Accessibility links

logo-print
22 მაისი, კვირა
დილით ადრე უნდა წავიდე თბილისში, ორშაბათს შეხვედრა მაქვს დანიშნული დამკვეთთან. 8 საათზე სასტუმროს დერეფანში გია მხვდება - ჯუმბერს გაურთულდა ხელიო, რა ვქნათო?

წავედით საავადმყოფოში.

ჯუმბერი სუსტადაა, მთელი ღამე არ უძინია, ხელი გაუსივდა და მაგრა სტკივა. საავადმყოფოში პატარა კონსილიუმი გაიმართა. გვითხრეს, აუცილებლად უნდა დავაძინოთ და გავჭრათო. გარდა ამისა, 15-20 დღე ვერ იმუშავებსო. „ვერ იმუშავებსო“-ზე ჯუმბერი გამოფხიზლდა და გააპროტესტა. ჩვენ დაძინება-გაჭრის პროცედურამ დაგვაფიქრა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ჯუმბერის თბილისში წამოყვანა - იმ იმედით, რომ არც დააძინებენ, არც გაჭრიან და თხუთმეტდღიან „სროკსაც“ შეუმცირებენ.

მოკლედ, წამოვედით თბილისში.

ცოტა მერიდება, რადგანაც საკმაოდ მძიმე და მოსაბეზრებელი თანამგზავრი ვარ: ან მთელი გზა ჩუმადა ვარ, ან ოპერა მაქვს ჩართული მთელ ხმაზე. გია მეუბნება, შენ რა გიჭირს, ბენუარის ლოჟით დადიხარ თბილისსა და ბათუმს შორისო. მართლა ასეა და ძალიანაც მომწონს - გზაც, უსიტყვოდ ყოფნაც, ოპერაც და ბენუარის ლოჟაც!

საბედნიეროდ, ჯუმბერს მთელი გზა ეძინა, ძალიან დაღლილი იყო. ხელში, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის ჩაქუჩის ანატეხი რკინის ნაჭერი შეერჭო. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ სამი დღის მერე გაურთულდა და ახლა თბილისში მივდივართ.




ჯუმბერი ერთ-ერთია იმ ექვსი მოქანდაკიდან, რომლებიც მოქანდაკეთა ბათუმის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობენ. უკვე ერთი კვირაა მუშაობენ, უფრო სწორად, იბრძვიან. საოცარი სანახავია: ბულვარის პირას, ზღვის ფონზე დალაგებულ მარმარილოს ლოდებს როგორ ებრძვის ექვსი დევივით კაცი, რათა ამ უშველებელი, 12-ტონიანი ქვებისგან ოც დღეში რაღაცა შექმნან. ძალიან მაგარია! თითქოს ქვებიც და ადამიანებიც არაფრით არ განსხვავდებიან სხვა ქვებისგან და სხვა ადამიანებისგან, მაგრამ როცა პირისპირ დგებიან და ერთმანეთს თავიანთ კაცურ უპირატესობებს უმტკიცებენ, მაშინ თითქოს მთელი გარემო იძაბება და ელოდება დასასრულს. ციკლოპების შერკინება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმური თქეში ამშვიდებდა სიტუაციას, დასაწყისში ალბათ ასეც იყო საჭირო.

ჩამოვედით, ჯუმბერი დავტოვე. ტკივილი ცოტა შეუმსუბუქდა და ოპტიმისტურადაც განეწყო, სამ დღეში დავბრუნდებიო. წამოვედი სახლში, სადაც ჩემი ცხოვრების ქაბატო, ერთი თვის ანა და ჩემი მეუღლის ცხოვრების მამაკაცები, წლინახევრის ანდრია და ხუთი წლის ნიკო მეგულებიან.

გვიან გავიგე, რომ რკინის ნამსხვრევი ჯუმბერს ხელიდან ამოუღეს და ყველაფერი ნორმალურადაა.

23 მაისი, ორშაბათი
დილიდან სტუდიაში ვარ. ათი დღეა, არ ვყოფილვარ, ამიტომ კითხვები დამაყარეს: მივლინებით ჩამოხვედიო? – როდის მიდიხარო? – რაღას ჩამოდიოდიო? – ამას რა ჰქვია, მივლინება თუ მოვლინებაო?.. მოკლედ, გაიგულავეს.

კითხვები და თემები მრავალნაირი და ბევრია, თავიდან გგონია, რომ მთელი დღე არ გეყოფა, მერე ყველაფერი ლაგდება და თავის ადგილზე დგება. მთავარი დამკვეთთან და ქვისმთლელებთან შეხვედრაა. ისევ ქვა, ოღონდ ეს სხვა ქვებია, შედარებით ადამიანური ზომის და დამუშავების ნაცნობი მეთოდებით. ეს, ასე თუ ისე, ვიცი. მშენებლობისას, განსაკუთრებით ქვის და ხის სამუშაოებზე, თუ კარგი ხელოსანი შეგხვდა, დიდი ბედნიერებაა. გარდა კომფორტული ურთიერთობისა, ბევრ რამეს სწავლობ. ბოლოს, როცა ყველაფერი სრულდება, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს თითოეული ქვა შენი დადებულია.

დამკვეთი ცალკე სალაპარაკო თემაა. არ ვიცი, მე შევიცვალე, უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ზღვარი „ხუინიასა“ და „ვეჩნოსტს“ შორის უფრო მკაფიო ხდება, თუ ყველა დამკვეთი ერთბაშად გამოსწორების გზას დაადგა... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დამკვეთთან ეს ურთიერთობებიც საინტერესო ხდება. ალბათ, მოსმენა ვისწავლე. მახსოვს, სტუდენტობისას, ალვარ აალტოს მოგონებები წავიკითხე, სადაც თითოეული ობიექტის მშენებლობას აღწერს და უმეტეს შემთხვევაში ამბობს, დამკვეთთან მუშაობა ძალიან საინტერესო და (ობიექტისთვის) სასარგებლო იყოო. მაშინ ძალიან გამიკვირდა და დამამახსოვრდა. ახლა აღარ მიკვირს. საინტერესოა, რა ასაკის იყო, ამას რომ წერდა?

ამას წინათ ჩავავლე ჩემს თავს: თუ ნიკო, ანდრია ან ანა სახლში არიან, ყველაფერი იქითკენ მიმყავს, რომ დროზე მოვითავო საქმეები და მათთან წავიდე. სხვანაირი მიზიდულობის ძალა აქვთ.
ანა ჯერ არაამქვეყნიურია;

ანდრია ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი ესმის;

ნიკო უკვე ხასიათს ავლენს, თანაც ხან ზოროა, ხან ათოსი და დარტანიანი ერთად...

ეს ჩვენი ოჯახის ძალისხმევის შედეგია, რომ ბეტმენებს და მონსტრებს ავცდეთ. თუმცა, მგონი, სამი გოჭი მაინც აუცილებელი ეტაპია ბავშვის განათლებაში, რაღაც წყნარი და ხალხურ სიბრძნეზე დაფუძნებული.

24 მაისი, სამშაბათი
წავედით ისევ ბათუმში. ისევ 380 კილომეტრი, ისევ სიმუნჯე, ოპერა და ბენუარის ლოჟა. მივეჩვიე ამ გზას. თავიდან მბეზრდებოდა, ვიღლებოდი და ამის გამო უაზროდ ჩქარა დავდიოდი, მერე სხვადასხვა ადგილების შემჩნევა დავიწყე, ახლა ლამის ხეებიც კი ვიცი გზაზე. გურიაში, ჭყონაგორასა და შუხუთს შორის, ერთი სასაცილოდ გაკრეჭილი კვიპაროსი იდგა. მერე პატრონმა (ეტყობა, რელიგიური გრძნობების მოზღვავების ფონზე) ხე უშნოდ გაკრიჭა და ჯვარი მიაკრა; ცოტა ხანში ის ჯვარი მოირყა, ან იქნებ პატრონი დამშვიდდა - მოკლედ, ჯვარი აღარ არის და დარჩა გაკრეჭილ-გასაცოდავებული ხე.

კიდევ სიახლეები გზაზე, ზესტაფონში ცივილური ყავის წერტები გაჩნდა. სუფთად გაკეთებული ფასადი, „ლავაცას“ აბრა, მოკოხტავებულ-მოპომადებული იმერელი გოგო... მართალია, ცოტა სიღრმეში რომ შედის, ფლოსტებში წაყოფილი შალის წინდებიანი ფეხები უჩანს, მაგრამ დახლთან ლამის ევროპაა! ბენზინგასამართებზე წარწერებია: დიზელი, პრემიუმი, პრემიუმ-ავანგარდი, სუპერი, ვ.ც. ასე, ტაატით შევდივართ ევროპაში.

