Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალის გადამეტება თუ ძალის პოლიტიკა?


“საზარბაზნე ხორცი”; “ელიტების მიერ მართული მასა”; “ტრაკზე დასმული ნაბიჭვრები”; “მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენა”; “შეიარაღებული ექსტრემისტები”; “ჩვეულებრივი არამზადები”; “ნაცემი მოხუცები”…

ეს რამდენიმეა იმ შეფასებებიდან, რომლებიც დარბეული მიტინგის მონაწილეების შესახებ გამოითქვა და დამამახსოვრდა. სხვა მოსაზრებებიც იქნებოდა - უფრო რადიკალურებიც, უფრო ქედმაღლურებიც, უფრო “პატრიოტულებიც” და უფრო ემოციურებიც. მაგრამ აღარ ჩავძიებივარ. სურათი მგონი ისედაც ნათელია.

საქმე კარგად ნაცნობ ამბავთან გვაქვს - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ინტელექტუალები ხალხის ჯგუფს ნაირ-ნაირ იარლიყებს აწებებენ, საკუთრივ ამ ჯგუფის უმრავლესობას კი თავის თავზე ლაპარაკის საშუალება, “ხმა”, წართმეული აქვს. დღეს ეს ხმის უქონლობა ძალიან კონკრეტულ ფორმას იღებს - ისინი მოტყუებულები, გამოყენებულები, დარბეულები, ნაცემები, დაკავებულები, დაშინებულები, გამქრალები ან დახოცილები არიან. მაგრამ ამ ხალხს არც სხვა, უფრო მშვიდობიან დროს აქვს ხმის მოწვდენის საშუალება. მედიას და პოლიტიკოსებს ისინი იშვიათად ახსენდებათ. და როცა ახსენდებათ, მაშინაც მოკლე და ერთგანზომილებიან განსაზღვრებებში აქცევენ ხოლმე. “სოციალურად დაუცველები”, “უმუშევრები”, „რეგიონების მცხოვრებნი“; “ლტოლვილები”, “ვეტერანები”. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ცხადია, მაისის საპროტესტო აქციების ყველა მონაწილე იქ გაჭირვებას არ მიუყვანია. მათთვის მიკერებული იარლიყების მრავალფეროვნებას ისიც განაპირობებს, რომ ეს ჯგუფი მართლა ამორფული იყო - ძალიან რეალური ხელკეტიანი კაცებით, “შეფიცულების” ძველბიჭურ-პარამილიტარისტული რომანტიკით და ხელისუფლების შეცვლის “დეტალური გეგმების” შესახებ გამოთქმული მუქარით. სხვაგვარად ვერც იქნებოდა - აქციები ხომ “რადიკალურ ოპოზიციაში“ შემავალი ავანტიურისტული წარმონაქმნის ორგანიზებული იყო, თავისი საეჭვო მიზნებით და შემაშფოთებელი ანტი-დასავლური ორიენტაციით. მეც მჯერა ვარაუდის, რომ “სახალხო კრების” ლიდერებს მიტინგის დარბევის ხილვაც სურდათ, არეულობის გამოწვევაც და შესაძლოა მსხვერპლიც. და ვერც მე ვივიწყებ საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მწარე და თან ძალიან გროტესკულ სურათს - ძეგლის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ვლადიმირ პუტინთან სტუმრად ჩასულ, ბეწვის ქურქში გამოწყობილ და ჩაფიქრებულ ნინო ბურჯანაძეს.

მაგრამ არა მგონია რომ ვინმეს - ხელისუფლების ჭეშმარიტად კომკავშირული შემართებით ერთგული ინდივიდების ჩათვლით - მართლა სჯეროდეს, რომ ამ აქციის ყველა მონაწილე სახელმწიფო გადატრიალებას და რუსეთის ტანკების შემოყვანას გეგმავდა. ისევე, როგორც აქამდე ჩატარებულ ყველა სხვა აქციაზე, ამ მიტინგზეც ხალხის დიდი ნაწილი სოციალურმა უსამართლობამ, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობის ზრდამ, დაუცველობამ და დისკრიმინაციამ გაიყვანა. უბრალოდ, ზუსტად ისევე, როგორც მედიაში - „ხმა“ მათ არც მიტინგებზე აქვთ. აქ მათ მაგივრად ლაპარაკობენ „ოპოზიციის ლიდერები“ და „საზოგადო მოღვაწეები“, რომლებიც ხალხის გაჭირვებაზე სიტყვის მასალად თუ იტყვიან ხოლმე ერთი-ორ სიტყვას და ჯიუტად განაგრძობენ იაფფასიან, ეთნონაციონალისტურ პოპულიზმს (რომ ქვეყანაში ტრადიციების “ნგრევაა” გაჩაღებული; რომ ხელისუფლება სადღაც ლაბორატორიაშია შეყუჟული და “ახალი ტიპის” ქართველის გამოყვანაზე მუშაობს ფრანკენშტაინის სტილში; რომ დღეს ქართველი ხალხის “გენოციდი” მიმდინარეობს... აღარ ჩამოვთვლი - თავადაც ბევრი გსმენიათ).

შედეგად კი რა მივიღეთ? გამორჩეული სისასტიკით დარბეული აქცია, რომელსაც უწინარესად სწორედ აქციის რიგითი მონაწილეები და რიგითი პოლიციელი ემსხვეპლნენ. ლიდერთა უმრავლესობა უვნებლად გადარჩა და, სახელისუფლო ტელეარხებით დახატული სახელმწიფო გადატრიალების სცენარების მიუხედავად, ოფიციალურად ეს ბრალდება საპროტესტო აქციების მთავარი მოქმედი პირებისთვის ჯერაც არავის წაუყენებია.

აშკარაზე აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა - ამ მცირერიცხოვანი მიტინგის თუ თავყრილობის დაშლა - ბევრად უფრო ნაკლები ძალის გამოყენებითაც შეიძლებოდა. მაგრამ სპეცრაზმმა ოპერაცია ხაზგასმული სისასტიკით ჩაატარა - გაქცეულ დემონსტრანტებზე ჯგუფური დადევნებით, წაქცეულების, ხელებშებორკილების და დაკავებულების სახეში და თავში ცემით და ჟურნალისტებზე თავაშვებული ძალადობით. იმ ღამის შემდეგ ბევრს ვფიქრობ და მიჭირს დაჯერება, რომ აქციის დარბევის ეს ფორმა “შემთხვევითობა” იყო ან, როგორც ვიღაცები ამტკიცებენ, - სპეცრაზმის “გამოუცდელობის” თუ მისი ცალკეული წევრების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგი. რა ვქნა, ვერაფრით წარმომიდგენია, რომ “ზემოდან” - შინაგან საქმეთა მინისტრის, ან პრეზიდენტის მხრიდან - ქცევის საზღვრების დაწესების შემთხვევაში სპეცრაზმელებს ასეთი რამ გაებედათ. გადაჭარბებულ სისასტიკეზე პირდაპირი სანქცია რამდენად იყო გაცემული, არ ვიცი. მაგრამ გაქცეულებს, წაქცეულებს და გაკოჭილებს არ სცემოთო, ესეც რომ არავის უთქვამს მკაფიოდ, მგონი ნათელია. მით უფრო, რომ ძალადობა და სისასტიკე დაპატიმრების შემდეგაც გაგრძელდა.

რაც უნდა პათეტიკურად გაიჟღეროს, მაინც ვიტყვი - თავის დროზე, 2003 წლის ნოემბერში, მე მართლა მჯეროდა, რომ აღარასოდეს გავიგებდი საქართველოში პატიმრების ცემის და წამების შესახებ. თუმცა მაშინ სხვა ბევრი რამისაც გვჯეროდა - როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, თურმე უსაფუძვლოდ.

ამიტომაც, ცოტა არ იყოს მიამიტური მეჩვენება - თუმცა სრულიად ვემხრობი მას - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოთხოვნა „არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების“ გამოძიების თაობაზე. ჩემი აზრით, საქმე ფაქტებთან კი არა, ზოგად და ფართო ტენდენციასთან გვაქვს, იმდენად ფართოსთან, რომ ის აქციების დაშლის საკითხსაც სცდება. პრობლემა ძალის და სიძლიერის გაფეტიშებაშია - ვნებაში, რომელსაც აშკარად განიცდის როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოების დიდი ნაწილი.

ეს ვნება, თუ მსოფლმხედველობა, მრავალფეროვან გამოვლინებას პოულობს - სამხედრო აღლუმების ჯიუტი სიყვარული იქნება ეს, აქციის ყოველი ძალადობრივი დარბევის შემდეგ აღტკინებით წარმოთქმული ფრაზა “სახელმწიფო შედგა,” თუ, მაგალითად, ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკურად ძლიერი ინდივიდების თუ კორპორაციების ინტერესების პრიორიტეტიზაცია ეკონომიკურად სუსტების ხარჯზე.

არადა ეს “ძლიერის გადარჩენაზე” მორგებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც ახდენს პირდაპირ გავლენას. დიდწილად სწორედ ამის ბრალია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საბჭოეთის თუ რუსეთის მიმართ ნოსტალგიური განწყობები, რაც, თავის მხრივ, ამ განწყობებით მოთამაშე ოდიოზურ პოლიტიკურ ფიგურებს ყოველთვის უტოვებს ფეხის მოკიდების შანსს. ქვეყანაში, სადაც ოფიციალური ვერსიით მოსახლეობის 20 პროცენტი, სხვა მონაცემებით კი თითქმის ნახევარი, ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, კმაყოფილი და ბედნიერი მხოლოდ მცირერიცხოვანი, ელიტარული ჯგუფები შეიძლება იყოს. ხალხის დიდი უმრავლესობა იმედგაცრუებული და დაუცველია და მათი ნიჰილისტური თუ ფატალისტური განწყობის სათავისოდ გამოყენებას, როგორც ვხედავთ, ბევრი ავანტიურისტი პოლიტიკოსი ცდილობს პირველ რიგში ქსენოფობიური და ანტი-დასავლური განწყობების მიზანმიმართული გაღვივებით.

მე, მაგალითად, ნამდვილად არ ვიცი, წავიდოდი თუ არა თუნდაც “სახალხო კრების” მიერ მოწყობილ აქციაზე, იმ ასობით პენსიონერიდან ერთ-ერთი რომ ვიყო, ვისაც მარტში და აპრილში ფინანსთა სამინისტრომ ისედაც მიზერული პენსიები წაართვა - ჯარიმების გადაუხდელობის გამო დასაჯა.

„ვყიდდი სიგარეტს... თვეში დაახლოებით 300 ლარისას. უფულობის გამო სალაროს აპარატი ვერ შევიძინე. პირველად მოვიდნენ და 500 ლარით დამაჯარიმეს, შემდეგ - 5 000 ლარით. მერე დამიყადაღეს მიწის ნაკვეთი. ინვალიდობის პენსიას ვიღებდი 70 ლარს და ეგეც წაიღეს. შემოსავლის გარეშე დამტოვეს” - ყვება ათასებიდან ერთ-ერთი, “ინდივიდუალურ მეწარმედ” დარეგისტრირებული, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიონერი, რომელიც მარტო არჩენდა ხუთწევრიან ოჯახს, სანამ სახელმწიფო მოუჭრიდა საარსებო საშუალებას. ჩემი აზრით, ეს პოლიციურ ძალადობაზე არანაკლები ძალადობაა - სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობა, რომელიც ადამიანებს სრულ უსახსრობას უქადის. ამ ფონზე შავად კომიკური ხდება „ბიზნესის წარმოების სიიოლით“ ხელისუფლების გაუთავებელი ტრაბახი; ეს სიიოლეც ძალაზე, ეკონომიკურად ძლიერ კორპორაციებზეა მორგებული - სუსტ „ინდივიდუალურ მეწარმეებს“ სულ სხვა ბედი ელით.

ასეთივე ძალადობაა - ეკონომიკურიც და ფსიქოლოგიურიც - ის, რომ ადამიანმა, ვისაც მძვინვარე უმუშევრობის პირობებში გაუმართლა და სამსახური იშოვნა, იცის: ის ნებისმიერ დროს შეიძლება უსამსახუროდ და უშემოსავლოდ დარჩეს - უმიზეზოდ და ახსნა-განმარტების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოსს, "ძლიერს" მოეპრიანა ასე. საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი იმდენად უსამართლოა, რომ ახლახან მას ბრიუსელში საგანგებო სხდომაც კი მიუძღვნეს. საერთაშორისო პროფკავშირების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპისთვის მყვირალა გამონაკლისი უწოდეს და განაცხადეს, ამ ქვეყანაში ხელისუფლება სისტემატურად არღვევს “ყველა შრომით უფლებას და შრომის საერთაშორისო სტანდარტებსო”.

ასეთი მასშტაბის უსამართლობის და დაუცველობის პირობებში საკვირველი - და თან იმედისმომცემი - ის არის, რომ უფრო მეტი ხალხი არ შეუერთდა აქციების ამ ბოლო ტალღას. ეს ადამიანების სწორ ალღოზე მიუთითებს - ბანკროტად ქცეული და ავანტიურებს გამოკიდებული “ოპოზიციური ლიდერების” ამოცნობის უნარზე. და არა იმაზე, რომ მოსახლეობის ფართო ფენებს გასაპროტესტებელი ცოტა აქვთ.

ხელისუფლება კი ამაზე არ ფიქრობს. არ ესმის, რომ მოდერნიზაციაზე, დემოკრატიზაციაზე და ეკონომიკის ზრდაზე მისი ენერგიული ნარატივები ძალიან ბევრს - მათ, ვინც ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის - აბსტრაქტული და ცინიკური ეჩვენება.

და, კაცმა რომ თქვას, ხელისუფლებამ რატომ უნდა გაიგოს, როცა დაუცველების, გარიყულების და სუსტების ხმა არც არავის გვესმის. ამ ხმებს ხომ საიმედოდ ფარავს „პატრიოტების“, „შეთქმულების“, „მოდერნიზატორების“, „კონსერვატორების“, „პრო-დასავლელების“, „რუსეთუმეების“ და სხვების და სხვების ხმაური. და, რაც ყველაფერზე მთავარია, ძალის პოლიტიკა - თავისი თავაშვებული გამოვლინებებით, ძლიერის გაფეტიშებით, კუნთების თამაშით და აღტაცებული შეძახილებით, რომ სახელმწიფო „შედგა“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG