Accessibility links

logo-print
გამომცემლობა ”დიოგენემ” 23 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო დაჯილდოება გამართა. ექვსკაციანმა ჟიურიმ პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც ფულადი ჯილდო - 500-დან 1500 ლარამდე - გადაეცათ. დაჯილდოებასთან ერთად საუკეთესო თარგმანებისაგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც მოეწყო.

”ალიბი”...

ცნობილი ბერძენი პოეტესა კიკი დიმულა ლექსს კითხულობს. მას მალე 80 წელი უსრულდება. ამ ლექსს ”ალიბი” ჰქვია. კიკი დიმულას ”ალიბის” ახლა თათია მთვარელიძე გადაგვითარგმნის და თავადვე წაგვიკითხავს:

”ყოველთვის, როცა შენს სანახავად მოვდივარ ხოლმე,
შეცვლილი მხოლოდ დროღა მხვდება,
დრო, რომელმაც ჩაიარა ვიზიტებს შორის.
სხვა ყველაფერი ისევეა, როგორც ყოველთვის.
მღვრიე მდინარედ მდის თვალთაგან შენი სახელი,
იმ პაწაწინა ტირეს ნათლია ორ თარიღს რომ აშორიშორებს”...

ვახუშტი კოტეტიშვილი თარგმნიდა როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ენებიდან, ძირითადად კი სპარსულიდან. მან მთელი სპარსული კლასიკური პოეზია ქართულად გვითარგმნა და უზარმაზარი მემკვიდრეობის სახით დაგვიტოვა...
თათიამ კიკი დიმულას ლექსები საბერძნეთში თარგმნა და პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსზე ელექტრონული ფოსტით გამოგზავნა. ის 26 წლისაა და სამეცნიერო საქმიანობას ამ ეტაპზე საბერძნეთში ეწევა, უფრო კონკრეტულად კი, სადოქტორო ნაშრომს ამზადებს. ამბობს, ლექსებს სამი წლიდან ვწერო, თუმცა უკანასკნელი წლებია საკუთარი შემოქმედება თარგმანმა ჩაანაცვლა. კიკი დიმულა მისი საყვარელი პოეტია. თავად კიკი დიმულამ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის, თუმცა ის თათიასგან არც ისე შორს არის: ”იმ ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც მაფინანსებს, რამდენიმე კვირის წინ კიკი დიმულა გახდა. მან არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მის ლექსებს ვთარგმნი, მას არც კი შევხვედრივარ. მაგრამ აუცილებლად ვნახავ. წელს მისი საიუბილეო წელია, 80 წელი უსრულდება და დარწმუნებული ვარ, ერთგვარი სიურპრიზი იქნება მისთვის, როდესაც ამ ამბავს ვეტყვი. მისი პოეტური კრებულის დიდი ნაწილი უკვე ნათარგმნი მაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავ მის დასრულებას და შემდეგ უკვე გამოცემასაც ვაპირებ. თარგმანი არის სწორეს ის, რაშიც ჩემი სიყვარულის გამოვლენას ვახდენ როგორც პოეზიის, ანუ შემოქმედების, ისე მეცნიერების მიმართ. როდესაც თარგმნი, არ კმარა მხოლოდ პოეტური და შემოქმედებითი ნიჭი, ანუ საჭიროა ცოტა მეცნიერული მიდგომაც, რათა სწორი იყოს ეს თარგმანი, აზრობრივად გამართული და ა.შ.”, - ამბობს თათია მთვარელიძე.

მოკლედ, კიკი დიმულას ლექსებმა თათიას პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პირველი პრემია მოუტანა. კონკურსი, რომლის ორგანიზატორიც გამომცემლობა ”დიოგენეა”, წელს უკვე მეორედ ტარდება. მართალია, პოეზიას მშრალი სტატისტიკა არ უხდება, მაგრამ ხანდახან ციფრებიც საინტერესოა. წელს კონკურსში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ასაკის 23-მა მთარგმნელმა მიიღო, მათი ნამუშევრები კი ჟიურის ექვსმა წევრმა შეაფასა. ჩვენ ახლა გამომცემლობა ”დიოგენეს” მთავარი რედაქტორისა და ჟიურის ერთ-ერთი წევრის ანა ჭაბაშვილისგან შეგვიძლია მოვისმინოთ იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლითაც ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო ავტორი - თათია მთვარელიძე, რეზო გეთიაშვილი და ბაჩანა ჩაბრაძე - გამოავლინეს: ”თარგმანი ბევრს რომ ეადვილება, ნამდვილად არ არის ადვილი და, მით უფრო, პოეზიის თარგმანი. აუცილებელია იმ ენის ცოდნა, რომელი ენიდანაც თარგმნი. აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ადეკვატურობა ორიგინალთან, პოეტურობა, ლექსი ლექსს უნდა ჰგავდეს და, რაც მნიშვნელოვანია, მთარგმნელმა ახალი ლექსი არ უნდა დაწეროს, რაც ხშირად ხდება ხოლმე”, - ამბობს ანა ჭაბაშვილი.

გარდა სამი მთავარი პრემიისა, წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებამ სპეციალური პრიზი დააწესა, რომელიც საუკეთესო თარგმანისთვის სპარსულიდან ქართულ ენაზე ნინო თუშიშვილს ერგო. ის წელს სპარსული ენიდან თარგმანში უკონკურენტო კონკურსანტი იყო. მან არჩევანი ირანელ პოეტებზე - ფორუყ ფაროხზადზე, მეჰდი ახავან სალესსა და აჰმად შამლუზე - გააკეთა. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ქართულ ენაზე სპარსული პოეზიისა და ყურანის მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რადიო თავისუფლებასთან აღნიშნული პრიზის მნიშვნელობაზე საუბრობს: ”ვახუშტი კოტეტიშვილი თარგმნიდა როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ენებიდან, ძირითადად კი სპარსულიდან. მან მთელი სპარსული კლასიკური პოეზია ქართულად გვითარგმნა და უზარმაზარი მემკვიდრეობის სახით დაგვიტოვა. ამიტომაც წელს გადაწყდა, რომ ერთი სპეციალური პრიზი ირანის საელჩოს დაეწესებინა. ეს ნამდვილად არ არის ურიგო ინიციატივა, იმიტომ რომ ეს არის, ერთი მხრივ, ვახუშტი კოტეტიშვილის ღვაწლის აღიარება და, მეორე მხრივ, ახალი თაობის წახალისება, რომ ისინი არ არიან მარტონი თავიანთ უმძიმეს ლიტერატურულ შრომაში”, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებასთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც მოეწყო. თეა თოფურია, რომელიც თვითონაც წერს ლექსებს, იმ ერთ-ერთი საუკეთესო თარგმანის ავტორია, რომელიც კრებულში დაიბეჭდა. თეამ ჯეი რაბინის ლექსი, სახელად ”ონკოლოგია”, ინგლისური ენიდან თარგმნა. ავტორის შესახებ მან არაფერი იცის - ის ერთ-ერთ უცხოურ ლიტერატურულ გამოცემაში აღმოაჩინა. რატომ შეაჩერა მან არჩევანი სრულიად უცნობ ავტორზე? - ამ კითხვაზე თეა ასე გვპასუხობს:

- ის ავტორები, რომლებიც მოღვაწეობდნენ 30-50 წლის წინ, ჩვენთვის ასე თუ ისე ცნობილია, თარგმნილია, მაგრამ დღეს რას წერენ, მაგალითად, ჩემი ასაკის ადამიანები, ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მე, უბრალოდ, მქონდა ერთ-ერთი მორიგი ლიტერატურული გამოცემა, სადაც თანამედროვე პოეტების ლექსები იყო დაბეჭდილი. ამოვარჩიე რამდენიმე, ვთარგმნე, რათა შემექმნა რაღაც შთაბეჭდილება იმაზე, თუ რას წერენ მსოფლიოში ჩემისთანა ადამიანები.

- ვინ არის ამ ლექსის ავტორი, რას წარმოადგენს?
- საქმეც ისაა, რომ მე მის შესახებ არაფერი ვიცი. ჯეი რაბინი აბსოლუტურად უცნობი პოეტია. არ ვიცი, ეს პოეტები შემდეგ შეიძლება ძალიან დაფასებული ავტორები გახდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ჩვენთვის უცნობები არიან.

გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მთარგმნელებს განსაკუთრებული წახალისება და დამატებითი მოტივაცია სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, იგეგმება ერთი საინტერესო იდეის განხორციელებაც: ”ეს არის მასტერკლასების იდეა - ის, რომ გამოცდილმა მთარგმნელებმა ცოცხალი კონტაქტით გადასცენ თავიანთი ცოდნა დამწყებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით ამ იდეის ინიციატორები და მომავალში დამფინანსებლებიც გამოჩნდებიან”, - ამბობს თამარ ლებანიძე.

მომავალი წლის გაზაფხულზე გამომცემლობა ”დიოგენე” კვლავ დააჯილდოებს საუკეთესო მთარგმნელებს. ასე რომ, წამმზომი ჩართულია, უცხო ენები კი - შეუზღუდავი...
XS
SM
MD
LG