Accessibility links

logo-print
”უარესები უარესთა შორის” - საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსმა” ამ სახელწოდების მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში დასახელებულია 17 ქვეყანა და 3 ტერიტორია, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით განსაკუთრებით ცუდად არის საქმე. ხსენებულ ტერიტორიებს შორის ვხვდებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას - სამხრეთ ოსეთს. ანგარიშთან დაკავშირებულ პრესრელიზში სამხრეთ ოსეთის გასწვრივ ფრჩხილებში თავდაპირველად ეწერა არა საქართველო, არამედ რუსეთი, თუმცა დღის მეორე ნახევარში ორგანიზაციამ შეცდომა გამოასწორა.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში გათენდა და „ფრიდომ ჰაუსის“ სათავო ოფისში ახალი სამუშაო დღე დაიწყო, რადიო თავისუფლება 2 ივნისს ინტენსიურად, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ ეწერა სამხრეთ ოსეთის გასწვრივ ფრჩხილებში რუსეთი და არა საქართველო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ დროს ხსენებულ ოფისში სწორედ შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობდნენ და შედეგიც მალევე გამოჩნდა - „ფრიდომ ჰაუსის“ პრესრელიზის ახალ ვერსიაში სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთი აღარ წერია. ცხადია, რომ საქმე გვაქვს უნებლიე შეცდომასთან, მაგრამ ჩვენთვის ჯერჯერობით კვლავაც გაურკვევლად რჩება, თუ რატომ დაუშვა ასეთი შეცდომა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

უნდა ვთქვათ, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეს-რელიზში აღმოჩენილმა შეცდომამ შეშფოთება გამოიწვია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. როგორც რადიო თავისუფლებას აუწყეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგანგებო წერილს გაუგზავნის ”ფრიდომ ჰაუსის” ცენტრალურ ოფისს და აუცილებლად მოითხოვს ახსნა-განმარტებას ხსენებულ შეცდომასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ანგარიშის ძირითად ნაწილს, როგორც უკვე ვთქვით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ტერიტორია, კიდევ ორ ტერიტორიასთან, ტიბეტთან და დასავლეთ საჰარასთან ერთად ერთიანდება ჯგუფში, სახელწოდებით ”უარესები უარესთა შორის” და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ ყველაზე უარესად არის საქმე. აქვეა 17 ქვეყანა, რომელთა შორისაც ვხვდებით ბირმას, ერითრეას, ლიბიას, ჩრდილოეთ კორეას თუ სომალის. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის ქვეყნებიდან ამ სიაში მოხვდა მხოლოდ ბელორუსია, თურქმენეთი და უზბეკეთი. ქვეყნები შეფასებულია 2 კრიტერიუმის მიხედვით - ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2010 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დაიმსახურა კრიტიკა როგორც მოსკოვიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნელა მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები და რომ არსებობს კორუფცია.

მიზეზები, რის გამოც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორია ”ყველაზე უარესთა” ჯგუფში მოხვდა, უკავშირდება ასევე 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების პრობლემებს და ოპოზიციის შევიწროებას. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.ეთნიკური ქართველების უდიდესმა ნაწილმა ან უარი განაცხადა, ან მათ არ დართეს ნება მონაწილეობა მიეღოთ ამ არჩევნებში. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი მთელი წლის განმავლობაში აძლიერებდა თავის ზეგავლენას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რომ ის დომინანტის როლს ასრულებს შიდა პოლიტიკაში. ამის დასტურად, ანგარიშში მოთხრობილია, რომ 2010 წლის მაისში კოკოითიმ, რუსეთის ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსი ბიზნესმენი ვადიმ ბროვცევი. ანგარიში ასევე გვატყობინებს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მუშაობა ეკრძალება კერძო მაუწყებლებს, ხოლო ელექტრონული და ბეჭდური მედია მთლიანად კონტროლდება სეპარატისტული ხელისუფლების მიერ. ასევე ცხინვალის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამავე ანგარიშში სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაკავშირებულია მრავალმხრივ კონტრაბანდასა და შავი ბაზრის საქმიანობასთან, აშშ-ის დოლარის გაყალბების ჩათვლით.

როგორც აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ზვიად ზვიადაძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია თითქმის ზუსტად ემთხვევა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში თავმოყრილ მასალებს:

”თითქმის ერთი და იგივე ინფორმაციაა და, ალბათ, იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის მომწოდებელიც ერთი და იგივეა. რაც სახელმწიფო მინისტრს, მის მოადგილეს და აპარატის თანამშრომლებს არაერთხელ განუცხადებიათ, აბსოლუტურად იმავეზეა ლაპარაკი ამ ანგარიშში, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას და კრიმინალურ სიტუაციას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ზვიადაძემ.

იმ ტერიტორიებს შორის, სადაც ”ყველაზე უარესად” არის საქმე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, არ ვხვდებით საქართველოს მეორე ოკუპირებულ ტეროტორიას - აფხაზეთს.

ამ ფაქტის ახსნას ჩვენთან საუბარში ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა. ის ვარაუდობს, რომ, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთი „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ მიჩნეულია ტერიტორიად, რომელსაც აკონტროლებენ რუსი სამხედროები და რეიტინგის შემდგენლები ”განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილი სამხედრო ხელისუფლებების მიმართ.” აქვე ბაკურ კვაშილავას ყურადღება მახვილდება კიდევ ერთ განსხვავებაზე, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფაქტორს უკავშირდება:

”სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ასეთი, თუკი სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად ჩანასახის დონეზეა, აფხაზეთში, შედარებით, მაინც უფრო ცოცხალია და წააგავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.”

გავიხსენოთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 2011 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის (”თავისუფლება მსოფლიოში 20011”) მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიას ”ნაწილობრივ თავისუფალის”, ხოლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ”არათავისუფალის” სტატუსი მიენიჭა. თუმცა, როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, იქ, სადაც რუსეთის ოკუპანტი ძალა მიზანმიმართულად ახორციელებს თავის პოლიტიკას, ზედმეტია საუბარი თუნდაც რაიმე სახის თავისუფლებაზე.
XS
SM
MD
LG