Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა


საქართველოს შსს-მ, რომელიც უარყოფს, რომ 26 მაისს დაკავებულ 90-მდე ადამიანს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდება აქვს წარდგენილი, დღეს ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ სამინისტრომ გამოაქვეყნა მასალა, ”თუ როგორ განიხილავდა აქციის ორგანიზატორთა ერთი ნაწილი ძალადობის გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.” შოთა უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ ბრალდებით დაკავებული არავინაა, მაგრამ გამოძიება გრძელდება. მან დღეს გავრცელებულ მასალას უწოდა ”მტკიცებულებათა კიდევ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც ადასტურებს ამგვარი განზრახვის არსებობას.” 4 აპრილს და 19 მაისს ფარულად ჩაწერილი ეს ვიდეომასალა, სამინისტროს განმარტებით, ასახავს სახალხო კრების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილისა და ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის საუბარს ძალის გამოყენების შესახებ. დღესვე სამინისტრომ გაავრცელა საზოგადოებრივ მაუწყებელთან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 22 მაისს დაკავებული, სახალხო კრების წევრის გია უჩავას აღიარებითი ჩვენება, რომელშიც საუბარია ძალადობის გეგმაზე, ხელმძღვანელად კი, ბადრი ბიწაძეა დასახელებული. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის საუბარს ასახავს. ჩანაწერში მოხსენიებულია სამოქალაქო ომი, ეგვიპტის ვარიანტი, რუსეთი და მისი სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი.
XS
SM
MD
LG