Accessibility links

logo-print
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია “ყოფილ პარლამენტარ ქალთა კლუბის“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ თბილისში, შეერთებული შტატების საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართა: ის შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდა, რომელიც ელჩმა 26 მაისის აქციის დაშლამდე და შემდგომ გააკეთა. აქციაზე, რომელზეც, ადა მარშანიას განცხადებით, „ყოფილ პარლამენტარ ქალთა კლუბის“ სხვა წევრებიც უნდა მისულიყვნენ, საბოლოოდ, მხოლოდ კლუბის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნანი ჭანიშვილი და თავად ადა მარშანია მივიდნენ.

ადა მარშანია თავის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდა. მის გამოჩენას აქციის 3 მონაწილე ელოდა, რომლებიც მცხუნვარე მზისგან თავს შეერთებული შტატების საელჩოს მოპირდაპირე მხარეს, ხის ქვეშ აფარებდნენ. მათგან აქციის დაწყებამდე მხოლოდ ერთი მამაკაცი დარჩა, რომელიც ცდილობდა მზისგან ქოლგით დაეცვა ადა მარშანია.

ადა მარშანიას საელჩოს დაცვის თანამშრომლებმა სთხოვეს შენობას არ მიახლოებოდა და მანაც საელჩოს სიახლოვეს მდებარე ავტოსახელოსნოს შენობის წინ გადაინაცვლა. ერთ ხელში მას ხმის გამაძლიერებელი ეჭირა, მეორეში კი - მცირე ზომის პლაკატი. ამ პლაკატზე გამოსახული იყო 26 მაისის აქციის დაშლისას გადაღებული ფოტო, მის გვერდით კი - შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის ფოტო, წარწერით - „პერსონა ნონ გრატა“. თავდაპირველად ადა მარშანიამ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც აქციაზე ორგანიზაცია ”ყოფილ პარლამენტარ ქალთა კლუბის” სხვა წევრები არ მივიდნენ:

”ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომლებიც დღეს აქ მოსვლას აპირებდნენ, დამირეკა - ზოგმა გუშინ და ზოგმაც დღეს - და მითხრა, ძალიან დიდი ბოდიში, ქალბატონო ადა, მაგრამ ვერ მოვდივართო. აი, ეს არის ყველაზე ტრაგიკული. როგორც ჩანს, დაშინებას და თვითცენზურას და თვითმოთვინიერებას აქვს ადგილი.”

აქვე გეტყვით, რომ ორგანიზაცია „ყოფილ პარლამენტარ ქალთა კლუბი“ 1996 წელს შეიქმნა და მასში ყველა მოწვევის ყოფილი დეპუტატი ქალები შედიან. ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნანი ჭანიშვილია, რომელიც აქციაზეც იმყოფებოდა, თუმცა არც განცხადება და არც კომენტარი არ გაუკეთებია.

ადა მარშანიამ აქციაზე შეერთებული შტატების მთავრობას მიმართა, შეისწავლონ თავიანთი ქვეყნის ელჩის, ჯონ ბასის, პიროვნება და ის განცხადებები, რომლებიც მან 26 მაისის აქციის დაშლამდე და შემდგომ გააკეთა:

”ჩვენ გვინდა მივმართოთ ამერიკის მთავრობას: ძალიან ძლიერია თქვენი სახელმწიფო, ძალიან მდიდარია, ძალიან კეთილშობილია, ძალიან გვეხმარებოდა ჩვენ, საქართველოს, მაგრამ თქვენი ელჩი და წარმომადგენელი, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებს და ძალიან გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება.”

ადა მარშანიას განცხადებით, შემდგომ აქციას ის საფრანგეთის საელჩოს შენობასთან და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობასთან გამართავს, რადგან საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიეც და ევროკომისიის ელჩიც, ფილიპ დიმიტროვი, მისი შეფასებით, ჯონ ბასის მსგავსად, არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG