Accessibility links

logo-print

აშშ და ბრიტანეთი 26 მაისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ საქართველოს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა საქართველოს გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებების მშვიდობიანად გამოხატვის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, პატივი უნდა სცენ. და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა 27 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას სთხოვეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გაეკეთებინა კომენტარი. ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „სრულყოფილად“ გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. “მე დამამწუხრა იმის გაგონებამ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ჰქონდა ადგილი,“ – აღნიშნა მინისტმა 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. „იმ დროს, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ადგილი სამართლებრივი პროტესტისთვის და დემონსტრაციებისთვის, არ შეიძლება არსებობდეს ადგილი ძალადობისთვის“. „ვიმედოვნებ, რომ ყველა უარს იტყვის ასეთ ქმედებებზე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილად გამოიძიოს ბოლო 24 საათის მანძილზე განვითარებული მოვლენები,“ – განაცხადა ლიდინგტონმა.
XS
SM
MD
LG