Accessibility links

შიდა ქართლში კოტეჯების პრივატიზაცია მალე დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტებმა დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და კოტეჯების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მათ იურიდიული საკითხები განუმარტეს.

ახალგაზრდა იურისტების რჩევით, კარგი იქნება, თუ კოტეჯებს დევნილები არა ერთ, არამედ იქ მცხოვრებ ყველა პირზე დაარეგისტრირებენ, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა გართულება. გარდა ამისა, პრივატიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დევნილებს კოტეჯების გაყიდვა 5 წლის განმავლობაში არ შეეძლებათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშე.

დევნილმა, რომელიც კოტეჯის გაყიდვას გადაწყვეტს, სამინისტროს უნდა დაუმტკიცოს, რომ თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. გალინა ქელეხსაევა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლიახვის ხეობიდან დევნილად იქცა. სამი წელია იგი კოტეჯში ცხოვრობს. აქამდე რამდენჯერმე სცადა ბიზნესსაქმიანობის დაწყება, მაგრამ იმის გამო, რომ მას კერძო საკუთრება არ გააჩნდა, ბანკიდან სესხი ვერ აიღო. ახლა თავის ხელთ არსებული ქონების შეძენა სიმბოლურ თანხად შეეძლება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, დევნილთა სამართლებრივი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ მეტი იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ.

კოტეჯებისა და ქონების პრივატიზაციის შემდეგ ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა კერძო სექტორში ჩასახლებულ დევნილებად ჩაითვლება. ამიტომ საკუთრების მოვლა-პატრონობა თვითონვე უნდა გასწიონ. სახელმწიფო, მაგალითად, აღარ მოახდენს კოტეჯების აღდგენით სამუშაოებს.

დევნილების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გასული წლის სარემონტო სამუშაოების შემდეგ მრავალი კოტეჯი ხელახლა გასაკეთებელია. ახალგაზრდა იურისტებმა აღნიშნეს, რომ პრივატიზაციის პროცესი ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ქონება საკუთრებაში გადასცეს და ამით ხარჯები დაზოგოს. აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის პროცესი იმ მიწის ფართობებსაც შეეხებათ, რომლებიც ამ დრომდე დევნილებს დროებით სარგებლობაში აქვთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG