Accessibility links

პარლამენტმა თავისუფლების ქარტია მიიღო


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტმა მესამე მოსმენით უყარა კენჭი ფრაქცია ”ძლიერი
საქართველოს” თავმჯდომარის გია თორთლაძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს - თავისუფლების ქარტიას. 81 ხმა, არც ერთი წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ, მათ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე დარბაზი სხვა მიზეზით დატოვეს, თუმცა კენჭისყრამდე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ამ კანონპროქტისთვის ხმის მიცემას მაინც არ გეგმავდნენ. თავისუფლების ქარტია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ეს არის ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ე.წ. "ლუსტრაციის კანონი" (სუკ-ისა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა გარკვეული წრისთვის თანამდებობრივი შეზღუდვები) და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. თავისუფლების ქარტიის მიმართ შენიშვნები არასამთავრობოებსაც აქვთ.

თავისუფლების ქარტიის პირველ მუხლში, სადაც კანონის მიზნებზეა საუბარი, ვკითხულობთ: „ამ კანონის მიზანია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, პრევენციული ღონისძიებების გატარება საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ; აგრეთვე საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების და ა.შ., ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის სხვა მატარებელი საშუალებების აღკვეთა...“ - ეს გახლავ არასრული ცოტატა თავისუფლების ქარტიიდან.

თავად კანონის ინიციატორი დეპუტატი გია თორთლაძე გვეუბნება, რომ კანონის მიზანი ქვეყნის დეკომუნიზმიზაციაა:

” მიზანი არის ქვეყნის დეკომუნიზმიზაცია და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება. კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის ძალიან მაღალჩინოსნებს უწესდებათ თანამდებობრივი შეზღუდვები, აგენტებს უწესდებათ კონკრეტულ თანამდებობებზე შეზღუდვები. რაც შეეხება სიმბოლიკას, ისიც იდეოლოგიის ნაწილი იყო, ის ჰაერში კი არ იყო და როგორც ზოგიერთი ამბობს, შრომის იარაღი იყოო... ისინი უნდა მოიხსნას, თუ ხელოვნების ნიმუში არ არის. თუ ხელოვნების ნიმუშია, გადავიტანთ სხვაგან.”

ქვეყნის დეკომუნიზმიზაცია კი საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში შემჩნეული თანამდებობის პირების ლუსტრაციით უნდა დაიწყოს. ლუსტრირებულთა სიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ უცხოეთის სპეცსამსახურებთან ფარულ კავშირში იყვნენ შემჩნეული. ყველა ასეთ პირს სამუშაო ეზღუდება დანიშვნით თანამდებობაზე. რაც შეეხება არჩევით თანამდებობას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შსს-სგან მიწოდებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველს ამ პირის წარსული უნდა გააცნოს. კომისია, რომელიც პირთა ლუსტრაციას მოახდენს, სწორედ შსს-ში იქმნება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ფიქრობს, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, კომისიაში საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებიც უნდა მოხვდნენ. თავად თავისუფლების ქარტია კი, თათული თოდუას აზრით, უნდა დაიხვეწოს, რადგან ზოგიერთი პუნქტი არაკონსტიტუციურია. კერძოდ, ეს შეეხება არჩევითობას. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა პირს აქვს უფლება კენჭი იყაროს. ამასთან, თათული თოდუა თანამდებობრივ შეზღუდვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე ადამიანის უფლებების შელახვად აფასებს.

”თანამდებობრივი შეზღუდვა დგინდება მთელი სიცოცხლის მანძილზე იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან, ასევე იყვნენ სხვადასხვა თანამდებობებზე და ამ თანამდებობათა ჩამონათვალი ძალიან გრძელია. უცხოური კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ თანამდებობრივი შეზღუდვა მოცემულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე კი არ დაუწესდეთ, არამედ გარკვეული დროით, მაგალითად, 10 წლით. ასეთია, მაგალითად, ევროსაბჭოს რეკომენდაციაც ”,- აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

კანონს მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ქრისტიან-დემოკრატებმაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, კანონის ზოგიერთ პუნქტს მკვდრადშობილს უწოდებს:

” არის ნორმები, რომლებიც მკვდრადშობილია. არ გვაქს დოკუმენტაცია, რომ დავადგინოთ, ესა თუ ის პირი იყო თუ არა სპეცსამსახურის თანამშრომელი, მაგალითად, ისეთი ოდიოზური სპეცსამსახურის, როგორიც იყო გე-რე-უ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქართველოში არც არასოდეს არსებულა. გარდა ამისა, რაც შეეხება სიმბოლიკასთან ბრძოლას, საქართველოში ძალიან ბევრი შენობაა საბჭოთა სიმბოლიკით დატვირთული და მაშინ ეს შენობები მთლიანად უნდა დავანგრიოთ. ამიტომ, კანონის შემქმნელების კეთილი სურვილების მიუხედავად, ძალიან ბევრი პრობლემა რჩება, რომლის გაუთვალისწინებლობაც არასწორი იქნება.“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი ფოქრობს, რომ კანონის მიღებით საქართველო საბჭოთა წარსულს ემშვიდობება და მას უფრო სიმბოლური დატვირთვა ექნება, ვიდრე პრაქტიკული:

”პრაქტიკული იმპლემენტაცია, რა თქმა უნდა, დიდი მასშტაბის ვერ ექნება. ეს იმითაც არის გართულებული, რომ არქივების დიდი ნაწილი გატანილია რუსეთში. ამიტომ უფრო დიდი პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე რაიმე კატაკლიზმებს დაუდებს სათავეს.”

არასამთავრობოების ნაწილი კანონში ასევე ბუნდოვნად მიიჩნევს საბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებულ განმარტებას, რომ ისინი უნდა აღიკვეთოს. მიუხედავად იმისა, რომ, გია თორთლაძის განმარტებით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დაადგენს, სიმბოლიკას აქვს თუ არა ისტორიული მნიშვნელობა და მის შესაბამისად მოეპყრობა მას, არასამთავრობოების ნაწილი მაინც თვლის, რომ კანონი მეტ სიცხადეს საჭიროებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარკ მალენი პარლამენტში სპეციალურად თავისუფლების ქარტიის კენჭისყრის გამო მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში ქარტია გააკრიტიკა:

”მე ვწუხვარ ამ თავისუფლების ქარტიის გამო. მასში რამდენიმე პრობლემაა. პირველი ის, რომ კანონი არ არის სრული. იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან ხელისუფლების პატარა ჯგუფს შეუძლია გაანადგუროს საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოები. ვფიქრობ, ნაციზმი და საბჭოეთი ისტორიული რეალობაა და ისტორიის ასეთი გადახედვა - სიმბოლოების განადგურება - მე საბჭოურად მიმაჩნია და თანაც ადამიანთა მცირე ჯგუფს ანიჭებს კანონი უფლებას ეს გააკეთოს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში უჩვეულოა. მაშფოთებს ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ კანონს განიხილავს როგორც ნიშანს საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა გადაწეროს საქართველოს ისტორია. ისტორია უნდა დარჩეს მოსახლეობასა და ისტორიკოსებს და არა შინაგან საქმეთა მინისტრს ან მთავრობას.”

მიუხედავად იმისა, რომ კანონის დახვეწას აუცილებად მიიჩნევს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი სერგო რატიანი მაინც ფიქრობს, რომ, თეორიული თვალსაზრისით, კანონს დადებითი მხარეც აქვს - ეს არის მოვლენებისათვის საკუთარი სახელების დარქმევის მცდელობა:

” ეს წერტილს დაუსვამს მითებს, რომელსაც ზოგი ასე ჰყვება და ზოგი ისე, ეს იქნება ისტორია შელამაზების გარეშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, რომელშიც ჩვენ მსხვერპლიც ვიყავით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თვითონაც ვიყავით მონაწილე ამ დანაშაულებრივი რეჟიმისა.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG