Accessibility links

logo-print
ადამიანური ღირებულებები, დამოკიდებულება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ - ეს ის საკითხებია, რომლის გამოსაკვლევად კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. სოციოლოგიურმა კვლევამ მხოლოდ და მხოლოდ თბილისის სრულწლოვანი მოქალაქეები მოიცვა, გამოიკითხა 1 030 ადამიანი. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, შორენა ლორთქიფანიძე, ამბობს, რომ კვლევის მიზანი იმ ფაქტორის გარკვევა იყო, თუ რა ღირებულებების მატარებელია ამ ეტაპზე საზოგადოება:

“კვლევამ აჩვენა, რომ 90-იანი წლების შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებებისკენ, თუმცა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესი ძალიან ნელა, მდორედ მიმდინარეობს. რაღაცები შეიძლება მართლა ხდება და საზოგადოება ზემოდან თუხთუხებს, მაგრამ შიგნით ცვლილებები ძალიან ნელა ხდება.”
ეს არის იმ პერსპექტივისადმი დამოკიდებულება, რომელსაც მოსახლეობა უკავშირებს პოლიტიკურ ცვლილებებს, ანუ პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური პროცესების მეშვეობით მიღწეული ცვლილებების მათ აღარ სჯერათ ...

შინაარსი კვლევისა, რომელიც 52 კითხვისგან შედგება, საკმაოდ მრავალფეროვანია - დაწყებული ადამიანური ღირებულებებით და ეკონომიკური საკითხებით დასრულებული. მათ შორისაა, რაღა თქმა უნდა, საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ, სწორედ პოლიტიკური ბლოკია. სწორედ ამ ბლოკში მოუწიათ პასუხის გაცემა თბილისის მოქალაქეებს კითხვაზე, თუ რომელ ინსტიტუტებს ენდობიან ისინი ყველაზე მეტად. შედეგების მაქსიმუმი - 86 პროცენტი - ეკლესიას ერგო, მინიმუმი - 9 პროცენტი - პოლიტიკურ პარტიებს. კვლევის შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი, ეკლესიის შემდეგ, ყველაზე მეტ ნდობას შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას უცხადებს.

ეკლესიის მიმართ ნდობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს შორის განსხვავებულია, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, ელენე ჩომახიძე:

”რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის რელიგია და რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებია რელიგიის მნიშვნელობა. იმისათვის, რომ გამერკვია, რა არის განმსაზღვრელი - ასაკი თუ განათლება, დავთვალე კერძო კოლერაციის კოეფიციენტი და, ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ განმსაზღვრელია განათლება და არა ასაკი.”

პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ეს შედეგი არ ასახავს პროტესტს ან უნდობლობას რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ. მისი ვარაუდით, ეს შედეგი არის უიმედობის მაჩვენებელი, რომ პოლიტიკური პროცესით პოზიტიური ცვლილებები ვერ მიიღწევა:
გოგი ხუციშვილი

”პოლიტიკური პროცესისადმი ზოგადად საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს არის იმ პერსპექტივისადმი დამოკიდებულება, რომელსაც მოსახლეობა უკავშირებს პოლიტიკურ ცვლილებებს, ანუ პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური პროცესების მეშვეობით მიღწეული ცვლილებების მათ აღარ სჯერათ”, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

თუკი კვლევას მივყვებით, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, შედეგების მიხედვით, მნიშვნელოვნად არის დაცემული ნდობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. რით არის განპირობებული აღნიშნული მაჩვენებელი? - ამ კითხვას გოგი ხუციშვილი ასე უპასუხებს:

”ეს განპირობებულია სტაგნაციით, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი პრობლემების მიმართ. აი, მაგალითად, კონკრეტულად ნატო ასოციირებულია იმასთან, რომ ის შეიძლებოდა დაგვხმარებოდა აგვისტოს ომის დროს და არ დაგვეხმარა. ეს უკვე უარყოფითად მოქმედებს რეიტინგზე. ასევე ის, რომ გაერო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ჩართული ჩვენი კონფლიქტების მოგვარების საკითხში, მაგრამ ცვლილება უკეთესობისკენ არ შეიმჩნევა. ესეც უარყოფითად არის აღქმული საზოგადოებაში.”
არის ასეთი კითხვა: რა უნდა მიიღოს ბავშვმა ოჯახისგან? პასუხების დიდი ნაწილი მოდის შრომისმოყვარეობაზე, ზრდილობაზე და სადღაც ბოლო ადგილას კი დგას დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, წარმოსახვის უნარი...

რაც შეეხება კვლევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბლოკს, ადამიანური ღირებულებების განსაზღვრას, შორენა ლორთქიფანიძე, კვლევის იდეის ავტორი, ამბობს, რომ თუკი კვლევის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, საზოგადოებაში თავისუფლების განცდა საკმაოდ დაბალია. ის აღნიშნულის შესახებ კვლევის ერთ-ერთ მორიგ კითხვაზე დაყრდნობით საუბრობს:

”მაგალითად, არის ასეთი კითხვა: რა უნდა მიიღოს ბავშვმა ოჯახისგან? პასუხების დიდი ნაწილი მოდის შრომისმოყვარეობაზე, ზრდილობაზე და სადღაც ბოლო ადგილზეა დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა, წარმოსახვის უნარი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ საზოგადოებაში თავისუფლების განცდა კვლავ ძალიან დაბალია”, - მიაჩნია შორენა ლორთქიფანიძეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG