Accessibility links

logo-print
საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ჯერჯერობით კვლავაც უშედეგოდ განაგრძობს საკმაო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. საუბარია კომისიაზე, რომელმაც, 26 მაისის დარბევასთან ერთად, ინიციატორების თქმით, 2007 წლის მოვლენებიც უნდა გამოიძიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით 31 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც ილაპარაკეს, სადაც მწვავე დებატებში ჩაერთნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ჩვენ გვაქვს საშუალება ისეთი პოლიტიკური მანევრის, რომ კენჭისყრაზე მაინც დავაყენებთ ამ საკითხს...
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც ”2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის, ტელეკომპანია "იმედის" და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის და ძალის გადამეტების ფაქტები” უნდა შეისწავლოს, დეპუტატები ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე ითხოვენ და ეს საკითხი მათ სამშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც გაახმაურეს. მაგრამ რადგანაც საკმაო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება ვერ მოხერხდა და ვერც სხვა გზები გამოინახა, ხსენებულ საკითხს 31 მაისის პარლამენტის სხდომაზე სერიოზული განხილვა არ მოჰყოლია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხოლოდ 6 დეპუტატი უჭერს მხარს და ესენი არიან: ჯონდი ბაღათურია, პეტრე მამრაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამაზ დიასამიძე და კარლო კოპალიანი.

ასეთი სურათის მიუხედავად, იმედს არ კარგავს ერთ-ერთი ინიციატორი, ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ის ჯერ ისევ მოელის ხელმომწერთა რიცხვის ზრდას. აქვე ვთქვათ, რომ პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომიტეტს, ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს.
მაგრამ თუკი საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ შეგროვდება, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ჯონდი ბაღათურიამ, მაშინ ალტერნატიული გეგმა ამოქმედდება:

”ჩვენ გვაქვს საშუალება ისეთი პოლიტიკური მანევრის, რომ კენჭისყრაზე მაინც დავაყენებთ ამ საკითხს... ამის მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ხელს შემიშლიან, თუ მიხვდნენ რისი გაკეთება შემიძლია...”

ხელისუფლება, რომელიც ადამიანურ სახეს კარგავს, ყალიბდება სასტიკ მონსტრად, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიგითი ადამიანების სიცოცხლეს...
ასეთი იმედიანი განწყობის მიუხედავად, ჯონდი ბაღათურიამ 31 მაისს პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ეს იყო ერთგვარი სოლიდარობა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მისამართით, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე ასევე პროტესტის ნიშნად გავიდა სხდომათა დარბაზიდან.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დარბაზის დატოვების წინ თქვა, რომ მას შეურაცხმყოფელად მიაჩნია, როდესაც პარლამენტის სხდომაზე არ არის ერთიანობა, რომელსაც ”მწუხარება და სინანული” უნდა იწვევდეს და რომ უმრავლესობა არ იზიარებს პასუხისმგებლობას სისასტიკეზე, რომელიც 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე გამოვლინდა:

”ხელისუფლება, რომელიც ადამიანურ სახეს კარგავს, ყალიბდება სასტიკ მონსტრად, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიგითი ადამიანების სიცოცხლეს, არამედ თავისუფალი, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფოს იდეას.“

ქრისტიან-დემოკრატებმა არ დაუჭირეს მხარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას და, როგორც გიორგი თარგამაძემ ოდნავ მოგვიანებით განმარტა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ”პარლამენტის დღევანელი შემადგენლობის პირობებში ეს იდეა წინასწარ არის განწირული მარცხისთვის” და რომც შეიქმნას ასეთი კომისია, მას ვერ წარმოუდგენია დაზარალებულების დაკითხვა უმრავლესობის იმ წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებიც ”ხალხის ცემას ამართლებენ”.

მაშინ როცა ”თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ემხრობიან, ქრისტიან-დემოკრატები, ოპოზიციური „8-იანის“ კიდევ ერთი პარტიის, ”ახალი მემარჯვენეების” მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით მოქმედი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნას უჭერენ მხარს. ეს იდეა 30 მაისს ოპოზიციური „8-იანისა“ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრაზეც გახმაურდა. თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მოპოვებული მასალების დამუშავებით არიან დაკავებული და მომავალ კვირამდე არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ - მათ შორის, არც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ ხაზგასმით თქვა: „ჩაო რევოლუციას, ჩაო ნინას“... ეს არის და ეს...
რაც შეეხება დღევანდელ დებატებს, ემოციურები იყვნენ თავიანთ გამოსვლაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. არაერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ”რუსული კვალის” არსებობა ხელისუფლებამ დიქტატურის გასაძლიერებლად არ უნდა გამოიყენოს და რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია სასტიკი ”სადამსჯელო ღონისძიებები” საკუთარი ხალხის მისამართით. მაგალითად, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ეს არის ხალხის საფუძვლიან პროტესტთან ბრმა დაპირისპირება ”რუსულ იდეასთან” ბრძოლის ეგიდით:

”ეროვნული იდეა გადაჰყვა რუსულ იდეას... რომელი თქვენგანი დამწამებთ მე რუსული იდეის განხორციელებას და ლობირებას? ვერც ერთი... მაგრამ არ მაქვს მე უფლება, ჩემი, ქართული იდეისთვის თუნდაც ქუჩაში გამოვიდე და თუნდაც ჯოხი ავიღო ხელში?... ”

საპარლამენტო უმრავლესობა კი, რომელიც მხარს არ უჭერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, აცხადებს, რომ დაისჯება ”მოკვლევის” შედეგად გამოვლენილი ყველა დამნაშავე; თუმცა, მთლიანობაში, აბსოლუტურად ამართლებს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. 31 მაისის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლები ერთხმად ლაპარაკობდნენ რუსულ სცენარსა და კვალზე. ითქვა, რომ საქართველო გადაურჩა სისხლისღვრას და რუსეთის ძალების შემოჭრას საქართველოში, რადგანაც საქართველოს სახელმწიფომ დროულად აღკვეთა მოვლენათა აშკარა რუსული სცენარით განვითარება. იყო შედარებები ფილიპე მახარაძესა და სერგო ორჯონიკიძესთან. მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა თქვა, რომ ბოლო აქციების ლიდერებს, მათდა სამწუხაროდ, არ მიეცათ საშუალება პატაკი ჩაებარებინათ მოსკოვისთვის, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს.

”ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ ხაზგასმით თქვა: „ჩაო რევოლუციას, ჩაო ნინას“... ეს არის და ეს. მათი რევოლუციური პათოსი დასრულდა საქართველოში”, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. ხოლო ასევე უმრავლესობის წარმომადგენლის, გოკა გაბაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს არა ”მშვიდობიანი დემონსტრანტების”, არამედ „იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულები სხვადასხვა ნივთებით... და ჰქონდათ პრორუსული რევოლუციური გეგმა“.

მსგავსი შინაარსის განცხადებები, რომლებსაც ტაში ახლდა, 31 მაისს უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან მრავლად ისმოდა პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG