Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი სქესის ადამიანების ქორწინება - დისკუსია გრძელდება


ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას საქართველოში ხან ეგზოტიკად, ხანაც ლამის სამყაროს დასასრულის გამოხატულებად აღიქვამენ. არადა, ჰომოსექსუალებს შორის ქორწინება დღეს უკვე არაერთი ქვეყნის კანონმდებლობითაა დაშვებული. რა არგუმენტები აქვთ ერთი სქესის ადამიანების ქორწინების მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს? ამ თემაზე გაიმართა დისკუსია თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „განსხვავებულის კვლევის ასოციაციის“ ოფისში.

პირველი იმპერატორი იყო ნერონი, რომელმაც იქორწინა თავის მონაზე, მამაკაცზე...


დისკუსიაზე ახალგაზრდა იურისტმა ლევან ასათიანმა ერთი სქესის ადამიანების ქორწინებების ისტორია გაიხსენა - გაიხსენა ძველი საბერძნეთი, რომის იმპერია. ცნობილია, რომ ანტიკურ ხანაში ჰომოსექსუალობის მიმართ ტოლერანტობა აშკარაა, მაგრამ, ლევან ასათიანის თქმით, ბევრმა არ იცის, რომ იმხანად ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაც მიღებული იყო:

„ციცერონი გვიამბობს, რომ ძველ რომში ჩვეულებრივი ამბავი იყო ეს. პირველი იმპერატორი იყო ნერონი, რომელმაც იქორწინა თავის მონაზე, მამაკაცზე. ქორწილი შედგა - ეს არ იყო რაღაც სენსაციური მოვლენა.“

სკეპტიკოსების აზრი, რომ ერთი სქესის ადამიანების ქორწინება მხოლოდ რამდენიმე წყვილს მოუნდებოდა, არ გამართლდა. მაგალითად, ჰოლანდიაში ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში 1000-მდე ასეთი ოჯახი შეიქმნა.

ერთი სქესის ადამიანების ქორწინების მოწინააღმდეგეების არგუმენტი ასეთია: ერთი სქესის ადამიანების ქორწინებას რეპროდუქციული მიზანი ვერ ექნება. მაგრამ ეგრეთ წოდებული ”ლგბტ” აქტივისტები, ანუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, შეგვახსენებენ, რომ ქორწინება არ ნიშნავს მაინცდამაინც ბავშვის გაჩენას. მეორეც, ერთნაირი სქესის მქონე წყვილებშიც შეიძლება უკვე რეპროდუქციული მიზნის მიღწევა, როცა ერთ კვერცხუჯრედში შეჰყავთ ორი სპერმა და, საბოლოოდ, ერთი ნაყოფი გამოდის - ბავშვი ამ შემთხვევაში ორივე მშობელს ეკუთვნის.

ერთი სქესის ადამიანების ქორწინების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის ნორმალურ გარემოში აღზრდას. მაგრამ ”ლგბტ” აქტივისტები შეგვახსენებენ, რომ დღესდღეობით ამერიკაში ათასობით ბავშვია, რომელსაც ზრდიან ლესბოსელები და ჰომოსექსუალები. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„განსხვავებულის კვლევის ასოციაციის“ აქტივისტებმა დისკუსიაზე ისიც თქვეს, რომ დრო იცვლება. ჯერ კიდევ 60 წლის წინ ამერიკაში აფროამერიკელის და თეთრკანიანის ქორწინება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, დღეს კი ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. იურისტი ლევან ასათიანი ამბობს:

„ამბობდნენ, რომ სხვადასხვა რასებს შორის ქორწინება დაუშვებელია და რომ უნდა დავიცვათ ქორწინების სიწმინდე. იმასვე ამბობენ ახლაც: არ გვინდა გეი-ქორწინება, რათა ოჯახის სიწმინდე არ შეილახოს.“

და მაინც, რატომ სჭირდება ლეჯიბიტ თემს სამოქალაქო ქორწინება? ლევან ასათიანმა ამ ადამიანების არგუმენტები გაიხსენა:

განსხვავებით უკრაინის კონსტიტუციისგან, სადაც აღნიშნულია, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. ჩვენი კონსტიტუცია ღიად ტოვებს ამ საკითხს...


სჭირდებათ ბავშვის აყვანისთვის, რადგან თუ არაა ქორწინება რეგისტრირებული, ორი ადამიანი ვერ აიყვანს ბავშვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორი (თუკი ერთმა აიყვანა ბავშვი) ვერ გამოიყვანს, მაგალითად, ბავშვს სკოლიდან.. ასევე, ამერიკაში პარტნიორისთვის აქტუალური მოწმის სტატუსით ჩვენების აკრძალვის გამო სჭირდებათ. მეუღლე არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება არ მისცე ჩვენება და არ ხარ ვალდებული. თუკი ერთი სქესის ადამიანების ქორწინება არ იარსებებს, ადამიანი იძულებული იქნება თავისი პარტნიორის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ასევე, გადასახადების შემცირება - ამერიკაში მნიშვნელოვანი შეღავათებია დაოჯახებულ ადამიანებზე. იმიგრაციის საკითხი - ხშირად ხდება, რომ პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ იმავე ამერიკაში ხშირად მხოლოდ დაქორწინების შემთხვევაში მარტივდება ეგრეთ წოდებული ”გრინ კარტის” მიღების პროცესი.. საავადმყოფოში პარტნიორის მონახულების უფლება - ეს საკითხიც სენსიტიურია შეერთებულ შტატებში. იყო ასეთი შემთხვევა: ორ მეგობარს ხუთი წლის ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთი მოყვა ავარიაში, მაგრამ ექიმებმა რეანიმაციაში შესვლის უფლება მისცეს მხოლოდ მშობლებს, რომლებთანაც კონტაქტი ამ მამაკაცს, მას შემდეგ, რაც აღიარა რომ ჰომოსექსუალია, საერთოდ არ ჰქონია. ეს ადამიანი ისე დაიღუპა, რომ ყველაზე ახლობელმა ვერ ნახა სიკვდილის წინ.

აღარაფერს ვამბობთ მემკვიდრეობის საკითხზე, რომლის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ქორწინების გაფორმების შემდეგ ხდება შესაძლებელი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, ლევან ასათიანის თქმით, არაა დაკონკრეტებული, იქმნება თუ არა ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებით:

„ქორწინებაში არ წერია სქესთან დაკავშირებით, განსხვავებით უკრაინის კონსტიტუციისგან, სადაც აღნიშნულია, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის. ჩვენი კონსტიტუცია ღიად ტოვებს ამ საკითხს.”

ღიად ტოვებს, თუმცა საქართველოში ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაზე ჯერ მხოლოდ დაიწყო ლაპარაკი. ისიც ძალიან ვიწრო წრეში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG