Accessibility links

logo-print
სერგეი ბაგაფშის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მკვეთრად შეცვალა შიდაპოლიტიკური ვითარება აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, რომლის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნები უახლოეს სამ თვეში უნდა გაიმართოს. ადგილობრივი ექსპერტების ვარაუდით, არჩევნები რამდენიმე თანაბარი პოლიტიკური წონის მქონე კანდიდატის მძაფრი კონკურენციის ფონზე ჩაივლის, რის გამოც მაღალია დესტაბილიზაციის ალბათობა. რას შეცვლის სერგეი ბაგაფშის გარდაცვალება როგორც აფხაზეთის შიგნით, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ჭრილში?
ყველას ესმის, რომ სტაბილურობამ დაგვტოვა პრეზიდენტ ბაგაფშთან ერთად...

სერგეი ბაგაფშის გარდაცვალება არსებითად ცვლის ვითარებას როგორც შიდააფხაზურ კონტექსტში, ასევე აფხაზეთ-რუსეთისა და აფხაზეთ- დასავლეთის ურთიერთობებში. პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალების გამო, მომავალს შეშფოთებით უყურებენ თავად თვითაღიარებულ რესპუბლიკაშიც. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციის „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ უმძიმეს დანაკლისს აფხაზეთი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა:
დაძაბულობა არ აწყობთ აფხაზებს, რადგანაც მათ სურთ მსოფლიოს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ მათთან ყველაფერი მიდის დემოკრატიულად და შეეცდებიან ეს დაადასტურონ კიდევ ერთხელ...

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის სიკვდილმა უზარმაზარი პრობლემები შექმნა. ქვეყანა აბსოლუტურად მოუმზადებელია არა მხოლოდ მორალურად, არამედ საერთოდ მოუმზადებელია პოლიტიკური პერეტრუბაციებისათვის. ყველას ესმის, რომ სტაბილურობამ დაგვტოვა პრეზიდენტ ბაგაფშთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები, ყველა უკიდურესი შეშფოთებით უყურებს მომავალს. ახალი არჩევნებით შექმნილმა შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ და ბაგაფშის შემცვლელი რეალური ლიდერის არარსებობამ შესაძლოა მკვეთრი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, ამბობს სოხუმელი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი.

თბილისშიც მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში დაძაბულობის ესკალაციის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ დაძაბულობა პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს არ გასცდება:

„დაძაბულობა არ აწყობთ აფხაზებს, რადგანაც მათ სურთ მსოფლიოს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ მათთან ყველაფერი მიდის დემოკრატიულად და შეეცდებიან ეს დაადასტურონ კიდევ ერთხელ. არ აწყობს არც რუსეთს, იმიტომ რომ სოჭის ოლიმპიადა მოდის. შესაბამისად, მათ არ აწყობთ ისეთი ადამიანის გაპრეზიდენტება, რომელიც დაძაბულობის ელემენტს შეიტანს. ამიტომ აქტიურად და უხეშად არ მგონია ჩაერიონ. პროცესებს, რა თქმა უნდა, მართავენ რუსები, მაგრამ უხეშად არ ჩაერევიან იმ შემთხვევაში თუ ხედავენ რომ მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხის ნება.“

საკადრო ცვლილება არაფერს არ ცვლის. იქ ამინდს ქმნის რუსეთის სპეცსამსახურები და სამხედრო ძალა...
პაატა ზაქარეიშვილი ასახელებს დაახლოებით თანაბარი პოლიტიკური ძალისა და რეიტინგის მქონე ორ პოლიტიკოსს - ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბსა და პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას, რომელთა შორის გამარჯვებულის გამოსავლენად, სავარაუდოდ, მეორე ტურის ჩატარება იქნება საჭირო. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, არც ერთი მათგანი არ ითვლება პრორუსულ პოლიტიკოსად, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ორივე ცდილობს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებას:

„საქართველოს რომ ნდომებოდა აფხაზეთთან კარგი ურთიერთობა, ბაგაფშზე უკეთესი არავინ იყო. ბაგაფში იყო ყველაზე მოქნილი, გონივრული დიპლომატი ყველა იმ კანდიდატებს შორის, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. ჩვენ ბაგაფში გავუშვით ხელიდან და სხვები იქნებიან უფრო ხისტები, სულ ცოტა, მმართველობის პირველ წლებში მაინც, რათა დაუმტკიცონ აფხაზებს, რომ პროაფხაზურები არიან და დაუმტკიცონ რუსებს, რომ რუსებს არ სცილდებიან.“

სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებასა და აფხაზეთში შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებას ნეიტრალური კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართება, საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური ელიტის ცვლილებისგან სასიკეთოს არაფერს მოელის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი:

„ეს კონფლიქტი იმიტომ მოხდა, ვინ არის იქ ლიდერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ არიან ისინი გადაწყვეტილების მიმღებნი და პოლიტიკის განმახორციელებლები. ამიტომ საკადრო ცვლილება არაფერს არ ცვლის. იქ ამინდს ქმნის რუსეთის სპეცსამსახურები და სამხედრო ძალა“, უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სერგეი შამბასა და ალექსანდრ ანქვაბის გარდა, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობისათვის, სავარაუდოდ, ასევე იბრძოლებენ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, ბიზნესმენი ბესლან ბუთბა და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ლეონიდ ძიაპშპა, თუმცა, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ ანქვაბსა და შამბას, რომლებსაც, ზაქარეიშვილის თქმითვე, გალში მცხოვრები ქართველებიც ენდობიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 2007 წელს, საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გალის რაიონი საარჩევნო პროცესის მიღმა დატოვა. ამჟამად არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა გალის რაიონში 4 თასს არ აღემატება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG