Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერევნის გაზაფხული"


ოპოზიციის ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი 31 მაისს ერევნის ცენტრში გამართულ დემონსტრაციას ხელმძღვანელობს
ოპოზიციის ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი 31 მაისს ერევნის ცენტრში გამართულ დემონსტრაციას ხელმძღვანელობს
იმის შესახებ, რაც ამ დღეებში სომხეთში ხდება, ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ოპოზიციური პარტიები ოცნებასაც ვერ გაბედავენ.

სამშაბათს, 31 მაისს, ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა ოპოზიციონერმა, სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა ერევნის მთავარ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს აცნობა, მთავრობამ თანხმობა განაცხადა ოპოზიციის მიერ მოლაპარაკების დაწყებისთვის დაწესებული პირობების დაკმაყოფილებაზეო.

ამ პირობების ჩამონათვალი კი შთამბეჭდავია: მთავრობის იმ კრიტიკოსების გათავისუფლება, ვინც პატიმრობაშია, დედაქალაქის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქციების გამართვის უფლება და ხელახალი გამოძიების დაწყება იმ დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტებზე, რომლებმაც ქვეყნის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები გააპროტესტეს და გაყალბებული უწოდეს.

ყოველივე ეს კი, ტერ-პეტროსიანის თქმით, გზას უხსნის მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვას მნიშვნელოვან საკითხებზე - მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე: „სომხეთის ეროვნული კონგრესის პროგრამა ცნობილია - ის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოიცავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ კონტრარგუმენტებს არ გავითვალისწინებთ. ხაზს ვუსვამ - მე გათვალისწინებაზე ვლაპარაკობ და არა დათანხმებაზე.“

პარასკევს, 27 მაისს, მთავრობამ ციხეში მყოფ პოლიტიკურ ოპონენტებს ამნისტია არგუნა, რაც ნიშნავს, რომ 400 პირი გათავისუფლდება. ორი გავლენიანი ოპოზიციონერი - ორივე ტერ-პეტროსიანის მომხრე - უკვე გამოვიდა ციხიდან. ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.

რამ აიძულა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მთავრობა მოლაპარაკებებზე წასულიყო? მთავრობა, რომელსაც კრიტიკოსები 2008 წლის არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს?

ამ შეკითხვაზე ოპოზიციის პასუხი ასეთია: მთავრობას „სომხეთის გაზაფხულის“ ხილვა არ სურდა, ანუ იმ ტიპის საპროტესტო ტალღის, რომელიც ახლო აღმოსავლეთს არის მოდებული. თებერვლის შემდეგ ტერ-პეტროსიანმა ხუთი საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობა გააფრთხილა: ან ვადამდელი არჩევნები, ან ხალხის მიერ ჩამოგდება - „მუბარაქიზაციაო“.

ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია 1 მარტს გაიმართა. თავისუფლების მოედანზე ათიათასობით ადამიანი მივიდა. ამ დემონსტრაციაზე იმ სისხლიანი დღეების მესამე წლისთავი აღნიშნეს, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. 1-დან 2 მარტის ღამეს ოპოზიციის ათი მომხრე დაიღუპა ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად მომხდარ შეტაკებებში.

თუმცა 1 მარტის აქციაზე აღრიცხული ხალხმრავლობის მიზეზი ზუსტად არავინ იცის. გაურკვეველია, ქუჩაში გასული ხალხიდან რამდენი იყო ტერ-პეტროსიანის მომხრე და რამდენს სურდა დაღუპულების ხსოვნისთვის მიეგო პატივი. სხვა აქციებზე შედარებით ნაკლები ხალხი მივიდა, რამაც არარეალისტურად წარმოაჩინა ტერ-პეტროსიანის მუქარა, რომ მთავრობის შეცვლას ქუჩის აქციებით შეძლებდა.

ამდენად, შეიძლება მთავრობის მხრიდან ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე წასვლას სხვა მიზეზებიც ჰქონდეს. პრეზიდენტი სარქისიანი, თავის მხრივ, ამბობს, ეს, უბრალოდ, სწორი ნაბიჯი იყოო: „ინდივიდების ინტერესები და უფლებები ისევე წმიდათაწმიდაა, როგორც კოლექტიური ეროვნული ინტერესი. ძლიერი არმია კარგი რამაა, მაგრამ ამაზე კიდევ უკეთესია ძლიერი, თავისუფალი და დაცული მოქალაქეების არმია. თავისუფალი მოქალაქე ყველაზე საიმედო ფარია, რომელიც როგორც გარეშე მტრის, ისე საშინაო უკანონობის წინააღმდეგ არის მიმართული.“

თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, სარქისიანსა და ტერ-პეტროსიანს შორის მოლაპარაკების გამართვას გზა კიდევ სხვა ფაქტორებმაც გაუხსნა.

ერთ-ერთი ფაქტორია მესამე ფიგურა, რომელსაც სარქისიანიც, ტერ-პეტროსიანიც და სომხეთის პოლიტიკური სპექტრის სხვა ბევრი წარმომადგენელიც უფრთხის. საუბარია რობერტ ქოჩარიანზე - სომხეთის მეორე პრეზიდენტზე, რომელიც ამ პოსტს 1998-დან 2008 წლამდე ფლობდა. ქოჩარიანის ხელში ახლაც უზარმაზარი ეკონომიკური ძალაუფლებაა კონცენტრირებული, ხელისუფლებაში ყოფნისას მის მიერვე შექმნილი ბიზნესების წყალობით.

ქოჩარიანის პოლიტიკაში დაბრუნება არც სარქისიანს სურს, რომელიც მისი მემკვიდრეა, და არც სომხეთის პირველ პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანს. მათი აზრით, ქოჩარიანმა ქვეყანას ეკონომიკური დესტაბილიზაცია მოუტანა. ამასთან, ქოჩარიანს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მეტისმეტ ერთგულებაშიც სდებენ ბრალს.

დიალოგის მატერიალიზაციის მიზეზების გასაგებად კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - ის, რომ სარქისიანს და ტერ-პეტროსიანს მტრების გარდა მეგობრებიც საერთო ჰყავთ, კერძოდ, ვაშინგტონი და ევროკავშირი, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობენ ხელი შეუწყონ სომხეთში მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.

ასეა თუ ისე, სომხეთის პოლიტიკური ცხოვრების ბევრი ანალიტიკოსი გეტყვით, რომ ქვეყანაში დღესდღეობით გარკვეული ოპტიმიზმი შეიმჩნევა. მათ შორის არის ჩვენი კოლეგა, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი ჰრაირ თამრაზიანი: „პოლიტიკურმა კულტურამ ახალ დონეს მიაღწია. ოპოზიცია, რომელიც რეჟიმის შეცვლის მოწოდებით გამოდიოდა, და მთავრობა, რომელიც ოპოზიციონერებს აპატიმრებდა, ახლა დიალოგის აუცილებლობასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.“

თუმცა თამრაზიანი იქვე დასძენს, რომ წინ კიდევ ბევრი სირთულეა.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ახლა ყველას აინტერესებს, ის არის, შეინარჩუნებს თუ არა ტერ-პეტროსიანი ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნას და გააგრძელებს თუ არა ქუჩის აქციებს. ასევე გაურკვეველია ამაზე რა რეაგირება ექნება სარქისიანს.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის მაისშია დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2013 წელს უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG