Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისის მოვლენების გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს გაერო


თბილისში, 26 მაისს განვითარებული მოვლენების მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი. მისმა პრეს-მდივანმა რუპერტ კოლვილმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ”როგორც ჩანს, პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად.” კოლვილმა აღნიშნა, რომ სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდებას, განხორციელდეს პოლიციის მოქმედებების სრულყოფილი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. ”ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალის გამოყენება ხდება საჭიროების მინიმუმით და საჭიროებისა და პროპორციულობის პრინციპების შესაბამისად” - განაცხადა რუპერტ კოლვილმა. მისივე თქმით, ყველა მხარის ჩართულობით მომხდარი ფიზიკური თავდასხმები სწრაფად და დროულად უნდა გამოიძიონ. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაკავებულთა დაცვის და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უფლებები და არ დაუშვას მათი წამება.
XS
SM
MD
LG