Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 მაისი, 2011


”რეზონანსი” წერს, რომ ” ‘თავისუფლების მეტროსთან’ მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი დაღუპულის, ნიკა კვინტრაძის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ის შსს-ს თანამშრომლებმა ცემით მოკლეს”, რის საფუძველსაც მათ ინტერნეტში აღმოჩენილი აქციის დარბევის ერთ-ერთი კადრი აძლევს, სადაც გარდაცვლილი ჯერ კიდევ ცოცხალია. ”რეზონანსის” ავტორი წერს: ”როგორც გარდაცვლილის მეზობლები საუბრობენ, ოჯახი ამ თემაზე მათთანაც ერიდება საუბარს. მეზობლების ვარაუდით, ოჯახი საქმეს ხელახალ მსვლელობას არ მისცემს, რადგან ნიკა კვინტრაძის შვილი პატიმარია, რომელსაც დაახლოებით 5 თვეში გამოუშვებენ”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს დეპუტატ გია თორთლაძესთან. ის ამბობს: ”ვინც მხოლოდ პოლიციის ოდნავ გადაცდომაზე ლაპარაკობს, რომ ვიღაცას ჯოხი ოდნავ მეტად მიარტყა და არაფერს ამბობს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავიდან ბოლომდე სწორედ მათ უთანაგრძნობენ და ეს სამარცხვინოა.”

”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ სოსო მანჯავიძესთან: ”ჩვენ აქციის ორგანიზატორებს არაერთხელ შევხვდით და ვურჩიეთ მათ, რომ სხვანაირად ემოქმედათ, რადგან დავინახეთ, რომ 21 მაისის აქცია წავიდა იმ გზით, რა გზითაც წავიდა. მათი პასუხი კი იყო ის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გადამეტებული, არარეალისტური წარმოდგენები პოლიტიკურ პროცესზე. ეს იყო აბსოლუტურად არაადეკვატური წარმოდგენები. ისინი აშკარად ილუზიებში იყვნენ. რაც შეეხება გეგმას, ხომ ჩანს, რომ არანაირი გეგმა არ ჰქონდათ”, - ამბობს მანჯავიძე.

”ბადრი ბიწაძე ბრალდებულია” - ასეთი სათურით სტატიას ”24 საათში” წაიკითხავთ: ”გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ბიწაძემ და მისმა შვილმა ანზორ ბიწაძემ საქართველოს ტერიტორია 26 მაისს დატოვეს. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია ნინო ბურჯანაძემ 27 მაისს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. "ბადრი ბიწაძე გამოჩნდება მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და ისიც დაადასტურა, რომ ანზორ ბიწაძე მამასთან ერთად არის”.

”ალიაში” ვალერი გელბახიანთან ინტერვიუ იბეჭდება. ის ”ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის” ხელმძღვანელის, ნიკა გოგუაძის შესახებ ლაპარაკობს: ”კი, მე შევხვდი მოსკოვში...მე მას ვესაუბრე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან ნიჭიერი და განათლებულია. ამასთანავე, არის მორწმუნე...”. ამავე ინტერვიუში გელბახიანი ამბობს, რომ ”ნინო ბურჯანაძე ყველამ მარტო დატოვა... ის გაწირა თითქმის ყველამ... და სხვათა შორის, ყველამ იცოდა, რომ ის იწირებოდა...”.

”ალიაშივე” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს: ”არ არსებობს არც ერთი ფაქტი და მასალა, სადაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს ვგეგმავთ, ყველა ჩვენი მოქმედება იყო კანონის ფარგლებში მოქცეული.”

”საქართველოს რესპუბლიკა” წერს: ”2007 წელს ხელისუფლებას ამდენი არ გაუბედავს ხალხისთვის, რამდენიც 2011 წლის 26 მაისს, ვითომ დამოუკიდებლობის დღეს... სააკაშვილმა მაშინაც ხმამაღლა განაცხადა, პოლიციის მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულს გამოვიძიებო, მაგრამ ყველაფერი მალევე დავიწყებას მიეცა. რასაკვირველია, ასევე იქნება ამჟამადაც, როცა გამოსაძიებელი მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა აღარც ფიცი გვწამს და აღარც ბოლო გვაკვირვებს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG