Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ


 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, 2009 წლის 29 ივლისი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, 2009 წლის 29 ივლისი
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაცენტრ „ირის“ ხელმძღვანელობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საერთაშორისო ორგანიზაციების როლი სამხრეთ ოსეთის პრობლემების კონტექსტში“.

დისკუსიაში დე ფაქტო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციები ანგაჟირებულები და მიკერძოებულები არიან სამხრეთ ოსეთის მიმართ. განსაკუთრებით გააკრიტიკეს ეუთო. ეს ორგანიზაცია 1992 წლიდან 2008 წლამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო მიკერძოებულ, პროქართულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ცხინვალიდან გააძევა.

დისკუსიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გარეშე დე ფაქტო რესპუბლიკისთვის საერთაშორისო დონეზე ტრიბუნის მოპოვება შეუძლებელია, მაგრამ ამ ორგანიზაციებს წინასწარვე ადანაშაულებენ მიკერძოებულობაში.

მედიაცენტრის ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ტენდენციურები არიან და წინასწარ იციან, რა მიმართულებით იმუშაონ, რაც სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია.

ამჟამად ცხინვალში მხოლოდ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია - „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი - მუშაობს. ეს ორგანიზაცია ძირითადად ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიმართულებით საქმიანობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკაში მაინც არაერთგვაროვანი განწყობაა „წითელი ჯვრის“ მიმართ.

როგორც ცნობილია, აგვისტოს ომის შემდეგ კოკოითის ხელისუფლებამ, აფხაზეთისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საზღვრები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც ჩაკეტა და მათ თბილისის გავლით ცხინვალში ჩასვლა აუკრძალა. ომის შემდეგ კი მოსკოვის გავლით ცხინვალში არც ერთი ორგანიზაცია არ ჩასულა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამით თვითიზოლაცია მოახდინა და დაზარალდა კიდეც. მისი აზრით, ამ პროცესით კმაყოფილი მხოლოდ რუსეთი უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლებამ კი უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუტოვოს არჩევანი, საიდან შევიდნენ ცხინვალში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დაეშვა, მაგრამ მესამე წელია შეთანხმების ეს მუხლი არ სრულდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან მხოლოდ დურბინდებით აკვირდებიან.
XS
SM
MD
LG