Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს


საპარლამენტო კომისიის შექმნა ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სიმართლის დადგენას ხელს შეუწყობს, - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ 26 მაისის აქციის დარბევის გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა მიიღო. "ყველასთვის ცხადია, რომ 26 მაისის არაადამიანური დარბევის გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო, ხოლო მას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. საზოგადოება უნდა იყოს კანონმორჩილი, თუმცა იმ ძალადობას არ უნდა შეეგუოს, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა. ამ დროისთვისაც უცნობია ათეულობით ადამიანის ბედი. გვამებს კი ამ დრომდე პოულობენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე მომიტინგეებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებას, საკვირაო ქადაგებაში გამოეხმაურა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რომელმაც განაცხადა, რომ დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს: „ადამიანები გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად და ხელისუფლება ხშირად მათ ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს მსჯელობა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი საქმე იყოს საქმე უფლისთვის და სასარგებლო ადამიანებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი მოსმენა."
XS
SM
MD
LG