Accessibility links

logo-print
მოდით, რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. ირაკლი ბათიაშვილი. „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით "ბათიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს". სტატიაში ვკითხულობთ ციტატებს როგორც ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ასევე მისი მეუღლის, მაია ფანჩულიძე-ბათიაშვილის, განცხადებებიდან. ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, აქციის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი ჯერ "არამიანცის" საავადმყოფოში მოხვედრილა, იქ მცირე დრო დაუყვია და ამის შემდეგ, მისი ინფორმაციით, ირაკლი ბათიაშვილი გადაუყვანიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში: ”საერთოდ, ყველამ ვიცით, რომ მოდულში ჰყავთ გადაყვანილი.”

ასევე ირაკლი ბათიაშვილის მეუღლის თქმით, დაკავებულია მისი ძმაც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ირაკლი ბათიაშვილთან ერთად იმყოფება: ”სასტიკად ყოფილა ჩემი ძმა ნაცემი. იქაც არიან ნორმალური ადამიანები და გვაქვს ინფორმაცია, რომ ორივე ყოფილა ძალიან ცუდად.”

მე გადავამოწმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი, სადაც 2011 წლის 28 მაისის განცხადებაში, ანუ დღევანდელ განცხადებაში, ვკითხულობთ: ”ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ირაკლი ბათიაშვილის ძებნა. ტარდება ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით.”

რა ბრალდებები წაუყენეს აქციის მონაწილე დაკავებულ ადამიანებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს დღევანდელი პრესა. მაგალითად, „24 საათი“ აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებას:

”სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აქციის დაშლისას დაკავებულ არც ერთ პირს არ წარედგინება. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დაკავებულია პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ხულიგნობისა და სხვა, შედარებით ნაკლები სიმძიმის, დანაშაულისათვის.”

ამავე თემაზე საუბრობს დღევანდელ „რეზონანსში“ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. ჯერ უნდა აღინიშნოს რომ „რეზონანსთან“ ინტერვიუში გელა ნიკოლაიშვილი ჰყვება, რომ 26 მაისის ღამეს იგი გადმოიყვანეს მანქანიდან, რომელიც გაჩერებული ყოფილა პარლამენტის წინ, დაადეს ხელბორკილები და ყვითელი ავტობუსით გადაიყვანეს იზოლატორში. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მასთან ერთად ავტობუსში მსხდარან სისხლჩამომდინარე ადამიანები, რომელთაც, უმრავლეს შემთხვევაში, ტრავმები თავის არეში ჰქონდათ მიყენებული. გელა ნიკოლაიშვილი ჰყვება, რომ სანამ მას საბოლოოდ განათავსებდნენ იზოლატორში, დაკავებული ადამიანები - მათ შორის, ადვოკატიც - ავტობუსებით იზოლატორიდან იზოლატორში დაჰყავდათ, რადგან იზოლატორებში ადგილები არ იყო. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეების განხილვა და სანქციების დაწესება ყოველგვარი ოქმების შედგენის გარეშე ხდებოდა. გელა ნიკოლაიშვილი აქცენტს სვამს იმ გარემოებაზე, რომ, ფარული ჩანაწერების გავრცელების და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე აქცენტების დასმის მიუხედავად, ამ მუხლით არავინ დაკითხულა:

”ყველა შემთხვევაში დაკითხვის ვალდებულება არსებობს და როცა ეს არ ხდება, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და ეს სიცრუეა”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს დღევანდელი „რეზონანსი“ ამერიკელ მედიამკვლევარ ჯეიმს სტრენგოვთან, რომელმაც ქართულ ტელემედია სივრცეზე დაკვირვებისას დაასკვნა, რომ ქართული ნაციონალური არხები, უმრავლეს შემთხვევაში, მთავრობასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან და რომ სამთავრობო ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება შერჩევით ხდება, ანუ მიეწოდება ნაციონალურ არხებს და არა სხვა მედიას.

თავად 26 მაისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ქართული გაზეთები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ”ეს აქციის დაშლა კი არა, ანგარიშსწორება იყო”. - ეს ფრაზა, რომელსაც „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ, ნანა კაკაბაძეს ეკუთვნის. ამგვარივე შეფასებას იძლევა „რეზონანსში“ ფიზიკოსი თენგიზ სანაძე, რომელიც ამბობს, რომ ”ეს სადამსჯელო ოპერაცია იყო”. ზოგადად, გაზეთებში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა პროტესტანტებს გასასვლელი არ დაუტოვეს და აქციას ყველა მხრიდან დაარტყეს, რაც, გაზეთებში განვითარებული აზრით, არა ადამიანებისთვის გზის გახსნას და წესრიგის აღდგენას ისახავდა მიზნად, არამედ ადამიანების დაკავებასა და მოსახლეობის დაშინებას.

გაზეთებში ლაპარაკია აგრეთვე საპროტესტო აქციის ლიდერების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. „რეზონანსი“ ქუჩაში მოქალაქეებს ეკითხება აზრს. აზრი, შეიძლება ითქვას, ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი - იმის გამო, რომ არ ეთანხმება პროტესტანტი ოპოზიციური ლიდერების პოზიციას - ამართლებს აქციის დაშლას, მაგრამ, ამასთანავე, გამოკითხული მოქალაქეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ძალის გამოყენება არაპროპორციული იყო. ზოგიერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში სისხლი იღვრება, დამოუკიდებლობის აღნიშვნა და საზეიმო სიმღერები მოსახლეობაში პროტესტის გრძნობას აძლიერებს.

დაბოლოს, გარდაცვლილი პოლიციელის ზუსტი გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა არ იცის, წერს „რეზონანსი“. ეს საკითხი, სტატიის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რადგან მორგში ორ გარდაცვლილ ადამიანს შორის ოფიციალურად გარდაცვლილად დასახელებული პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის ცხედარი არ არის. ასევე „რეზონანსი“ წერს, რომ პოლიციელი, სახელად ვლადიმერ მასურაშვილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციაში წევს და ის ცოცხალია. „რეზონანსის“ მიხედვით, არსებობს გარდაცვლილი, ოღონდ მისი გვარი არა მასურაშვილი, არამედ მოსულიშვილია. ამ ადამიანის სახელის დადგენას გაზეთი ვერ ახერხებს. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად „რეზონანსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსს შოთა უტიაშვილს უკავშირდება, რომელიც, გაზეთის ინფორმაციით, ამბობს, რომ გვარი ზუსტად არ იცის, თუმცა ერთი პოლიციელი ნამდვილადაა გარდაცვლილი და იგი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.

ასევე „რეზონანსის“ მიხედვით, მეორე გარდაცვლილი მომიტინგე, ნოდარ ცხადაძე, სავარაუდოდ, არა ბურჯანაძის ესკორტმა იმსხვერპლა, არამედ სპეცრაზმის მიერ ცემის შედეგად დაიღუპა.

გაზეთები ცდილობენ დაადგინონ 26 მაისის ღამეს გაუჩინარებული ადამიანების რაოდენობაც…
XS
SM
MD
LG