25 მაისი, ოთხშაბათი
დილა, 6 საათი. არასოდეს არსად ამ დროს არ მეღვიძება. ბულვარში უკვე ხალხია. ცოტა ხანს ფოტოებს ვალაგებდი. კარგად ჩანს პროცესი, ტიპები. ჩემი საუცბათო ფოტოებია, რეპორტაჟისთვის. გია აკადემიურად იღებს, დაკვირვებით, და კარგი ფოტოებიც გამოსდის.
წავედი ოფისში. ძველ ქალაქშია, მაზნიაშვილის ქუჩაზე. ამ ქუჩებს ძალიან მოუხდა მოკირწყვლა - თითქოს დავარცხნესო.

შუადღე. დამირეკა ჯუმბერმა (სხვა ჯუმბერმა) - ბულვარზე ხომ არ გამოისეირნებო? ველოსიპედი უყიდია და მაგრა მოსწონს. შევხვდით ბულვარზე. მომიყვა ველოსიპედის ყიდვის პერიპეტიები: როგორ აირჩია, რატომ მაინცადამაინც ეს და ა.შ. ველოსიპედის გამძლეობაზე და ვარგისიანობის ვადაზე წუხდა.

- Я не собираюсь вечно жить! - უპასუხა ოსტაპ ბენდერმა ვიღაც ტიპს, რომელიც მისთვის „ვეჩნი პრიმუსის“ შეტენვას ცდილობდა.

- რა ბედნიერებაა, რომ ეს ჩვენ რუსულად გვაქვს წაკითხული და, თანაც, მარტო გონებით კი არა, მთელი ჩვენი ცხოვრებით და გამოცდილებით ვიგებთ.

- მართალია. ჩვენი შვილები არ ვიცი, მაგრამ შვილიშვილები რომ აღარ წაიკითხავენ, ან თუ წაიკითხავენ, ჩვენსავით რომ ვერ გაიგებენ, ეს ვიცი.

ძალიან კარგია ბათუმის ბულვარი! ძველიც, ახალიც. ვიღაცა ამბობდა, რა უნდა ბათუმში პალმასო? რატომ რა უნდა, ძალიანაც კარგია! პალმებიც კარგია, ახლა აზალეებიც ყვავის, ბალახიც კი გაკრეჭილია! ეტყობა მოვლა. უამრავი ხალხია, ძირითადად ბათუმელები.

ველოსიპედებით წავედით ბოლოსკენ, თანაც ერთმანეთს თავგამოდებით ვუმტკიცებთ ბულვარის ღირსებებს. სასაცილოა, მაგრამ ორივეს გვიხარია. რა გვიხარია, არ ვიცი: ის, რომ გარშემო ამდენი ხალხი „გულაობს“? ის, რომ საოცარი სილამაზეა? ის, რომ მეოთხე კლასის მერე არც ერთს ველოსიპედი არ გვყოლია და ლამის ორმოცდაშვიდი წლის მერე ვიყიდეთ? ამისთვის ვაშენეთ ბევრმილიონიანი სახლები? ძალიან ცოტა უნდა კაცს - ბულვარი და ველოსიპედი. რამე რო იყოს, უველოსიპედოდაც შეიძლება...
წავედით უკან, ცენტრისკენ. ჯუმბერმა გადაუხვია თავისი აუზისკენ, ხვალ გახსნა აქვს დანიშნული. მე „ინტურისტისკენ“ წავედი, ერთ ბათუმელს უნდა შევხვდე. გაეცინება კაცს და ისიც ჯუმბერია! არაფერს ვიგონებ, უბრალოდ, არ მინდა სახელების შეცვლა და ასე გამოვიდა. ისე კი ერთკვირიანი დღიურისთვის სამი ჯუმბერი მეტისმეტია!

26 მაისი, ხუთშაბათი
ბათუმში ზღვის პირას არასოდეს მიცხოვრია. როცა ჩამოვდივარ, რომელიმე პატარა სასტუმროში ვჩერდები, ძველ ბათუმში ან ჩვენს ბინაზე, მაზნიაშვილის ქუჩაზე. აქეთ, ზღვის პირას, პირველადა ვარ. თითქოს სხვა ქალაქია, სხვა ხედებია, სხვა სივრცეა, სხვა რიტმი. მე ალბათ ის, ძველი ქალაქი უფრო მომწონს. აქ დილის 6 საათიდან ველოსიპედებით დადიან და დაძუნძულებენ, იქ ასევე დილიდან „ზევაკობენ“ და ნარდს თამაშობენ. აქ ღრმად სუნთქავენ, იქ - ფუსფუსებენ.

