Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 ივნისი, 2011


”24 საათი” წერს მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის შეხვედრის შესახებ. სათაურში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თორნიკე გორდაძის კომენტარიდან ნაწყვეტია გამოტანილი. გორდაძეს კი შეხვედრის შესახებ უთქვამს: ”ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოსთან უნდა შეათანხმოს სადავო საკითხები. საქართველო კი გარედან - შეერთებული შტატებიდან ან სხვა ქვეყნებიდან - ზეწოლას არ უნდა ელოდეს.”

დღევანდელი გაზეთების დიდ ნაწილში მთავარ თემად რჩება 26 მაისის მოვლენები: ”6:1-ზე - მიტინგის დარბევისას ძალოვანთა და მომიტინგეთა შეფარდება” – ”რეზონანსი” წერს ამის შესახებ: ”ზოგადი შეფასებით, 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დაახლოებით 500-კაციანი აქციის დარბევაში 3 ათასზე მეტი სამართალდამცევლი მონაწილეობდა. თანაც, ვრცელდება ცნობები, რომ შს სამინისტროს სპეცრაზმის გარდა ამ სადამსჯელო ღონისძიებაში სასჯელაღსრულების სპეცრაზმიც იღებდა მონაწილეობას.”

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ არ არის ცნობილი 26 მაისს და ამ დღის შემდეგ დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.

ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება ”რეზონანსში”. ის ამბობს: ”როგორც უნდა შევაფასოთ 26 მაისს მომხდარი, მან უკვე დაიწყო საზოგადოების აქტივობის ხელახლა გამოღვიძების კატალიზატორის როლის შესრულება. რამდენ ხანს ეყოფა ამ კატალიზატორს მოქმედების ვადა და რა ტიპის რეაქციას გამოიწვევს, გამოჩნდება მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე.” ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ გადამწყვეტი სიტყვა შეიძლება ამ პროცესში სამოქალაქო სექტორმა თქვას.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება არაერთი მოსაზრება ამავე თემაზე:”არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს სისხლიანი 26 მაისის შესახებ ერთი რამის თქმა შეიძლება - ეს იყო საზოგადოების ნაწილის თავგანწირული ბრძოლა ღირსებისათვის, თავისუფლებისათვის, რაც ფიზიკური მარცხითა და მორალური გამარჯვებით დასრულდა.“ არის ასეთი შეფასებაც: ”დამყოლი ოპოზიციის წყალობით სიტყვა ”დემოკრატია” ისე დაშორდა საქართველოს, როგორც ღუზამოწყვეტილი გემი ნაპირს. 20 წლის შემდეგ საქართველო შუაგულ ოკეანეში უკომპასოდ დარჩენილ გემს ჰგავს უმეცარი, ბრიყვი, გამოუცდელი კაპიტნით და თავქარიანი თინეიჯერი მეზღვაურებით.”

”ალია” წერს: ”სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით ჰააგაში უჩივიან”. ინტერვიუა შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელიც ამბობს: ”მე ჰააგის პროკურორს 31 მაისს, სამშაბათს, გავუგზავნე საინფორმაციო ხასიათის გვერდნახევრიანი წერილი მომხდარის შესახებ. ასევე გავაგზავნე წერილი იმის შესახებ, რომ მიწყობენ პროვოკაციებს და მირეკავენ პროვოკატორები, რომლებიც ჩემთვის უცნობ ტელეფონის ნომრებს მეკითხებიან.” ხაჭაპურიძის აზრით, თუ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დადასტურდება, ”სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილსა და სხვებს დაიჭერენ!”.

”ალიაში” ირაკლი მელაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ოპონენტების მიმართ ხელისუფლების მოქმედებაზე ამბობს: ”როდესაც ოპოზიციის ლიდერს ეხები, მისგან გმირს ქმნი. როდესაც აქტივისტებს ეხებიან, ამით ”გაბანძებენ”, რომ შენ შენიანს ვერ იცავ... ხალხს აჩვენებენ, თუ ბურჯანაძესთან მიხვალ ან სხვასთან, მათ კი არაფერი დაემართებათ, შენ დაგემართება.”

”ახალი თაობა”, ინტერვიუ ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილთან: ”ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც ძალიან დიდი დანაკარგები მიიღო ამ ბარბაროსული დარბევის შედეგად. მართალია, ჩვენ ლიდერების დონეზე ამ აქციას არ ვუერთდებოდით, აქციაში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ ჩვენ სიტყვიერად სოლიდარობის განცხადება აქციების დაწყებამდე გავავრცელეთ. საერთოდ, ჩვენ ყველას მიმართ ვართ სოლიდარულნი, ვისი მიზანიც არის სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG