Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი - ძალადობისგან თავისუფალი ზონა


უფლებადამცველების აქცია პარლამენტის შენობასთან
უფლებადამცველების აქცია პარლამენტის შენობასთან
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთაველის გამზირის ”ძალადობისგან თავისუფალ” ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოდიან. ”სახალხო კრების” აქციის დარბევიდან ერთი კვირის თავზე, ღამის 12 საათზე, ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და სანთლებით აქციის დარბევის დრო "00:15“ და ”არა ძალადობას" დაწერეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამით იწყება კამპანია, რომლის მიზანი ყველა საქმის ბოლომდე გამოძიება, უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯა იქნება.
ფაქტობრივად, ეს არის მასობრივი ხასიათის რეპრესიები, შეტევა განსხვავებულ აზრზე...

პარლამენტის წინ 1 ივნისის ღამის თორმეტ საათზე მდუმარე აქციაზე შეკრებილი უფლებადამცველები 2-ში უკვე დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ და ელჩებს ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებაც მოასმენინეს. აქციის დარბევის ღამით სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებით გამოწვეული აღშფოთება ის მთავარი მიზეზი იყო, რამაც რუსთაველზე მისული სამოქალაქო საზოგადოება გააერთიანა. მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი, რასაც უფლებადამცველები აპროტესტებენ - დარბევის შემდგომ განვითარებული მოვლენები:

”კიდევ უფრო დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, ისაა, რაც აქციის დარბევიდან ერთი კვირის თავზე ხდება, რა რეაქციებსაც ვისმენთ ხელისუფლებისგან იმ დასაბუთებული ინფორმაციის პასუხად, რომ ხან 40, ხან 68 ადამიანია დაკარგული და არავინ იცის მათ შესახებ, რომ კვლავაც იზრდება დაკავებულთა რაოდენობა და 270-ს გადააჭარბა მათმა რიცხვმა, რომ რეგიონებში იჭერენ ხალხს, ვისაც არანაირი მონაწილეობა ამ აქციებში არ მიუღია... ფაქტობრივად, ეს არის მასობრივი ხასიათის რეპრესიები, შეტევა განსხვავებულ აზრზე და, რაც მთავარია, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ამ ხალხის ადგილსამყოფელის შესახებ”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე,”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორი, უჩა ნანუაშვილი. მისივე თქმით, უფლებადამცველების მიერ წამოწყებულ კამპანიას აქვს ერთი მიზანი - დაისაჯოს ყველა დამნაშავე:
ჩვენი გზავნილი იყო, რომ შიში, რომლის საზოგადოებაში დათესვაც იყო მთავარი მიზანი, ვერ დაითესა...

”ვინც გამოიყენა გადამეტებული ძალა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში. და, ცხადია, ყველა იმ რესურსს გამოვიყენებთ, რაც კი არსებობს - ეს იქნება სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ამ პროცესში...”

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ადვოკატ მანანა კობახიძისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა მცდელობა ახლა მიმართულია ხელისუფლების იძულებისაკენ გამოიძიოს ბოლო დღეებში მომხდარი ყველა სამართალდარღვევის ფაქტი, იმიტომ რომ, მანანა კობახიძის განმარტებით, ადამიანების წამებას არანაირი გამართლება არა აქვს და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება:
მანანა კობახიძე

”რაც უნდა არასანქცირებული მიტინგი ყოფილიყო და მომიტინგეებს დაერღვიათ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, არსებობს ადამიანის უფლება, იყოს დაცული ყოველგვარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან და, შესაბამისად, ის კადრები, რაც ყველამ ვიხილეთ, თუ როგორი სასტიკი ფორმებით უსწორდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, თუ ამის გამოძიებას არ აიღებს თავის თავზე ხელისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ის დამნაშავეებს ხელს აფარებს, მეტი არაფერს.”

ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი გელა ნიკოლაიშვილი კი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის ძალადობისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების მოთხოვნა თავის თავში მოიცავს იმას, რომ საზოგადოება ძალადობას არ შეურიგდება:
26 მაისს პოლიციას საქმე ჰქონდა არა მშვიდობიან დემონსტრანტებთან, არამედ ექსტრემისტებთან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის აღკვეთა სამართლიანი იყო...

”ჩვენი გზავნილი იყო, რომ შიში, რომლის საზოგადოებაში დათესვაც იყო მთავარი მიზანი, ვერ დაითესა და, მიუხედავად ტერორისა, სამოქალაქო საზოგადების ეს ნაწილი მომავალშიც გააგრძელებს იმ ღირებულებებისათვის ბრძოლას, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში იბრძვის.”

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ნაწილის კამპანიის პარალელურად რამდენიმე დღის წინ არასამთავრობოთა სხვა კოალიციამ - ”ევროპული საქართველოსთვის” - გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ისინი წერენ:

”26 მაისს პოლიციას საქმე ჰქონდა არა მშვიდობიან დემონსტრანტებთან, არამედ ექსტრემისტებთან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებით აქციის აღკვეთა სამართლიანი იყო.”

თუმცა მდუმარე აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც ადამიანების უფლებების დაცვა ევალებათ, ხელისუფლების ქმედების გამართლების არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG