Accessibility links

საქართველო - დარიშხანის ნარჩენებისა და აფრიკული ცოფის წყარო?


საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. პრაღა, 2011 წლის 1 ივნისი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. პრაღა, 2011 წლის 1 ივნისი

გარდა 26 მაისის აქციის დარბევისა, გასულ კვირაში საქართველომ უცხოეთის მედიის ყურადღება მიიქცია, როგორც ეკოლოგიური საფრთხის მატარებელმა ქვეყანამ. თუმცა, თუკი რუსეთის სახელმწიფო საზოგადოებრივმა ტელევიზიამ პროპაგანდისტული მიზნით დაუსაბუთებელი ინფორმაციები გაავრცელა, „ბი-ბი-სით“ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი „მომწამვლელ საბჭოთა მემკვიდრეობაზე“ რეალურ ფაქტებს ემყარება და მათ არსებობას არც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

25 მაისს ტელეკომპანია „ბი-ბი-სიმ“ რამდენჯერმე უჩვენა ჟურნალისტ ანგუს კროუფორდის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „საქართველო საბჭოთა ტოქსიკურ მემკვიდრეობასთან ერთად ცხოვრობს“.

ფილმში მოთხრობილია ისტორია რაჭა-ლეჩხუმის სოფელ ურავისა, რომლის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საქართველოშიც კი ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის. „ბი-ბი-სის“ გადამღები ჯგუფი პირადად ჩავიდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე მაღალმთიან სოფელ ურავში, სადაც საბჭოთა პერიოდში დარიშხანის მაღარო და ტოქსიკური ნივთიერების გადამამუშავებელი საკავშირო მნიშვნელობის საწარმო იყო. როგორც ფილმშია მოთხრობილი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საწარმომ მუშაობა შეწყვიტა, განადგურდა და გაპარტახდა მისი ინფრასტრუქტურა, დარიშხანი კი გაიფანტა მიწასა და წყალში; უპატრონოდ არის მიტოვებული სოფლის ცენტრში არსებული დარიშხანის სამარხი, რაც მთელ გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნისო, - უთხრა საწარმოს ყოფილმა მთავარმა ინჟინერმა ნოდარ მელაშვილმა „ბი-ბი-სის“ გადამღებ ჯგუფს.

შეკითხვა: „გამოდის, რომ ახლა ამ ტერიტორიაზე და დაბლა, აუზებში არის დარიშხანის შემცველობა?

„რა თქმა უნდა, სინჯს რომ აიღებ, იქნება“, ამბობს ნოდარ მელაშვილი და ლაპარაკობს საკუთარ პასუხისმგებლობაზეც, თუკი დარშხანის სამარხი გაიხსნება და ათასობით ტონა დარიშხანს მდინარე ქვემოთ, დაბლობში ჩაიტანს:

„რა თქმა უნდა, ვინც აქ ვმუშაობდით, განსაკუთრებით პასუხისმგებლობა ხო გვქონდა ჩვენ? ის პასუხისმგებლობა, ამ ჩვენი [დარიშხანის] ნარჩენებით თუ კიდევ რამე მოხდება, ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობაც, თუ რატომ დარჩა ასე.“

თუმცა დარიშხანის ღია წყაროს საიმედოდ დახურვისა და საუტილიზაციო სამუშაოების ჩატარებაზე, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოა პასუხისმგებელი. რადიო თავისუფლებას საშუალება ჰქონდა სოფელ ურავის პრობლემაზე შეკითხვა პრაღაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძისათვის პირადად დაესვა. მინისტრმა გვითხრა, რომ იცნობს ამ პრობლემას, თუმცა მისი მოგვარება იოლი არ იქნება:

„ეს პრობლემა ჩვენთვის არ არის ახალი და ახლა არ აღმოგვიჩენია. ის მოხვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში და აქედან მივიდა ეს ინფორმაცია „ბი-ბი-სიმდე“. თუმცა ეს არაფერ შუაშია, რადგან ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვისაც. მოგეხსენებათ, რომ დარიშხანის წარმოება იყო საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე. მთელ საკავშირო დონეზე ხდებოდა მისი წარმოება და გადამუშავება. მას შემდეგ, რაც ნახევრადგამტარებმა მსოფლიოში დაკარგეს აზრი და მიკროსქემებზე გადავიდა ყველაფერი, მთელი ეს დარიშხანის საბადოები, კარიერები, გადამუშავება და ქარხნები მთელი ამ ხნის განმავლობაში დარჩა უპატრონოდ.“

რადიო თავისუფლება: საჭიროა დარიშხანის ნარჩენების უტილიზაცია?

„მინდა გითხრათ, რომ ჩვემ მივმართეთ თხოვნით ჰოლანდიას, რომელსაც მავნე ნარჩენების უტილიზაციისა და გადამუშავების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. და გუშინ აქ, პრაღაში, დაგვიდასტურეს, რომ ერთ-ერთი ნაწილი ამ [დარიშხანის] პრობლემის, ყველაზე დიდი და რთული ნაწილი, არის სვანეთში, სადაც წყარო იყო დაკონსერვებული, მაგრამ წყალდიდობებმა, წლებმა და უპატრონობამ თავისი დაღი დაასვა და ეს გარემოშია პირდაპირ გაბნეული, - ამის დაფინანსებაში დაგვეხმარებიან. რაც შეეხება სოფელ ურავს, საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაა. რამდენიმე ვერსია განიხილება. ალბათ, მაინც უფრო კონსერვაციისაკენ წავალთ, რათა დაკონსერვდეს ეს ადგილები. მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ პრობლემას ერთ თვეში მოვაგვარებთ, ვერ მოვაგვარებთ.“

გაპარტახებული საწარმოდან მიწასა და წყალში მოხვედრილმა დარიშხანის ნარჩენებმა უკვე მოკლეს სოფლის მდინარე, რომელშიც გადაშენდა თევზი. „ბი-ბი-სის“ მიერ მომზადებულ ფილმში საუბარია სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებზეც, რომლის თანახმად, სოფლის მცხოვრებლების სისხლში დაფიქსირდა დარიშხანის შემცველობა, რაც გულმკერდის მწვავე ინფექციას იწვევს. დარიშხანის დონე კი სოფელ ურავში 20-30-ჯერ აღემატება დასაშვებ დონეს.

„მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სტატისტიკა არაფრით გამოირჩევა სხვა სოფლების სტატისტიკისაგან, ანუ ისეთი ადგილებისაგან, სადაც არანაირი საფრთხე არ არის. რაღა თქმა უნდა, ეს არ არის სასარგებლო და სიცოცხლეს არ ახანგრძლივებს, „ბორჯომივით“ არ არის, მაგრამ ეს არის უფრო მეტად ფსიქოლოგიური ზეგავლენის გამო. რადგან იცი, რომ სადღაც ახლოს დარიშხანია. იქ, რაჭაში და სვანეთში, გარკვეული პერიოდულობით ყოველთვის იზომება გარკვეული პარამეტრები წყალში, ჩამდინარე წყლებში, გარშემო გარკვეულ ტერიტორიაზე. ისე, რომ სიცოცხლისათვის საშიში იყოს [წყაროდან] გარკვეულ დისტანციაზე, ასე არ არის. პირველი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რა საფრთხეს შეიცავს დარიშხანი, ვიდრე პრობლემას არ მოვაგვარებთ და პრობლემა იარსებებს.“

გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს შეკითხვა სხვა ინფორმაციის ირგვლივაც დავუსვით. 28 მაისს რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ორტემ“ უჩვენა ჟურნალისტ ანტონ ვერნიცკის დოკუმენტური ფილმი „მეტასტაზები 2“.

ამ აშკარად პროპაგანდისტულ ფილმში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დადანაშაულებულია უამრავ ცოდვაში, ჩეჩნეთის ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებით დაწყებული და ჩრდილოეთ კავკასიაში აფრიკული ჭირის გავრცელებით დამთავრებული.

„ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როდესაც გაბრალებენ, რომ აფრიკულ ჭირს ვქმნით და ვავრცელებთ. ანდა ავიღოთ ირაკლი ოქრუაშვილის რაღაც ბრალდებები და მავნებლური აბსურდი. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ფანტაზიის ფარგლებს მე უკვე ვეღარ ვხვდები.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG