Accessibility links

logo-print

”რვიანი” საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვს


თბილისში, 26 მაისს განვითარებული მოვლენების ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე იყო საუბარი ”ოპოზიციური რვიანისა” და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრისას. ”რვიანის” პარტიები საპარლამენტო და საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიების შექმნას მოითხოვენ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელია სიმართლის დადგენა და საერთაშორისო თანამეგობრობა გამოძიებას მხარს უჭერს. ოპოზიციური რვიანის წარმომადგენლებმა უცხოელ დიპლომატებს წარუდგინეს საპროტესტო აქციის ძალით დაშლის ამსახველი ვიდეო- და ფოტომასალა. ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, წარდგენილ მასალას შორისაა ფოტო, რომელიც ადასტურებს, რომ აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ერთ-ერთი შენობის სახურავზე აღმოჩენილი ნიკა კვანტრიძე არა ელექტროსადენთან შეხების გამო გარდაიცვალა, არამედ მოკლულია დაკავების შემდეგ. დავითაშვილის განმარტებით, ფოტოზე ჩანს, რომ სპეცრაზმელთა მიერ დაკავებული ნიკა კვანტრიძე ხელებშეკრული მიწაზე წევს და ცოცხალია. ხალხის პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკვე მოკლული კვანტრიძის ცხედარი გადაიტანეს ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე. ”ოპოზიციური რვიანის” წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრნენ 26 მაისის შემდეგ დაკარგული ადამიანების მოძიების, დაშავებულებისა და დაკავებულების სამედიცინო და სამართლებრივი დახმარების აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG