Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია „გაუჩინარებულ პირთა“ 50-კაციან სიას ავრცელებს, შსს დაკარგულად არავის განიხილავს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ გაუჩინარებულად ითვლებიან. სია 50 ადამიანს მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აცხადებს, რომ მას დაკარგულების შესახებ განცხადება არ მიუღია და შესაბამისად „არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს“. საიას ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „აღნიშნული სია შევადგინეთ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მომართვის საფუძველზე, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით“, - წერს ორგანიზაცია და დასძენს - „სია შედარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დაკავებულთა სიებთან, შესაბამისად ამ სიაში მოხვედრილი პირები არ იმყოფებიან პატიმრობაში.“ ამასთან, საია არ გამორიცხავს, რომ სიაში შესაძლოა უზუსტობები იყოს - მაგალითად, მითითებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ ორგანიზაციას ამის თაობაზე ინფორმაცია არა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე განთავსებული განცხადების თანახმად კი, მოწოდების მიუხედავად, დღემდე სამინისტროს სახელზე არც ერთი განცხადება არ შესულა დაკარგულების თაობაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG