Accessibility links

საატესტატო გამოცდებზე სოფელ კარალეთის საჯარო სკოლას ვესტუმრე. შესვლისთანავე თვალში მომხვდა სკოლაში არსებული სისუფთავე. პირველ სართულზე სრული სიწყნარე იყო. თავიდან გავიფიქრე, რომ დავაგვიანე და გამოცდები უკვე დასრულდა. მეორე სართულზე ავედი, სადაც ორი დამკვირვებელი შევნიშნე. იქვე იყო სკოლის დირექტორი არჩილ მიხანაშვილი, რომელმაც კაბინეტში შემიპატიჟა და მთხოვა გამოცდის დასრულებას დავლოდებოდი. კარალეთის საჯარო სკოლის აღდგენა აგვისტოს ომამდე დაიწყო, მაგრამ ომმა მუშაობა შეაფერხა და სარემონტო სამუშაოები მხოლოდ გასულ წელს დასრულდა. ეს სოფელი აგვისტოს ომის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. დრო გადის და მშრომელი კარალეთელები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ფანჯრიდან სკოლის უკანა ეზოში ახლად გაშენებულ ვენახს ვხედავ. მოსწავლეების და პედაგოგების შრომის ნაყოფიაო,– მეუბნება დირექტორი. სკოლაში ერთ–ერთ საგნად უკვე სოფლის მეურნეობის საქმეებსაც ასწავლიან. დავუბრუნდეთ საატესტატო გამოცდებს. ამ გამოცდების წინ მთავარი კითხვა ის იყო, მოასწრებდა თუ არა სოფლის სკოლების ტექნიკურად მომზადებას განათლების სამინისტრო. როგორც არჩილ მიხანაშვილი ამბობს, სპეციალისტები სკოლაში გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდნენ, სპეციალური აპარატურა დაამონტაჟეს და ინტერნეტი ახლა შეუფერხებლად მუშაობს. დირექტორმა არც დამალა, რომ მოსწავლეებზე მეტად პედაგოგები ღელავენ.

საატესტატო გამოცდებს კარალეთის სკოლაში 24 მოსწავლე აბარებს. ყოველი გამოცდის ბოლოს საშუალოდ 8 ქულა იწერება. ხატია ტერტერაშვილი მიღებული ქულებით კმაყოფილია. მისი თქმით, გამოცდების დაწყებამდე იყო შიში იმის გამო, რომ პროგრამა რთული იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გამართლდა.

კარალეთის სკოლაში საატესტატო გამოცდებს თბილისელი დამკვირვებლები ესწრებიან. მათ ბევრი საქმე არც აქვთ, რადგან საგამოცდო პროცესი ვიდეოფირზე ფიქსირდება. დარღვევები ჯერ არ გამოვლენილა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დამკვირვებელი ეთერ შენგელია ამბობს, რომ, გადატანილი ომის სიმძიმის მიუხედავად, ბავშვები მაინც მომზადებულები არიან.

მოსწავლეები 8 საგანში აბარებენ გამოცდებს. საატესტატო გამოცდები 1 ივნისს დასრულდება, ამის შემდეგ კი ეროვნული გამოცდები დაიწყება.
XS
SM
MD
LG