Accessibility links

logo-print

ლინკოლნ მიჩელი: "მოსახლეობის ხმა პოლიტიკაში არ ისმის"


ლინკოლნ მიჩელი

ლინკოლნ მიჩელი

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიჩელი, რომელიც სამეცნიერო დონეზე პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას და, მათ შორის, საქართველოს ყურადღებით იკვლევს, საუბრობს ზოგად კურსზე, რომელსაც, მისი აზრით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას და რაც, მისი აზრით, არ არის თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს. ლინკოლნ მიჩელს ამერიკაში რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, მას დათო ჩაგანავა ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ რუსულ ფაქტორზე ქართულ პოლიტიკაში? რუსული ფაქტორი პოლიტიკურ დისკურსში წინა პლანზე გამოდის ხოლმე, როცა ქვეყანაში კრიზისია. ამ საკითხის რაციონალიზაცია ორივე მხარეს ხდება, ”მოღალატეების” დარქმევით და ასე შემდეგ… რას ფიქრობთ ამ ფაქტორის შიდაპოლიტიკაში გამოყენებაზე?

ლინკოლნ მიჩელი: თუ დააკვირდებით რუსულ მედიას, ისინი გულმოდგინეთ აშუქებენ ამ ყველაფერს, როგორც სააკაშვილის მთავრობის დასასრულს. მგონია, ეჭვს არ იწვევს, რის ნახვა სურს აქ რუსეთს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ კონტაქტები რუსეთთან, რაც, უკეთეს შემთხვევაში, შეუსაბამოა, ვითარების არაადეკვატური შეფასებაა; უარეს შემთხვევაში, საქმეში ფულია გარეული, ამ დონეზეა ურთიერთობები, რაც ცუდია. კარგი ამბავია საქართველოსთვის, რომ ეს მცდელობები არაა წარმატებული. ყველაფერ ამის მიუხედავად, არის საქართველოში ამ ფაქტორის ზედმეტად გამოყენების ტენდენცია. კი, რუსეთს სურს, რომ საქართველოს ეს მთავრობა დაეცეს, მაგრამ ამის მშვიდობიანად მოხდენის შესაძლებლობა გაცილებით არარეალურია, ვიდრე ამის ჩვენებას მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი ფაქტორი, რომელზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტს, ქვეყნის სინგაპურიზაციაა. მათ დისკურსში ხშირად ისმის, რომ ქვეყანა დასავლეთისკენ არ იხრება, ჩვენ ვასუსტებთ დემოკრატიას და მივდივართ სინგაპურის გზაზე, სადაც უმთავრესი ფაქტორი ფულია და არა დემოკრატია, როგორც ასეთი.

ლინკოლნ მიჩელი: სინგაპური სუსტი შედარებაა, რადგან სინგაპური ქალაქი-სახელმწიფოა და საქართველო ქვეყანაა, თუმცა, მე მგონი, სიახლე არაა, რომ ეს მთავრობა მიდრეკილია ძლიერი სახელმწიფო აპარატისკენ და ძლიერი ბიზნესგარემოსკენ, რაც, უფრო კონკრეტულად, ნიშნავს ცუდ მდგომარეობას შრომით დაქირავებულთათვის, ეს კი არის წინაღობა დასავლეთთან ურთიერთობაში და არა მარტო ევროპასთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. თუ, მაგალითად, ამერიკის წინა ადმინისტრაცია ხელს უწყობდა საქართველოს ამ მთავრობას უკიდურესი მემარჯვენე ეკონომიკური იდეალების გზით ევლო, ახლანდელი ადმინისტრაცია ამას არ ემხრობა. ამ სიტუაციაში საქართველო თავს უფლებას ვერ მისცემს დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე ამერიკაში და არა მეორეზე. ეს არაა გონივრული საქართველოსთვის.

რადიო თავისუფლება: რატომ ვერ ხედავს მთავრობა მთლიან სურათს? ჩვენ ვხედავთ ამ გადახრას ობამას ადმინისტრაციისგან უფრო მარცხნივ და, ზოგადადაც, მსოფლიო პოლიტიკაში ეს ტენდენცია შეინიშნება… ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობა თითქოს თამაშგარეშეა, სადღაც წარსულში რჩება იმ რიტორიკით და დისკურსით, რომელიც, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ექსტრემალური მემარჯვენე იდეოლოგიისაა.

ლინკოლნ მიჩელი: ამაზე, ალბათ, თვითონ უკეთ უპასუხებენ, თუმცა, ნაწილობრივ, ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ არიან მთავრობაში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ ექსტრემალური ლიბერალიზაციისა და არიან ისინიც, რომლებიც უფრთხილდებიან კარგ ურთიერთობებს კონკრეტულ უკიდურეს მემარჯვენე ანალიტიკურ ცენტრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში; ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგ პაბლისიტის იზიდავენ ამ პოზიციით, მაგალითად, მსოფლიო ბანკისგან ან სხვებისგან, როცა ისინი სხვადასხვა მხარდამჭერ განცხადებას აკეთებენ… თუმცა, მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ ეს მიდგომა ნეგატიურ მხარესაც მოიცავს, თუმცა ამაზე საქართველოს მთავრობა არ ფიქრობს.

რადიო თავისუფლება: როგორი იქნებოდა თქვენი მიდგომა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში ხელისუფლების ადგილას? ან, უფრო სწორად, რას შესთავაზებდით, როგორი პოზიცია იქნებოდა ბალანსში გლობალურ დონეზე მიმდინარე ცვლილებებთან?

ლინკოლნ მიჩელი: დააბრუნონ დემოკრატია საქართველოს შიდაპოლიტიკის ცენტრალურ ადგილას. ამ წუთას პრობლემაა ის, რომ არის გადაწყვეტილების მიმღებთა ერთი ჯგუფი და ისინი ატარებენ ეკონომიკურ პოლიტიკას, ხალხისგან რაიმე მონაწილეობის ან პასუხისმგებლობის გარეშე, და მეორე მხარეს არის ხალხი, რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, არ არის, ზოგადად, ულტრალიბერალურად განწყობილი. ხალხი, ისევე როგორც ევროპის დიდ ნაწილში, უფრო სოციალ-დემოკრატია. ასე რომ, უკეთესი დემოკრატიული სტრუქტურა რომ გქონდეთ, ეს ხალხი რომ მონაწილეობდეს პოლიტიკის ფორმირებაში, მიიღებდით შედეგს, რომელიც გამოხატავდა იმას, რაც ქართველ ხალხს უნდა. ამ გზით თქვენ არ იქნებოდით ასეთი გაუცხოების მდგომარეობაში დანარჩენ ევროპასთან. და ასევე არ გექნებოდათ ასეთი გაუცხოებული ურთიერთობა ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციასთან, რომელიც ადამიანების შრომითი უფლებების დაცვისკენაა მიდრეკილი.

რადიო თავისუფლება: თუმცა ხელისუფლება სულ უფრო ძლიერი ხდება კრიზისების დაძლევაში და, მიუხედავად სხვადასხვა შეფასებისა - ობამას ადმინისტრაციისა თუ ევროპის - ხელისუფლება ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ის მოგებულია არჩევნებიდან არჩევნებამდე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ხალხი უფრო პროშრომითი უფლებებისკენაა მიდრეკილი, ვიდრე ულტრალიბერალიზმისკენ, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

ლინკოლნ მიჩელი: ის მოგებულია ყოველთვის იმიტომ, რომ არ არის საკმარისი სივრცე შეჯიბრისთვის. რეალური პოლიტიკური პროცესი ვიწრო ჯგუფის კონტროლქვეშაა და არ არის საკმარისი დებატები ამ თემებზე. არ არის იდეათა შეჯიბრება. კი, ისინი იგებენ არჩევნებს, თუმცა ეს ჩემთვის არ არის დემოკრატიის ტრიუმფის დემონსტრაცია…

რადიო თავისუფლება: რაღაცნაირად ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივია. ანუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, ხალხის და, მეორე მხრივ, იმ მცირე ჯგუფის სურვილი, რომელიც, ხალხისგან განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ძალაუფლებას ინარჩუნებს… როგორ ფიქრობთ, ხალხში არასაკმარისი ძალაა იმისათვის, რომ რეალური ცვლილებები მოახდინოს?

ლინკოლნ მიჩელი: მაგას ჯერ კიდევ ვნახავთ... ამ ეტაპისთვის საქართველოს მთავრობა, იმ საგარეო დახმარების წყალობით, რომელსაც ის იღებს, ახერხებს მისცეს ხალხს საკმარისი იმისათვის, რომ ის მასშტაბურ დონეზე არ სძულდეთ; მეორე მხრივ, ახერხებს იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეჭვი მაქვს, რომ ეს, შესაძლოა, კიდევ რაღაც ხანი არც შეიცვალოს; ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება მსგავსი საუბარი სამი წლის შემდეგაც.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?

ლინკოლნ მიჩელი: ვფიქრობ, საქართველოში, სავარაუდოდ, ბევრი არაფერი შეიცვლება. მგონია, რომ ეს მთავრობა საკმარისად ფესვგადგმულია. ისინი თუ ძალიან პოპულარულები არ არიან, უკიდურესად არაპოპულარულებიც არ არიან. ისინი აკონტროლებენ პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც სხვებისთვის შეზღუდულია, პოლიტიკური თავისუფლება შეზღუდულია, რაც ძალიან ართულებს სერიოზული ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერებას - იმას, რომ ოპოზიციურმა მოძრაობებმა მოიზიდონ ფული, მიმართონ ამომრჩეველს, გამოიყენონ მედია… და ეს ყველაფერი გარანტიას აძლევს ამ ხელისუფლებას დარჩეს ძალაუფლებაში კიდევ რაღაც პერიოდი.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ეს ისაა, რაც დასავლურ ქვეყნებს უნდათ? რატომ ხდება ასე?

ლინკოლნ მიჩელი: როცა თქვენ დასავლურ ქვეყნებზე საუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ არის ბევრი დასავლური ქვეყანა, რომელთაც განსხვავებული მიზნები აქვთ და არიან ისეთებიც, ვისაც დიდად არც ადარდებთ რა მოხდება საქართველოში. საქართველო საკმარისად შორსაა ”რადარიდან” და თუ საქართველო რჩება არადემოკრატიულ, მაგრამ შედარებით სტაბილურ ქვეყნად, რომელიც გზავნის ჯარებს ავღანეთში - ეს ბევრ ევროპულ ქვეყანას ხელს აძლევს. სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს, უძლურნი არიან რამე გააკეთონ. ამერიკის შეერთებული შტატები უძლური არ არის, მაგრამ ლეგიტიმურად შეიძლება იფიქროს, რომ ეს არც უღირს. ამერიკის შეერთებული შტატები ხომ ასეთ შემთხვევაში მძიმედ ჩაერეოდა მცდელობაში შეეცვალა პრეზიდენტი, რომელიც იდეაში პროამერიკელია და რომელიც მხარს უჭერს ამერიკის საგარეო ინტერესებს, ამიტომ აქ არასტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არახელსაყრელია. ეს არ არის მისი მთავარი პრიორიტეტი.

რადიო თავისუფლება: განსაკუთრებით რუსეთთან გადატვირთვის პირობებში…

ლინკოლნ მიჩელი: ზუსტად… ამიტომ ადვილია ყველასთვის საქართველო თავის ნებაზე მიუშვას, საქართველოს ხელისუფლება კი საკმარისად ჭკვიანია, რომ ამით ისარგებლოს.

რადიო თავისუფლება: როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს?

ლინკოლნ მიჩელი: ძნელი სათქმელია. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკან დაბრუნდნენ და აიძულონ ხელისუფლება მეტი დემოკრატიისკენ გადაიხაროს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ - არა იმან, რომელიც ქუჩაში გადის - უნდა ბევრი იმუშაოს იმისათვის, რომ მომხრეები გაიმრავლოს და ამ გზით აიძულოს საგარეო ძალები ქვეყნის შიგნით სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ. თუმცა მანამ, სანამ დასავლეთი გააგრძელებს ფულის დაბანდებას საქართველოს ხელისუფლებაში და მისგან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს, ბევრი არაფერი შეიცვლება.

რადიო თავისუფლება: რატომ აკეთებს ამას დასავლეთი, სტაბილურობისთვის?

ლინკოლნ მიჩელი: დიახ, სტაბილურობისთვის… ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჯარები ჰყავს ავღანეთში. ამიტომ არ უღირს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ბრძოლაში ჩაებას. იმდენი რამ ხდება მსოფლიოში, რომ ამერიკის მძიმე ჩარევა საქართველოში ცვლილების მოსახდენად ნაკლებად სავარაუდოა.

რადიო თავისუფლება: წინა ინტერვიუში თქვენ მეუბნებოდით, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმ კურსით სვლას, რომლითაც მიდის, საქართველო შესაძლოა დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ”რადარიდან ჩამოვარდეს”. ფიქრობთ, რომ სწორედ ესაა, რაც ახლა ხდება?

ლინკოლნ მიჩელი: დიდწილად - კი. საქართველო, იმის მაგივრად, რომ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, დასავლეთისთვის დღეს უკვე არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ჯარები ავღანეთში. ეს ამერიკას ხელს აძლევს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამას, თუ არ ვცდები, პატრონისა და კლიენტის ურთიერთობა დაარქვით.

ლინკოლნ მიჩელი: დიახ, პატრონისა და კლიენტის ურთიერთობა.

რადიო თავისუფლება: მეორე მხრივ, გვაქვს ეს რუსული ფაქტორი… გვყავს ეს ოპოზიცია, რომლის რიტორიკაც მოსახლეობაში არ არის პოპულარული და, იმავდროულად, გვყავს ძლიერი ხელისუფლება… იქნებ ესაა, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს? ძლიერი მმართველობა…

ლინკოლნ მიჩელი: არ ვიცი, რა უნდა საქართველოს, თუმცა ესაა ის, რაც გვაქვს. თან, არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქამდე ჰქონოდა რეალური შანსი საკუთარი ხმა დაეფიქსირებინა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG