Accessibility links

logo-print

ევროსასამართლო: რუსეთმა ხოდორკოვსკის უფლებები დაარღვია


მიხაილ ხოდორკოვსკი

მიხაილ ხოდორკოვსკი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ნავთობმაგანატ მიხაილ ხოდორკოვსკის პირველი დაპატიმრებისა და მისი სასამართლო პროცესისთვის. მაგრამ განაცხადა, რომ მას არ მოეპოვება იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიოს. ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევის თხოვნა შეწყალების შესახებ.

რუსეთის ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, მიხაილ ხოდორკოვსკი, 2003 წელს დააპატიმრეს. ხელისუფლების კრიტიკოსთა აზრით, ამის მიზეზი იყო მისი პოლიტიკური ამბიციები და მაშინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკა.

ხოდორკოვსკის ადვოკატებმა რუსეთის მთავრობასთან მის ჭიდილში გამარჯვებად აღიარეს სამშაბათს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ადვოკატმა კარინა მოსკალენკომ სატელეფონო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა: „ამ დღეს შვიდი წლის განმავლობაში ველოდით. დღეს კმაყოფილი ვართ, დღეს მივესალმებით ევროპული სასამართლოს განაჩენს.“

47 წლის ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევი თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით იხდიან პატიმრობის ხანგრძლივ ვადას. დეკემბერში, მეორე სასამართლო პროცესში, მათ პატიმრობა 2017 წლამდე გაუგრძელეს, გასულ კვირაში კი სააპელაციო სასამართლომ ის ერთი წლით შეუმცირა. ორივე ბრალდებული უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა, რუსეთს ხოდორკოვსკისთვის 24 ათასი ევროს გადახდა დააკისრა სასამართლოს ხარჯებისთვის და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის - მათ შორის, დამამცირებელ პირობებში მისი მოთავსებისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაპატიმრება უკანონოდ მოხდა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება ხოდორკოვსკის პირველ დაპატიმრებას და პირველია ოთხი საჩივრიდან, რომლებიც ბრალდებულმა სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა.

ხოდორკოვსკი თავდაპირველად დააპატიმრეს იმ ბრალდებით, რომ ის რუსეთში მოწმედ არ გამოცხადდა სისხლის სამართლის სასამართლო პროცესზე. მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ის ფაქტი, რომ რუსმა გამომძიებლებმა რამდენიმე საათში წარუდგინეს მას 35-გვერდიანი ბრალდება, მიანიშნებს, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ საქმე წინასწარ მზადდებოდა და მათ მისი ხილვა ბრალდებულის როლში უფრო სურდათ, ვიდრე მოწმისა.

მოსამართლეებმა რუსეთის ხელისუფლება დაგმეს ასევე ხოდორკოვსკისთვის პატიმრობის ვადის ორჯერ გაუმართლებლად გაგრძელებისთვის. თუმცა მათ უარყვეს ხოდორკოვსკის მტკიცება, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული იურიდიული იერიში პოლიტიკურად არის მოტივირებული.

სასამართლოს თანახმად, საქმემ „შესაძლოა აღძრას გარკვეული ეჭვები“ მთავრობის მოტივების შესახებ, მაგრამ სტრასბურგში დაასკვნეს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულობის შესახებ ბრალდებები საფუძვლიანად უნდა იყოს დასაბუთებული, რაც არ მომხდარა.

ადამიანის უფლებების ვეტერანმა რუსმა დამცველმა, ლუდმილა ალექსეევამ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებულად არ მიიჩნია ხოდორკოვსკის საქმე.

სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ამნესტი ინტერნეიშნელმა ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად გამოაცხადა მათთვის მეორე ვადით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. მაგრამ ხოდორკოვსკის ადვოკატები შეეცადნენ შეემსუბუქებინათ წარუმატებლობა. სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატმა დავიდ პანიკმა განაცხადა: „როცა სასამართლო - სტრასბურგის სასამართლო, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის სასამართლო - ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ და მრავალჯერად დარღვევას აღმოაჩენს, ეს მოსარჩელის დიდი გამარჯვებაა და დიდი მარცხი მთავრობისთვის განურჩევლად იმისა, დაადგენს თუ არა სასამართლო, - რასაც იგი ძალზე იშვიათად აკეთებს, - რომ მთავრობას არაკეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა.“

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ გამომძიებლები ხელახლა შეისწავლიან ხოდორკოვსკის საქმეს. მსგავსი გადაწყვეტილება სტრასბურგში უკვე მიიღეს 2007 წელს, როცა ლებედევის დაპატიმრება უკანონოდ მიიჩნიეს, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მისი პატიმრობის ვადაზე. მიუხედავად ამისა სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილება გარკვეულ იმედს აჩენს, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის თხოვნა დაკმაყოფილდება და მას შეიწყალებენ.

30 მაისს ხოდორკოვსკის ადვოკატებმა გამოაცხადეს, რომ მან და პლატონ ლებედევმა თხოვნით მიმართეს სასამართლოს, რის გაკეთების უფლებასაც მათ კანონი აძლევს სასჯელის ნახევარზე მეტის მოხდის შემდეგ.

ვლადიმირ პუტინმა თავის დროზე მინიშნება გააკეთა, რომ ყოფილ მაგნატს შეიძლება ახალი ბრალდებები წაუყენონ. მაშინ, როცა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მაისის დამდეგს განაცხადა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში „ხოდორკოვსკი არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებას“.
XS
SM
MD
LG