Accessibility links

რუსეთში ყალბი დოკუმენტის -„სიონის უხუცესთა ოქმების“ - აკრძალვას ცდილობენ


საზოგადოებრივი პალატის მდივანი ევგენი ველიხოვი

საზოგადოებრივი პალატის მდივანი ევგენი ველიხოვი

„სიონის უხუცესთა ოქმებად“ წოდებული დოკუმენტი მე-19 საუკუნეში შეიქმნა და დღემდე არაერთ ენაზე ითარგმნა. ის, ფაქტობრივად, ანტისემიტური ბუნების პამფლეტია. უკვე დიდი ხანია, დადგინდა, რომ ის ყალბია, მაგრამ ეს სიყალბე ანტისემიტებსა და შეთქმულების თეორიათა მოყვარულებს შორის პოპულარული რჩება.
მე ვთვლი, რომ ეს ბინძური სიყალბეა და ის არსად არ უნდა გაიყიდოს, მათ შორის, არც რუსეთში, რადგან ის ანტისემიტიზმს, ანუ რასიზმს, აღვივებს...

ოქმები ვითომდა ადასტურებს ებრაელთა სურვილს, იბატონონ მთელ მსოფლიოზე. ეს არის, რომ რუსეთის საზოგადოებრივ პალატას, ერთგვარ შუამავალს მთავრობასა და საზოგადოებას შორის, აფიქრებინებს ამ დოკუმენტის აკრძალვის აუცილებლობას. პალატამ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას მოუწოდა აკრძალოს ეს, ებრაელთა მსოფლიო შეთქმულების ვითომდა დამადასტურებელი, კრებული. საზოგადოებრივი პალატის მდივანმა, ევგენი ველიხოვმა, გენერალურ პროკურორს მისწერა, „ოქმები“ კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს, ექსტრემიზმის შესახებ კანონის ძალით, სანამ ამ დოკუმენტის მეშვეობით მშვიდობის ხელყოფა მოხდებაო.

ველიხოვის თანახმად, ეს დოკუმენტი რეალურ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და რუსეთის ერებს შორის ჰარმონიასა და ინტეგრაციას. ველიხოვის აზრი ემყარება ორი მეცნიერის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორი წევრის - იური პივოვაროვისა და ვალერი ტიშკოვის - კვლევას. პივოვაროვი პირდაპირ აცხადებს, რომ ოქმები რასისტული ხასიათისაა:
"სიონის უხუცესთა ოქმები"

„მე ვთვლი, რომ ეს ბინძური სიყალბეა და ის არსად არ უნდა გაიყიდოს, მათ შორის, არც რუსეთში, რადგან ის ანტისემიტიზმს, ანუ რასიზმს, აღვივებს. ეს ხომ ცხადია.“

პამფლეტი გაყალბებული ტექსტების კრებულია, რომელიც სულ, დაახლოებით, 80 გვერდს მოიცავს. ის 24 ნაწილად იყოფა და ვითომ ებრაელი მმართველების სხდომათა ოქმი, მათი ნალაპარაკევის ჩანაწერია. იმ სატირული ტექსტის ავტორად, რომელსაც „საუბრები ჯოჯოხეთში მაკიაველისა და მონტესკიეს შორის" ჰქვია და რომელიც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წყაროა ოქმებისა, მორის ჟოლი ითვლება. ჟოლის ნაშრომს დაემატა სხვა წიგნები და შეიქმნა ეს „ოქმები“, რომელიც, როგორც ითქვა, სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, მათ შორის, რუსულადაც. რუსული ვერსიის ავტორად ითვლება მეფის დროინდელი რუსეთის უშიშროების სამსახური, „ოხრანკა“. „ოქმები“ არა მხოლოდ პოპულარული იყო, მან ნაცისტურ გერმანიის სკოლებშიც კი შეაღწია. ფიქრობენ, რომ ადოლფ ჰიტლერმა ამ „ოქმების“ ერთი ფრაზა - „ყველაფერი, რაც იუდეველი ხალხისთვის სასარგებლოა, მორალური და წმინდაა“ - გადააგერმანულა და შექმნა ნაცისტური ლოზუნგი: „სწორია ის, რაც სასარგებლოა გერმანელი ხალხისთვის“.
ეს ანტისემიტიზმის კლასიკაა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოებმა რაციონალურად უნდა იმოქმედონ. ჩვენთან ხომ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავენ გარკვეული ტიპის პროპაგანდას...

რუსეთის პროკურატურამ მარტში „ვერ მიაგნო“ „ოქმებში“ ინფორმაციას, რომელიც სხვა ეთნიკური, სოციალური თუ რელიგიური ჯგუფისა და პირის საწინააღმდეგო ქმედებისკენ უბიძგებდა ვინმეს. რუსეთის უფლებადამცავი ჯგუფის მოწოდების მიუხედავად, პროკურატურამ არ ისურვა შეეტანა წიგნი „ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში“. პროკურატურა თავის ქმედებას ასაბუთებს იმით, რომ, ფსიქოლოგიური და სოციოფსიქოლოგიური კვლევის საფუძველზე, პამფლეტი შეფასდა როგორც სახელმძღვანელო ნაშრომი, ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით. საზოგადოებრივი პალატის წერილი უპასუხოდ დარჩა.

18 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პალატა პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს და ამცნობს, ველით თქვენგან პასუხს ნებისმიერი ფორმითო. რასისტულ ქმედებათა მეთვალყურეობის ცენტრის, „სოვას“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვერხოვსკი, ამ დოკუმენტს ანტისემიტიზმის კლასიკას უწოდებს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ამბობს, მაინც არ უნდა აიკრძალოსო. მას ნიმუშად მოჰყავს ანტიექსტრემისტული კანონი, რომელსაც კრემლი პოლიტიკურად უკმაყოფილოთა წინააღმდეგ იყენებს. ყველა ქმედებას, რომელსაც მთავრობა არ ემხრობა, შესაძლებელია ამ კანონის ძალით ექსტრემიზმად გაფორმდეს, რის მაგალითიც არაერთია რუსეთში. ვერხოვსკის თქმით, რუსეთში ექსტრემისტულად შეფასებულია 870 დოკუმენტი, მაგრამ კანონი ზედმეტად ზოგადია იმისათვის, რომ ის პრაქტიკაში გატარდეს. ვერხოვსკივე განმარტავს, რომ წიგნის აკრძალვა, ანუ შეფასება ექსტრემისტულად, საჭიროებს სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტული გამოცემის თაობაზე:
იურიდიული მექანიზმები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მათი განხორციელება შეიძლებოდეს. წიგნის აკრძალვის იდეა უაზრობაა, ის მაინც არ შესრულდება..

„ეს წიგნი ახლა რომც აკრძალონ, მისი კვლავ გამოცემა შეიძლება. ეს იქნება ახალი გამოცემა, რომელსაც არ შეეხება ძველი აკრძალვა და მას კვლავაც გაყიდიან. ანუ ეს არ იმუშავებს, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა.“

ვერხოვსკი ამბობს, რომ საჭიროა სხვა რამ, კერძოდ, ის, რომ აიკრძალოს გარკვეული ტიპის პროპაგანდა:

„ეს ანტისემიტიზმის კლასიკაა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოებმა რაციონალურად უნდა იმოქმედონ. ჩვენთან ხომ არსებობს კანონები, რომლებიც კრძალავენ გარკვეული ტიპის პროპაგანდას. ეს კანონები მოქმედებენ დაახლოებით ასევე მთელ ევროპაში. იურიდიული მექანიზმები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მათი განხორციელება შეიძლებოდეს. წიგნის აკრძალვის იდეა უაზრობაა, ის მაინც არ შესრულდება.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG