Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ტენდენციები


უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეული 2011 წლის იანვარ–აპრილში
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეული 2011 წლის იანვარ–აპრილში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ექსპორტი და იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37 პროცენტით გაიზარდა. რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდას და რა ტენდენციები ჩამოყალიბდა ექსპორტ-იმპორტის პროცესში?
გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილი არის 40 პროცენტით, იმპორტი გაზრდილი არის 37 პროცენტით...

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის პირველ ოთხ თვეში 2,5 (ორ-ნახევარ) მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გაცილებით აღემატება გასული წლის პირველი კვარტალის მონაცემებს. ექსპორტ-იმპორტის ზრდის მონაცემებზე უფრო დეტალურად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე საუბრობს:

”გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილი არის 40 პროცენტით, იმპორტი გაზრდილი არის 37 პროცენტით, ასევე 37 პროცენტით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მთლიანად ბრუნვამ, ჯამში, შეადგინა 2 მილიარდ 571 ათასი აშშ დოლარი.”

თუ ზაზა ჭელიძის მიერ დასახელებულ რიცხვებს 2008 წლის პირველ კვარტალს შევადარებთ, - პერიოდს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდებოდა, - აღმოჩნდება, რომ ექსპორტის მოცულობა გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა. მიუხედავად ამისა, კვლავაც დიდი სხვაობაა ექსპორტსა და იმპორტს შორის, რასაც უარყოფით სავაჭრო სალდოს ეძახიან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა სამჯერ და უფრო მეტად აღემატება ქვეყნიდან გარეთ გატანილი პროდუქციის რაოდენობას. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი ამაში პრობლემას ხედავს. ასე ფიქრობს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანიაც:
დავით ნარმანია

”იმპორტი უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ექსპორტი და რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება და მწვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს.”

დავით ნარმანიასგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომისტთა მეორე ნაწილი. ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები, თავისუფალი ბაზრის პირობებში, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენციის შედეგად, ადგილობრივი საექსპორტო წარმოების ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობას ხედავენ.

სწორედ საიმპორტო პროცედურების გამარტივებამ აქცია საქართველოს ექსპორტის ლიდერად მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი. როგორც ცნობილია, საქართველო მსუბუქ ავტომობილებს არ აწარმოებს, თუმცა ბოლო ერთი წელია ეს სფერო უსწრებს, ხოლო 2011 წლის პირველ კვარტალში ორჯერ აღემატება, ფეროშენადნობების საექსპორტო მოცულობას. ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო აზოტოვან სასუქებთან, შავ ლითონებთან, ოქროსა და სპილენძთან ერთად.
ადგილობრივი დილერები იყენებენ, უკვე არა სიტყვით, არამედ საქმით, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას...

ავტომობილების ბიზნესის წარმატებას მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს უკავშირებს:

„ადგილობრივი დილერები, რომლებიც ამას ახერხებენ, იყენებენ, უკვე არა სიტყვით, არამედ საქმით, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ძალიან ეფექტურადაც სარგებლობენ საგადასახადო დაშვებებით და კანონის ფარგლებში ახერხებენ იმას, რომ ავტომობილის მთავარი მწარმოებლები საქართველოს იყენებენ, როგორც რეგიონალურ ჰაბს.”

გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ავტომობილების ანალოგიურად, საქართველო სხვა პროდუქციის განმანაწილებელ რეგიონალურ ცენტრად იქცეს.

საქართველოს სხვა პერსპექტიულ საექსპორტო პროდუქციას ელექტროენერგია წარმოადგენს. ექსპორტად ითვლება, თუმცა საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლებში არ ხვდება ტურისტული მომსახურება. ამას საერთაშორისო სტატისტიკური მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს. ტურიზმით მიღებული სარგებელი საერთო ეკონომიკურ ზრდაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაზე აისახება.

რაც შეეხება იმპორტს, მისი განუხრელი ლიდერია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელიც მთელი იმპორტის 12 პროცენტზე მეტს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, 2011 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწვავის იმპორტი გაიზარდა.
ზაზა ჭელიძე

ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით, განისაზღვრება მთავარი სავაჭრო პარტნიორებიც. მათ შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე საუბრობს:

”პირველ ადგილს ინარჩუნებს თურქეთი. მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიური სავაჭრო ურთიერთობები აღარ გვაქვს რუსეთთან ცნობილი მოვლენებისა და ემბარგოს გამო, თურქეთი ყოველთვის პირველ ადგილზე არის სავაჭრო ბრუნვაში, როგორც ჩვენი პარტნიორი. შემდეგ მოდის უკრაინა, შემდეგ აზერბაიჯანი და ჩინეთი.”

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებიდან დადებითი სალდო აქვს მხოლოდ სომხეთსა და ყაზახეთთან. ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში ქართული პროდუქციის ექსპორტი უფრო დიდია, ვიდრე მათგან განხორციელებული იმპორტი.
XS
SM
MD
LG