Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ესტუმრა შვეიცარიის პრეზიდენტი


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და მიშლინ კალმი-რეი, შვეიცარიის პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და მიშლინ კალმი-რეი, შვეიცარიის პრეზიდენტი
თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი. დღეს მიხეილ სააკაშვილი მიშლინ კალმი-რეის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო; აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.

შვეიცარიის პრეზიდენტის მიშლინ კალმი-რეის ვიზიტის შესახებ საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე:

”გარდა ორმხრივი საკითხებისა, რომლებშიც შედის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები - მრავალი პროექტი გვაქვს, რომლებსაც მათთან ერთად განვიხილავთ, ასევე შვეიცარიას თავის თავზე აღებული აქვს ძალიან დიდი როლი. ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის მედიაცია. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სწორედ ის, თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს მედიაციის დატვირთვა და აქტიურ ფაზაში გადავიყვანოთ ეს თანამშრომლობა”.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.
XS
SM
MD
LG