Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ


უცხოეთის პრესა ამ კვირაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წერდა. არაერთი გაზეთი იუწყებოდა 26 მაისს, ნაშუაღამევს, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შესახებ.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ ოპოზიციის პროტესტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში ღამით სპეციალური დანიშნულების პოლიციამ ძალის გამოყენებით შეწყვიტა და გაფანტა ათასამდე დემონსტრანტი, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ ის ტრიბუნა, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხუთშაბათს სამხედრო აღლუმი უნდა მიეღო. „ნიუ იორკ ტაიმსი“ თავიდანვე ამცნობს მკითხველს ინციდენტის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამი მანქანისგან შემდგარი კორტეჟი, წერს გაზეთი, როცა ძალადობას გაურბოდა, დაეჯახა ორ ადამიანს და მოკლა ისინი – ერთი მათგანი პოლიციის ოფიცერი იყო, მეორე საპროტესტო აქციის მონაწილე, იუწყება „ნიუ იორკ ტაიმსი“, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მანქანაში იჯდა საქართველოს ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ლიდერი ნინო ბურჯანაძე ან მისი მცველები. ბურჯანაძემ მოგვიანებით უარყო მისი კავშირი მომხდართან. გაზეთს შემდეგ მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ. ის იმასაც წერს, რომ აქციის ორგანიზატორები ჯერჯერობით არ დაუპატიმრებიათ.

სააკაშვილის ნათქვამს ამ აქციასთან რუსეთის კავშირზე გაზეთი ვარაუდს უწოდებს და მკითხველს ამცნობს, ორ მეზობელს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა და მათ შორის კვლავ მძაფრი დაძაბულობააო. „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უარყოფენ რუსეთის რაიმენაირ მონაწილეობას აქციაში. დემონსტრაციები მათ ახლო აღმოსავლეთის სახალხო ამბოხების მიხედვით მოამზადეს და სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი პრეზიდენტს, რომელიც კვლავაც პოპულარულია, ადანაშაულებენ მთელი ძალაუფლების დაპატრონებასა და ოპონენტთა შევიწროებაში. სტატიაში ნახსენებია ირაკლი ოქრუაშვილი, მისი გეგმა და ამ გეგმის გაუქმება და მოთხრობილია 26 მაისის ღამის ამბების დეტალები. დემონსტრანტებმა გადაკეტეს თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის გამზირი, მაგრამ მათთვის, ვინც მიტინგის ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ ნაშუაღამევს ქუჩაში დარჩა, პოლიციის მოქმედება მაინც მოულოდნელი იყო. პოლიციელები შეიჭრნენ შეგროვილ ხალხში, ისროდნენ ცრემლმდენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხალხისკენ მიმართეს წყლის ჭავლი და დააკავეს ისინი, ვინც არ გარბოდა, იუწყებიან თვითმხილველები. ორი ადგილობრივი ჟურნალისტი დასისხლიანდა. არაერთ დემონსტრანტს უთქვამს, რომ მათ პოლიციელები სცემდნენ მაშინაც, როცა ისინი მიწაზე ეყარნენ. გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ხელისუფლება ამბობს, რომ ის აიძულეს ძალა გამოეყენებინა,რადგან საპროტესტო აქციის მონაწილეები აგრესიას ავლენდნენ და არ მიიღეს პოლიციის შეთავაზება, სხვაგან გადასულიყვნენ და გაეთავისუფლებინათ ადგილი დამოუკილებლობის დღის აღსანიშნავად.

საფრანგეთის „ფიგარო“ მოკლე ინფორმაციას აქვეყნებს თბილისში მომხდარის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა განცხადებით, თბილისში ოპოზიციური დემონსტრაციის დაშლის დროს ორი ადამიანი - მათ შორის, ერთი პოლიციელი - დაიღუპა. სამინისტროს თანახმად, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმმა ჯოხებით და ფარებით შეიარაღებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ერთი პოლიციელი დაიღუპა. ამ უკანასკნელს, „ფიგაროს“ თანახმად, ავტომობილი დაეჯახა, რომელშიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იმყოფებოდა და დიდი სიჩქარით მოძრაობდა. გაზეთს მოჰყავს „ფრანსპრესის“ მიერ გავრცელებული ცნობა დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ.

„ფიგაროს“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მეხუთე დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 5 000 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტების ბრალდება სააკაშვილის მიმართ ავტორიტარიზმი იყო და ისინი დაიმუქრნენ, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებაში ხელს შეუშლიდნენ. ღამის აქციაზე, წაიკითხავთ გაზეთში, დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა. მთავრობა აცხადებდა, რომ ღამით დემონსტრაციას აღკვეთდა.

გერმანიაში გამომავალი „ველტი“ ასევე მოკლე - მსგავსი შინაარსის - ცნობას აქვეყნებს 26 მაისის მოვლენების შესახებ და სტატიას ასე ასათაურებს: „საქართველოში სისხლიან პროტესტს ერთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა“. გაზეთი, ზოგად ცნობასთან ერთად, ასახელებს დემონსტრანტთა მიახლოებით რიცხვს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ათეულათასობით მოწინააღმდეგის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარმა რეზინის ხელკეტები, ცრემლმდენი გაზი და წყლისმფრქვევები გამოიყენა. გაზეთი ამ შემთხვევაში საქართველოს მედიას იმოწმებს. „ველტი“ წერს, დამოუკიდებელი მიმომხილველები ლაპარაკობენ პოლიციის შეუსაბამო და სასტიკი მოქმედების შესახებო.

ასევე გერმანული გაზეთი „ცაიტი“ წერს, პოლიცია დაჯავშნული ავტომანქანებით გამოვიდა ნიღბიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ პროტესტი გამწვავდა და ერთი დაიღუპა, არიან დაშავებულებიო. მას მერე, რაც გაზეთში აღწერილია მომხდარის დეტალები, ნათქვამია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს, ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა დემოკრატიის დროშით. თუმცა პროდასავლელ პრეზიდენტს უკვე რამდენიმე წელია ავტორიტარიზმის გამო აკრიტიკებენ. სააკაშვილის მცდელობას, 2008 წელს სეპარატისტული რესპუბლიკები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - შემოეერთებინა, რუსეთის ჯართან მძიმე სამხედრო მარცხი მოჰყვა, ამცნობს მკითხველს გაზეთი „ცაიტი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG