Accessibility links

logo-print
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა 31 მაისს შეშფოთება გამოთქვა 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციური ძალის გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობას. რა პასუხი აქვს თბილისს ხსენებულ განცხადებასა და საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით?
ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მოწოდებას განხორციელდეს ამ მოვლენის დროს პოლიციის ქმედებების სრულყოფილი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება...

თუკი საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ მსოფლიოს ცალკეულ დედაქალაქებში ამ დრომდე გაკეთებულ განცხადებებში გამოხატული შეშფოთება, ასე ვთქვათ, უფრო ზოგადი ხასიათის იყო, ირკვევა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტი ნათელია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის. 31 მაისს ოფისის სახელით განცხადება პრესსპიკერმა, რუპერტ კოლვილმა, გააკეთა:

”როგორც ჩანს, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ჩვენ სავსებით ვუჭერთ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მოწოდებას განხორციელდეს ამ მოვლენის დროს პოლიციის ქმედებების სრულყოფილი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალის გამოყენება ხდება საჭიროების მინიმუმით და საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად. ყველა მხარის ჩართულობით განხორციელებული ფიზიკური თავდასხმები სწრაფად და დროულად უნდა იქნეს გამოძიებული.”

პრესსპიკერ რუპერტ კოლვილის მიერ გახმაურებულ განცხადებაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციას ეყრდნობა. გავიხსენოთ, რომ გიორგი ტუღუშმა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ საზოგადოებას 26 მაისს დღის პირველ ნახევარში აუწყა. მან თქვა, რომ, მართალია, აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, მაგრამ, გავრცელებული კადრებითა და ომბუდსმენის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, აშკარაა, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა:
გიორგი ტუღუში

”არაპროპორციული ძალის გამოყენება განსაკუთრებით აშკარა იყო შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და, რიგ შემთხვევებში, აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცველთა კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეული.”

უკვე 28 მაისს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სია, რომელიც საზოგადოებას დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 162 ადამიანის ვინაობას ამცნობდა და იქვე აღინიშნებოდა, რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. ეს ფაქტი ასევე მოექცა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ყურადღების ცენტრში. როგორც რუპერტ კოლვილმა 31 მაისს განაცხადა, ყველა დაკავებულ პირს ”უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობა, ისინი არ უნდა გახდნენ წამებისა და ცუდი მოპყრობის სამიზნე; მათ უნდა იცოდნენ დაკავების მიზეზი და ხელი უნდა მიუწვდებოდეთ სრულ იურიდიულ დაცვაზე და მათი დაკავების გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.”
მივეცით განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრანტებს შორის აშკარა იყო განწყობა იმისა, რომ ძალადობას ჰქონოდა ადგილი და ისინი იყვნენ შეიარაღებულები და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას...

31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს იმავე დღეს განმარტებით მიმართა საქართველოს საელჩომ შვეიცარიაში, რომელიც ასევე აკრედიტებულია ჟენევაში მოქმედ გაეროს განყოფილებებში. განმარტებების ძირითად აქცენტზე ჩვენს რადიოსთან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლაპარაკობს:

”მივეცით განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრანტებს შორის აშკარა იყო განწყობა იმისა, რომ ძალადობას ჰქონოდა ადგილი და ისინი იყვნენ შეიარაღებულები და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას. ბუნებრივია, პოლიციას მოუხდა ძალის გამოყენება.”

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციების გაცვლის მიზნით, დაწყებულია დიალოგის პროცესი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ჟენევაში მოქმედ საქართველოს მისიას შორის. თუმცა გაეროს ხსენებული ოფისი, როგორც წესი, ინფორმაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის აპარატისგანაც იღებს.

ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ 26 მაისის ღამეს მართლაც გამოვლინდა სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ”ერთეული შემთხვევები”, თუმცა ის სრული დარწმუნებით აცხადებს, რომ არ გამოვლენილა ”სისტემური ხასიათის” დარღვევები. ელჩი დარწმუნებულია ასევე, რომ დამნაშავეებს ”მოკვლევა” დაადგენს, თუმცა მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სამართლებრივ ფორმებს მიიღებს სახელმწიფოს რეაგირება, თუკი დადასტურდება ძალადობის ფაქტები დემონსტრანტების ან სამართალდამცველების მხრიდან.

26 მაისთან დაკავშირებით კონკრეტული სამართალდამცველების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება და, მით უმეტეს, ჯერ არავინ დასჯილა. როგორც რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში გაარკვია, გამოძიების პროცესი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მთავარ პროკურატურაში და ამ საქმით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაა დაკავებული. აქვე გავიხსენოთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ერთი ჯგუფი ჯერ ისევ ამაოდ ცდილობს ხელმოწერების შეგროვებას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომელსაც მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG