Accessibility links

პაკისტანელი ჟურნალისტის ბურუსით მოცული მკვლელობა


საიდ სალემ შაჰზადი

საიდ სალემ შაჰზადი

სამშაბათს მოკლული იპოვეს პაკისტანელი ჟურნალისტი, რომელმაც „ალ ყაიდასა“ და პაკისტანის სამხედრო ფლოტს შორის კავშირებზე სტატია გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდ სალემ შაჰზადს, რომელიც ჰონგ კონგში რეგისტრირებული ვებსაიტისა და იტალიის საინფორმაციო სააგენტოსათვის წერდა, პაკისტანის უსაფრთხოების ძალები რამდენჯერმე დაემუქრნენ. ჟურნალისტი სახლიდან 29 მაისს გავიდა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მონაწილეობის მისაღებად და უკან აღარ დაბრუნებულა.

40 წლის პაკისტანელი ჟურნალისტის საიდ სალემ შაჰზადის გვამი ისლამაბადის გარეუბანში, მისსავე მიტოვებულ ავტომანქანასთან იპოვეს. პოლიციის თქმით, ჟურნალისტის სხეულზე აშკარად შეიმჩნევა წამების კვალი. საიდ სალემი, რომელიც ონლაინ-გაზეთ „აზია ტაიმისთვის“ წერდა, კვირას გაუჩინარდა. ორი დღით ადრე კი გამოქვეყნდა მისი სტატია, რომელსაც ბევრი მისი მკვლელობის მიზეზად ასახელებს. ამ სტატიის თანახმად, „ალ ყაიდის“ მიერ გასულ კვირაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა კარაჩიში განლაგებულ სამხედრო საზღვაო ძალების ბაზაზე იყო რევანში „ალ ყაიდასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ფლოტის ოფიცრების დაპატიმრებისათვის.

„აზია ტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, „ალ ყაიდამ“ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მას შემდეგ მოახდინა, რაც უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ტერორისტებსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. შაჰზადი წერდა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობასთან მოლაპარაკებებისას ტერორისტები ეჭვმიტანილი ოფიცრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

საიდ სალემ შაჰზადი უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხების სპეციალისტად ითვლებოდა და ხშირად წერდა მსგავს მგრძნობიარე თემებზე. შესაბამისად, როგორც გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, შაჰზადს გაცნობიერებული ჰქონდა, რა საფრთხის წინაშე იდგა.
პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელოვანი სააგენტოსაგან მიიღო მუქარა, რომ მოკლავდნენ, თუკი თავს არ დაანებებდა საგამოძიებო ჟურნალისტიკას და პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სამხედრო უწყებების კანონიერი თუ უკანონო საქმიანობის მხილებას...

აი, რა განაცხადა მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე პაკისტანის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ შამსულ ისლამ ნაზმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში:

„სალემ შაჰზადმა გაუჩინარებამდე თავადვე უამბო თავის მეგობრებსა და პოლიციას, რომ პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელოვანი სააგენტოსაგან მიიღო მუქარა, რომ მოკლავდნენ, თუკი თავს არ დაანებებდა საგამოძიებო ჟურნალისტიკას და პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სამხედრო უწყებების კანონიერი თუ უკანონო საქმიანობის მხილებას.“

ისლამ ნაზი იხსენებს, რომ ბოლო სტატიისათვის შაჰზადი დაკითხვაზე გამოიძახეს ერთ-ერთ სამძებრო უწყებაში და სთხოვდნენ დაესახელებინა ინფორმაციის წყარო. „როდესაც უარი მიიღეს, მას დაემუქრნენ, რომ საკადრისს მიიღებდა თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო“, - ამბობს ისლამ ნაზი, პაკისტანის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ უფროსი მკვლევარი ალი დაიან ჰასანი კი აცხადებს, რომ შაჰზადს უშუალოდ პაკისტანის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელები - ადმირალი ადნან ნავაზი და პირველი რანგის კაპიტანი ზალიდ პერვაიზი - დაემუქრნენ, თუკი არ გაამჟღავნებდა ინფორმაციის წყაროს.

ასეა თუ ისე, ჟურნალისტის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ საფრთხილოა პაკისტანიდან ინფორმაციის გავრცელება. გაეროს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის კვლევებით, პაკისტანი 2010 წელს ყველაზე სახიფათო ქვეყანა იყო ჟურნალისტებისათვის. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს პაკისტანში 8 ჟურნალისტი დაიღუპა. წელს კი, შაჰზადის ჩათვლით, ეს უკვე ჟურნალისტის დაღუპვის მესამე შემთხვევაა პაკისტანში. პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ ღრმა მწუხარება გამოხატა შაჰზადის ტრაგიკული სიკვდილის გამო და მოუწოდა სამართალდამცველ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტის გატაცებისა და მკვლელობის საქმე.
XS
SM
MD
LG