მოკლედ, თუ არჩევანი ჩემზეა, მე ქალაქში ცხოვრება და ბულვარში სეირნობა მირჩევნია.

27 მაისი, პარასკევი
ბულვარზე გავედი. ამწე იყო მოყვანილი და ქვებს აბრუნებდა. რთული პროცესია, ფაქიზი სამუშაო. „კრანავშჩიკები“ ვერ ხვდებიან, არც მანქანები უვარგათ და არც თვითონ ვარგიან. მოედანზე დაძაბული სიტუაციაა, ბიჭები ღელავენ. ერთი არასწორი ნაბიჯი და მთელი შრომა წყალში იყრება. ჩვენი ტექნიკური მენეჯერი დარბის ხელების ქნევით და გინებით: ხან ჰაერში ჩამოკიდებულ ქვას ატრიალებს, ხან მუშები გამოყავს ათტონიანი ქვების ქვეშიდან. საბოლოოდ ქვაც რბილად ეშვება, მოქანდაკეებიც მშვიდდებიან და მსხვერპლიც არ არის. ასეთი ოპერაცია კიდევ რამდენიმეჯერ უნდა ჩავატაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვები მჩატდება, გადატრიალება რთულდება და მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.
ამწე წავიდა. ახლა დასვენებაც შეიძლება. ძირითადად რაღაცებს ჰყვებიან, ერთმანეთს აბოლებენ, ძველ შეხვედრებს იხსენებენ. ალესიო რანალდი მონახავს რაიმე სიბრტყეს და გაიშხლართება ხოლმე. ვალერი და მიგელ ისლა გაუთავებელ ისტორიებს ჰყვებიან ენერგიული ჟესტიკულაციით, ჯუმბერი, როლანდ მაიერი და ჯონი უსმენენ.

ოთახში განათება შეიცვალა. ისე მივეჩვიე ბათუმში ამინდის დღეში რამდენიმეჯერ შეცვლას, რომ თავიდან ყურადღება არ მივაქციე. ძაან რო დაბნელდა, შუქის ასანთებად ავდექი და ფანჯარაში გავიხედე, მზე ჩადიოდა. მართლა ძალიან მაგარია ეს ბულვარი!
საოცარი ქალაქია ბათუმი! ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა, უბრალოდ, გაიზარდა, გამრავალფეროვნდა. ვიღაცა ტიპისაგან 1906 წელს გამოცემული წიგნი ვიყიდე ბათუმზე. ბათუმის რუსეთთან შეერთების 25-ე წლისთავს ეძღვნება. ერთ-ერთ თავში, სადაც აღწერილია მე-19 საუკუნის მიწურულის ბათუმი, ავტორი გაკვირვებით აღნიშნავს, ქალაქში სულ რამდენიმე ნორმალური სახლია და ფასები საცხოვრებელზე პეტერბურგისას უტოლდებაო. დღესაც ასეა, მეც გაკვირვებული ვარ აქაური ფასებით. ეტყობა, არაფერი იცვლება.

ვფიქრობ, ქალაქი ნებისმიერ სისულელეს და უნიჭობას იტანს, დროთა განმავლობაში გადაამუშავებს და დააბალანსებს. ქალაქები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებიან. ჩვენ ჩვენი საზომით ვუდგებით. გასაგებიცაა – ახლავე გვინდა, ვნახოთ შედეგი. ქალაქი სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ისევ „ხუინია და ვეჩნოსტის“ თემაა. ქალაქი „ვეჩნოსტია“, ჩვენ - არ ვიცი...

შაბათი, 28 მაისი
სიცხე მაქვს, ალბათ 39. და მიუხედავად ამისა, ვჯდები საჭესთან და გავდივარ 380 კილომეტრს, რომ ჩავიდე თბილისში, მივიდე რადიო თავისუფლებაში და ჩემი შედევრალური ოპუსი საჯაროდ წავიკითხო. ეტყობა, ეს ჩვენი ეროვნული სენი ამ სიბერეში მეც შემეყარა – გამოქლიავება. მთელი ცხოვრება არც წერა ვიცოდი, არც კითხვა, რა საჯაროობა ამიტყდა ამისთანა?!

ქლიავი ქართული ხილია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG