Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 მაისი, 2011


დღეს ქართული გაზეთების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება 26 მაისს ღამით საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები - როგორც ამ მოვლენების ქრონოლოგია, ისე ანალიზი. ”განწირული აქცია” - სტატიაში, რომელსაც გაზეთი”ვერსია” აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მეოცე 26 მაისის დილას რუსთაველის გამზირზე, ”ბარიკადების” სხვადასხვა მხარეს მდგარ ადამიანებში არავის გახსენებია მერაბ კოსტავა, რომელიც სწორედ 26 მაისს დაიბადა და რომლის წინასწარმეტყველება ათეული წელია სიტყვასიტყვით გვიცხადდება:

” თუ არ გავერთიანდებით, განგება ისეთ განსაცდელს მოგვივლენს, ერთმანეთს ვეძებდეთ ხელის ცეცებით.”

ამავე გაზეთში, პუბლიკაციაში ”ხალხი ხაფანგში”, აქციის დაშლისწინა მიტინგისა და სპეცნაზის მოვლენათა ეპიცენტრში შესვლის დეტალებია აღწერილი:” პანიკა არ იგრძნობა, თუმცა ყველა ლიდერი თავს ვალდებულად თვლის, ხალხი გაამხნევოს. ყველა ამტკიცებს, მიშა დარბევას ვერ გაბედავსო. არადა, უმჯობესი იყო ეთქვათ, დაგვარბიონ, მაგრამ გავუძლოთ და მერე სხვა ადგილას შევიკრიბოთო.”

”პოლიციამ ხომ გააფრთხილა ესენი, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, მათ წინააღმდეგ ძალა იქნებოდა გამოყენებული. ამ ადამიანებმა თავად გააკეთეს არჩევანი”, ამბობს ”რეზონანსთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. მისთვის დასმულ შეკითხვათა შორის არის შეკითხვაც იმის შესახებ, რატომ დააწვინა სპეცნაზმა ასფალტზე ხელებშეკრული დაკავებული ადამიანები. შოთა უტიაშვილის განმარტებით, ამ ქმედებით სპეცნაზს კანონი არ დაურღვევია და დასავლეთის ბევრი პოლიციაც მიმართავს ამ მეთოდს:

”როდესაც ბევრი ადამიანის დაკავება გიწევს, ჯობს, ხელი შეუკრა, იატაკზე დააწვინო და მერე გაიყვანო, ვიდრე, ვთქვათ, სხვა მეთოდები გამოიყენო.”

ინტერვიუში დაისვა შეკითხვაც, რატომ მიეცათ ნინო ბურჯანაძესა და მის თანმხლებ პირებს რუსთაველის გამზირის კომფორტულად, ესკორტის თანხლებით დატოვების უფლება და, მით უფრო, რატომ არ მოხდა ამ მანქანების დაკავება მაშინ, როდესაც ისინი ხალხს შეეჯახნენ. კითხვაზე შოთა უტიაშვილის პასუხია, რომ სპეცნაზი შეუიარაღებელი იყო და შიშველი ხელებითა და რეზინის ტყვიებით მანქანებს ვერ გააჩერებდა.

”სად არის ირაკლი ბათიაშვილი?” - კითხულობს ასევე გაზეთი ”რეზონანსი” და აღნიშნავს, რომ 26 მაისის ღამის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 44 ადამიანი ითვლება. გაზეთის ინფორმაციის წყაროა მედია-კავშირი ”ობიექტივი”, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გაუჩინარებული შესაძლოა 44-ზე მეტიც იყოს.

გაზეთ ”ახალი თაობის” ერთ-ერთი რესპონდენტი კი დღეს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძეა. გაზეთთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ დარბევა ხალხს ვერ დააშინებს და პასუხისგება ყველას მოუწევს. ელიზბარ ჯაველიძე პასუხისმგებლობას ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასსაც აკისრებს. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ დარბევა ელჩის განცხადებიდან მალევე მოხდა.

ამავე გაზეთის ფურცლებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას გათვალისწინებული ჰქონდა, რომ 7 ნოემბერი არ განმეორებულიყო, მაგრამ უარესი გამოვიდა. მისი შეფასებით, 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა სადისტურ ანგარიშსწორებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ პოლიციისთვის და წინააღმდეგობას არ უწევდნენ მათ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მამუკა არეშიძის თქმით, მან იცოდა, აქციას რომ დაარბევდნენ და მაინც შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რაც ვიღაცისთვის მოსაწონია, ვიღაცისთვის კი არა.
XS
SM
MD
LG