Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ირაკლი ბათიაშვილს ეძებს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ბათიაშვილის ძებნა დაიწყო. სამინისტროს განცხადებით ამის საფუძველი გახდა ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება. ტარდება ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით. ირაკლი ბათიაშვილს ოჯახის წევრები 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ ეძებენ. იგი არ ირიცხება დაკავებულთა სიაში, ბათიაშვილის პოვნა ვერც საავადმყოფოებში მოხერხდა. ბათიაშვილის ოჯახის წევრები დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და "წითელ ჯვარს" მიმართავენ. დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფლების მოედნის" მეტროსთან ორი ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით, ვიდეომასალა გაავრცელა. "წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან", - ნათქვამია განცხადებაში. არსებული ინფორმაციით კი, გარდაცვლილები არიან ვანის რაიონის მცხოვრები სულიკო ასათიანი და თბილისში მცხოვრები ნიკა კვინტრაძე. ამასთან, ნიკა კვინტრაძის ოჯახის წევრები ტრაგედიის დეტალებზე ვერ საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა გუშინ განაცხადეს, მათ დეტალურად არ იციან გარდაცვალების მიზეზი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. თუმცა, ცნობილია, რომ ნიკა კვინტრაძეს ოჯახის წევრები 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდნენ.
XS
SM
MD
LG