Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მიზანი - შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა”


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ბადრი ბიწაძეს 30 მაისს წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზების ბრალი წაუყენა. პროკურატურამ სასამართლოს ბადრი ბიწაძის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურის ბრალდებას ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ საფუძვლად დაედო „სახალხო კრებასთან“ შექმნილი ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის ხელმძღვანელის გია უჩავას, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ბადრი ბიწაძის სახელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 26 მაისს ყინწვისში დაკავებული შეიარაღებული დაჯგუფების საქმეშიც ფიგურირებს. ამ ჯგუფის - ”ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის” - რამდენიმე წევრის აღიარებითი ჩვენებები და მათი სატელეფონო საუბრების მომცველი აუდიოჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მაისს გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გოგა ბუხრაშვილის განმარტებით, ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა იყო:

”როგორც დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა, მათ ხელმძღვანელობდა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში იმყოფება.“
ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა შემდეგში: ჩვენ უნდა დავხმარებოდით მათ, პირველ რიგში, ხალხის რესურსით, ასევე პროვოცირების მოწყობაში...

დაკავებულთა ბრალეულობის დასადასტურებლად გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, თემურ ხაჩიშვილის გარდა, ჯგუფის რუსეთიდან მართვის საქმეში ასევე ჩართულები იყვნენ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ვალერი გელბახიანი, თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე და ”მსოფლიოს ქართველთა კონგრესის ” თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ხომერიკი. მათ თავის ჩვენებაში ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჯგუფის” ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე ახსენებს. ნიკა გოგუაძე ამბობს, რომ მაისის დასაწყისში სწორედ ამ პირებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა შექმნილიყო მოძრაობა, რომლის ძირითადი ფუნქცია ბურჯანაძე-ბიწაძის საპროტესტო აქციების მხარდაჭერა იქნებოდა:
ჩვენ გვქონდა მითითება, რომ უნდა შევერთებოდით ნინო ბურჯანაძის მიერ დაწყებულ აქციებს და მოგვეხდინა პროვოკაცია, აგვეღო შენობები და დაგვეწვა, რის შემდეგაც საქმეში ერთვებოდა თემურ ხაჩიშვილი...

”ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა შემდეგში: ჩვენ უნდა დავხმარებოდით მათ, პირველ რიგში, ხალხის რესურსით, ასევე პროვოცირების მოწყობაში. კონკრეტულად ეს იქნებოდა პოლიციის მანქანების დაწვა, მაღაზიების დაწვა თუ სხვადასხვა ობიექტების დაწვა. მას შემდეგ, რაც მოხდებოდა პროვოცირება და დაიძაბებოდა სიტუაცია, პროცესებში უნდა ჩართულიყო თემურ ხაჩიშვილის შეიარაღებული დაჯგუფება.”

როგორც ნიკა გოგუაძე აღნიშნავს, პროცესები გეგმის მიხედვით ვერ განვითარდა და სწორედ ეს გახდა შეიარაღებული ჯგუფის ყინწვისის ტყეში ასვლის მიზეზი. განუხორციელებელი გეგმების იმ ნაწილზე, რომელშიც თემურ ხაჩიშვილი უკვე პრაქტიკულად უნდა ჩართულიყო, დაჯგუფების წევრი დავით შუკაკიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩვენებების თანახმად, ამბობს:

”ჩვენ გვქონდა მითითება, რომ უნდა შევერთებოდით ნინო ბურჯანაძის მიერ დაწყებულ აქციებს და მოგვეხდინა პროვოკაცია, აგვეღო შენობები და დაგვეწვა, რის შემდეგაც საქმეში ერთვებოდა თემურ ხაჩიშვილი, თავისი შეიარაღებული რაზმით. ბადრი ბიწაძისა და თემურ ხაჩიშვილის შეთანხმებით, უნდა ჩასულიყვნენ იგოეთში შეფიცულები და შეერთებოდნენ გადმოსულ ხაჩიშვილის შეიარაღებულ რაზმს და წამოსულიყვნენ თბილისში შეიარაღებული ამბოხისთვის.”

ყინწვისის ტყეში დაკავებული 24 პირის წინააღმდეგ საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლითაა აღძრული. ადვოკატი მიხეილ ღოღაძე აცხადებს:

”ეს არის ამბოხება და შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. გუშინწინ, 28 მაისს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს 23 კაცს, 23 ბრალდებულს. ჩემი დასაცავი პირი არ ცნობს თავს დამნაშავედ და განმარტავს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა, იმ გარემოში, რომ სალოცავად იყო ყინწვისის მონასტერში.”

ადვოკატი მიხეილ ღოღაძე დაკავებული კახაბერ თოდაძის ინტერესებს იცავს. იგი ამბობს, რომ არ ეთანხმება აღკვეთის ღონისძიებას - ორთვიან წინასწარ პატიმრობას - და მისი უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლას ითხოვს. კახაბერ თოდაძის აღკვეთის ღონისძიება მან დღეს, 30 მაისს, გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

ყინწვისში დაკავებულებისგან განსხვავებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად მხოლოდ გირაო მოითხოვა ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის შემთხვევაში. მას ბრალი ოფიციალურად 30 მაისს წაუყენეს.
” საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად ცნო ბადრი ბიწაძე წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში. ეს არის დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით“, განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

აქვე შევნიშნავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთით ისჯება. მუხლის ფორმულირებაა: ”წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.”
ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ხელისუფლება იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური გუნდი, ვინაიდან ეს არის გარკვეული გაფრთხილება...

ბადრი ბიწაძე 26 მაისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. პროკურატურამ იგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებულად ცნო პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში, გენერალ გია უჩავას, ხუთი მოწმის ჩვენებების, ვიდეო, აუდიო და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ბადრი ბიწაძეზე, როგორც თემურ ხაჩიშვილის თანამებრძოლზე, უხვადაა ცნობები ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” წარმომადგენლების ჩვენებებშიც. გამოიწვევს თუ არა ეს მისი ბრალის დამძიმებას? - ამ შეკითხვაზე უფლებადამცავი გელა ნიკოლაიშვილი გვპასუხობს, რომ ბრალის დამძიმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა სამართლებრივი:

”ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ხელისუფლება იმოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური გუნდი, ვინაიდან ეს არის გარკვეული გაფრთხილება, რომ თუ თქვენ ისე არ მოიქცევით, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, ან თუ თქვენ განაგრძობთ აქტიურობას, ბადრი ბიწაძე არის მძევალი და ჩვენ მას ან დავუმძიმებთ ბრალს, ან არ დავუმძიმებთ.”

”სახალხო კრების” სპეციალურ განცხადებაში კი, რომელიც ასევე 30 მაისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ბადრი ბიწაძის პოლიტიკური დევნა, მისი დაკავების მიზნით, დაიწყო, რომ ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის გამარჯვებამდე გაგრძელდება და კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდება.
XS
SM
MD
LG