Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა სიას აქვეყნებს


26 მაისს, საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები
26 მაისს, საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები
27 მაისს, საღამოს 9 საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა წინა დღით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შედეგად დაკავებულთა 105-კაციანი სია. სიაში აღმოჩნდნენ ის პირებიც, ვისაც ახლობლები ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში ეძებდნენ. თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ჯერაც რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა გვარებს ვერ ნახავთ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სიაში და ვერც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიებში: „შევაჯერეთ რამდენიმე სია და ახლა ვადარებთ იმ სიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ვაჯერებთ ამ სიებს ერთმანეთთან, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანი დავითვალეთ, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, ანუ ისინი, ფაქტიურად, გამქრალები არიან“, - გვეუბნება თამარ ჩუგოშვილი.

„გადაყვანილები არიან სხვადასხვა რეგიონის იზოლატორებში, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანია დაკავებული და თბილისში არ იყო ამდენი ადგილი. რაც შეეხება გაუჩინარებულებს, ჩვენთვის არავის მოუმართავს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სიის გამოქვეყნებას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის რეკომენდაცია, რომლითაც მან შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. ტუღუშის რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს 26 მაისის მოვლენების დროს დაკავებულ პირთა უფლებების აღდგენა, კერძოდ, დაკავებულ პირებს საშუალება უნდა მიეცეთ, დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და ადვოკატებს, დაკავებულები უნდა უზრუნველყონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. განცხადებაშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს იზოლატორების მონიტორინგს, თუმცა, როგორც 26 მაისის პრაქტიკამ აჩვენა, გამორიცხული არ არის, ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს კვლავ შეუცვალონ ადგილსამყოფელი. „ზემოაღნიშნულის გამო, პატიმრებს ეზღუდებათ დაცვის უფლება, ხოლო მათი ოჯახის წევრები მოკლებული არიან ელემენტარულ შესაძლებლობას, იცოდნენ, სად იმყოფებიან მათი ახლობლები“, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი გვიხსნის დაკავებულთა სხვადასხვა იზოლატორში გადაყვანის მიზეზებს. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ის მოკლედ ეხება ე.წ. „გაუჩინარებულთა“ საკითხსაც: „გადაყვანილები არიან სხვადასხვა რეგიონის იზოლატორებში, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანია დაკავებული და თბილისში არ იყო ამდენი ადგილი. რაც შეეხება გაუჩინარებულებს, ჩვენთვის არავის მოუმართავს. თუ ვინმე მოგვმართავს, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ასე კოლექტიური პასუხის გაცემა რამდენად ღირს, არ ვიცი“, - ამბობს უტიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიაში არ აღმოჩნდა 26 მაისს გაუჩინარებული სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი. 27 მაისს, გვიან ღამით, რადიო „თავისუფლება“ დაუკავშირდა ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილს, ირინას. მისი თქმით, მამამისი და ბიძამისი, თამაზ ფანჩულიძე, დაკავებულები და სასტიკად ნაცემები არიან:

ირინა ბათიაშვილი: ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, აწამებენ და გამოვიდა ინფორმაცია, რომ ირაკლის ლიკვიდაცია უნდათ.

რადიო თავისუფლება: საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

ირინა ბათიაშვილი: გამოვიდა ეს ინფორმაცია, ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ აპირებენ, ირაკლის ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ელჩებს: დაგვეხმარეთ, დაგვიდექით გვერდში, ყველას გთხოვთ! ასევე უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაკარგულები არიან.

მიუხედავად ირინა ბათიაშვილის ამ მტკიცებისა, შსს-ს მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ბათიაშვილი დაკავებული არ არის: „ჩვენ არ დაგვიკავებია ირაკლი ბათიაშვილი, არც დაგვიკითხავს და მის შეახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ“ - ამბობს უტიაშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში.

27 მაისს, დღის 12 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა კიდევ ერთ ოპერატიული მასალა, ამჯერად - ფარული ვიდეოჩანაწერი. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ვიდეოჩანაწერში ასახულია სახალხო კრების ლიდერებისა და მისი ერთ-ერთი ფრთის - „შეფიცულების“ - მზადება საპროტესტო გამოსვლებისათვის. თუ აღნიშნულ მასალას დავეყრდნობით, ჩანაწერის ერთ-ერთი პერსონაჟი ირაკლი ბათიაშვილიც არის.
XS
SM
MD
LG