Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისის მოვლენათა გარემოებები გამოძიებულ უნდა იქნეს


28 მაისის აქციის მონაწილეები
28 მაისის აქციის მონაწილეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე, 27 მაისს, აღმოჩენილ იქნა ორი მამაკაცის გვამები. გამოძიება შეისწავლის ამ პირების შესაძლო კავშირს რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან. დღეს კი, 28 მაისს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვეს, გამოძიებულ იქნეს თბილისში, 26 მაისის ღამით, პოლიციის სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის გარემოებები.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცის გვამების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-სა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ტელეფონით მიაწოდა უცნობმა პირმა. მთავარ პროზექტურაში გვამების იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა გარდაცვლილთა ვინაობა: ერთ-ერთი მათგანი ნიკა კვინტრაძეა, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დაკარგულთა სიაშიც იყო მოხვედრილი, ხოლო მეორე ვანის რაიონის მცხოვრები სულიკო ასათიანია. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან შეხება იყო.
ობიექტური გამოძიების შედეგად დაისაჯოს ყველა პირი, ვინც გასცა 26 მაისს უკანონო ბრძანება და ვინც ჩაიდინა დანაშაული...

ტელეკომპანიებისთვის მიცემულ კომენტარში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექიმმა მალხაზ მიჩიტაშვილმა ჟურნალისტებს ექსპერტიზის შედეგები გააცნო:

”სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოტანილი იქნა ორი ამოუცნობი მამაკაცის გვამი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ... მათი სიკვდილი დადგა დენის დარტყმის შედეგად.”

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ კომენტარებში მთავარ პროზექტურასთან მისული ნიკა კვინტრაძის ახლობლები აცხადებდნენ, რომ მას თავი აქვს გაჩეხილი. სულიკო ასათიანის ვაჟმა, პაატა ასათიანმა, ტელეკომპანია „იმედთან“ კომენტარში მამის დაღუპვას უბედური შემთხვევა უწოდა:

”მოხდა უბედური შემთხვევა და გარდამეცვალა მამა. რა გითხრათ... შესწირა ამ ოპოზიციას თავი. წავიდა 24-ში თბილისში და შემდეგ განვითარებული მოვლენები არ ვიცი.”
28 მაისის აქცია

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სამი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ძეგლთან. აქციის ორგანიზატორებს მაჯაზე შავი ლენტი ჰქონდათ შებმული მწუხარების ნიშნად. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა გააცნო:

”შეიქმნას საგამოძიებო კომისია საზოგადოების მიუკერძოებელი და კომპეტენტური სპეციალისტების მონაწილეობით. ობიექტური გამოძიების შედეგად დაისაჯოს ყველა პირი, ვინც გასცა 26 მაისს უკანონო ბრძანება და ვინც ჩაიდინა დანაშაული.”

აქციის ორგანიზატორები და მონაწილენი, მათივე განცხადებით, ტრაგედიის ადგილისკენ დაიძრნენ, მდუმარე აქციის სახით, და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ. ამ დროისთვის იქ სამი ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოძიების შედეგად სასტიკად საჯაროდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთაც ჩაიდინეს მსგავსი ფაქტები და ეს უნდა მოხდეს საჯარო და არა დახურულ სასამართლოზე...

26 მაისის ღამის მოვლენების გამოძიება დღეს, არასამთავრობოების გარდა, ოპოზიციურ „რვიანში“ შემავალი პარტიების წევრებმაც მოითხოვეს. "ახალი მემარჯვენეები" 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ისინი მიიჩნევენ, რომ კომისია სახალხო დამცველთან უნდა შეიქმნას. ამის შესახებ განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ, გააკეთა:

”სახალხო დამცველთან, რომელიც აბსოლუტურად არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება და ინსტიტუცია, შეიქმნას საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს. კომისიის საქმიანობა უნდა იყოს ღია და საჯარო და ასეთი ფაქტების გამოძიება პირუთვნელად უნდა მოხდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოძიების შედეგად სასტიკად და საჯაროდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთაც ჩაიდინეს მსგავსი ფაქტები და ეს უნდა მოხდეს საჯარო და არა დახურულ სასამართლოზე.”

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, უნდა დადგინდეს, თუ რატომ გადაიზარდა აქციის დაშლა სადამსჯელო ღონისძიებაში:
ირაკლი ალასანია

”ყველამ საერთო ძალისხმევით უნდა მოვითხოვოთ, რომ ჩატარდეს სრულმასშტაბიანი, სრულფასოვანი გამოძიება, თუ რატომ გადაიზარდა მიტინგის დაშლის ღონისძიება სადამსჯელო ოპერაციაში, ვინ გასცა ბრძანება, - ეს იყო მიხეილ სააკაშვილი თუ ეს იყო ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, - რომ ასეთი რამ სხვა დროს აღარ განმეორდეს”, თქვა ალასანიამ.

გუშინ, 27 მაისს, თბილისის საკრებულოში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა. 30 ხმით 9-ის წინააღმდეგ, საკითხი დღის წესრიგში ვერ შევიდა.

27 მაისსვე თბილისში მომხდარის გამოძიების საჭიროებაზე განცხადება გაავრცელა ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „სრულყოფილად“ გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები. კითხვას კი, ადევნებს თუ არა თვალს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს, აშშ-ის საგარეო უწყების პრესმდივნის მოადგილემ, მარკ ტონერმა, დადებითად უპასუხა და საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დღეების მოვლენების დროს ადამიანთა სიკვდილის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა:
ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთავრობას საფუძვლიანად გამოიძიოს ინციდენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული...

"როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი მისწრაფება, ისევე ღირსეულად უნდა იყოს აღქმული, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთავრობას, საფუძვლიანად გამოიძიოს ინციდენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს, ჟურნალისტთან პირად საუბარში კი ამბობს, 26 მაისის ღამით მომხდარის გამოძიება, კონკრეტულმა სპეცრაზმელებმა გადაამეტეს თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას, შეუძლია დაიწყოს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ და შემდეგ გენერალურმა პროკურატურამო. მისივე ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციას მსგავსი ძიება დაწყებული არა აქვს. უტიაშვილი იქვე დასძენს, რომ 26 მაისის ღამით სპეცრაზმელების მიერ აქციის დაშლისას დაღუპული არც ერთი ადამიანის სიკვდილში არც პირდაპირ და არც ირიბად არც ერთი სპეცრაზმელი დამნაშავე არ არის.

რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობდა გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებას. არც პრესსამსახურისა და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ უპასუხებდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG