპოზიციური ”რვიანისგან” დამოუკიდებლად აპროტესტებდნენ 26 მაისს საპროტესტო აქციის ძალადობრივ დარბევას ლეიბორისტები. დარბევის ღამეს დაღუპული ნოდარ ცხადაძე ლეიბორისტული პარტიის ზესტაფონელი აქტივისტი იყო. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ რა ვერსიაც არ უნდა დასახელდეს, მსხვერპლი მინც დარბევის შედეგია და რომ სასტიკი დარბევა პირველი არ არის დღევანდელი ხელისუფლების პრაქტიკაში. ლეიბორისტებმა პროტესტი გამოხატეს პრეზიდენტის სასახლესთან შეძახილებით: ”გადადექი, გადადექი, გადადექი!.. მკვლელი, მკვლელი, მკვლელი!..”

შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეები კარგად მოიქცნენ, როცა არ დასთანხმდნენ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას - აქცია სხვა ადგილას გადაეტანათ. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს, მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის შეფასებითაც, კოსტავას გამზირიდან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლება აქციის მონაწილეების მხრიდან გამოვლენილი სახიფათო პროვოკაცია იყო. უშუალოდ დარბევის პროცესის შეფასებებისგან ჩვენთან საუბრისას თავი შეიკავა პარლამენტის დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ. მისი თქმით, პარტია ოფიციალურ კომენტარს პარასკევს გააკეთებს.

26 მაისის ღამე ხელისუფლების სადამსჯელო აქციად შეაფასა ”ქართულმა პარტიამ.” მართალია, პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ აქციის ლიდერები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მისდგომოდნენ ”საზოგადოების ბედს”, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ”აბსოლუტურად არაადეკვატური ძალა გამოიყენა” და რომ მას ”კანონიერების მისხალიც არ გამოუვლენია.”
შეშფოთებული ვარ ცნობებით იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შემდეგ შესაძლოა იყო ძალის გადამეტება ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან...

რაც შეეხება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გამოხმაურებას, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი გადადგა, როდესაც მომიტინგეებს თავშეყრის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა და რომ დემოკრატიის პირობებში საპროტესტო აქციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამა თუ იმ დღესასწაულის აღნიშვნას საზოგადოების სხვა ნაწილის მიერ. ჯონ ბასი ამბობს იმასაც, რომ აქციაზე შეინიშნებოდა არაერთი მონაწილე, რომლებიც არა მშვიდობიანი პროტესტით, არამედ ძალადობრივი დაპირისპირების პროვოცირებით იყო დაინტერესებული, თუმცა იქვე ელჩი ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზეც:
ჯონ ბასი

”შეშფოთებული ვარ ცნობებით იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შემდეგ შესაძლოა იყო ძალის გადამეტება ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რომ სრულყოფილად გამოიძიოს ასეთი ინფორმაციები... და თუკი ცალკეული სამართალდამცველების მოქმედება გამოდიოდა კანონის ჩარჩოდან და თუკი ისინი არღვევდნენ არსებულ სტანდარტებს, რითაც უნდა მიუდგე ძალადობის პროვოცირების მსურველებს, მაშინ ასეთი სამართალდამცველები უნდა დაისაჯონ ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით.”

დარბევის დროს გამოვლენილი დარღვევების შეფასებისგან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავს იკავებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ის ამბობს, რომ სიტუაცია ”რთულია”, რომ ასეთ სიტუაციებს ყოველთვის ახლავს საშინელი შთაბეჭდილებები და რომ ასეთ დროს ადამიანს უარესი შედეგის წარმოდგენა უჭირს:

”როგორც მე მესმის, გარშემო ბევრი ადამიანი წუხს იმის გამო, რაც გუშინ მოხდა და, მართლაც, ეს არ არის ბედნიერების გამომწვევი წყარო... მაგრამ თუკი იფიქრებ, რომ შესაძლოა ბევრად უარესიც მომხდარიყო, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთგვარი გამკლავება მეტად რთულ სიტუაციასთან. ”

ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ საქართველოში ძალადობა აღარ განმეორდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG