Accessibility links

logo-print
„ქართული პარტია“ დამფუძნებელთა ნაწილმა დატოვა. ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძის, კახა მიქაიასა და ლევან ჩიკვაიძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ პარტიის ბოლო გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ოპოზიციის ერთიანობის კურსს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას. „ქართულ პარტიაში“ დაწყებულ პროცესებს ლოგიკურ გამართლებას უძებნიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე პოლიტიკის ექსპერტები.

„ქართული პარტიის“ მმართველი ხუთეულის პოლიტიკურ სიჭრელეს ექსპერტთა ნაწილი იმთავითვე სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა თავად ლიდერებმა თანამებრძოლების განსხვავებული პოლიტიკური გამოცდილება
პარტიის ძლიერ მხარედ მონათლეს. აი, როგორ აღწერა 2010 წლის ოქტომბერში „ქართული პარტიის“ წარმატების ფორმულა ლევან გაჩეჩილაძემ:

ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად...
”ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ძალიან გაბედული ნაბიჯების გადადგმის და ამ რეჟიმის შიგნით მუშაობის გამოცდილება აქვს; ეროსი, რომელსაც თანამედროვე პროპაგანდასა და ტექნოლოგიებში უდიდესი გამოცდილება აქვს; სოზარი, რომელსაც მარტო საქართველოში კი არა, ყველგან იცნობენ როგორც ადამიანის უფლებების დამცველს; კოკა, რომელმაც ზეპირად იცის პოლიტიკური მენეჯმენტი, და მე, თქვენი მონა-მორჩილი... - მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ ბრძოლაში.”

აქ ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლების შეცვლა იგულისხმა, თუმცა პარტიის დაფუძნებიდან ნახევარი წლის თავზე ლევან გაჩეჩილაძე და მისი მეგობრები აცხადებენ, რომ ამ საქმეს წინ დიდად არ წაუწევია. „ქართული პარტიიდან“ წასული ლიდერების განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ მათთვის მიუღებელია ის გამონათქვამები და ბრალდებები, რომლებიც ასუსტებენ ოპოზიციას და ართულებენ ხელისუფლების შეცვლას:

„ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნეს საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.“

სიახლეს მწირი კომენტარით გამოეხმაურა „ქართული პარტიის“ მოქმედი ხელმძღვანელობა, რომლის თქმითაც, დამფუძნებელთა ნაწილის გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონიებს პარტიის მიერ არჩეულ კურსზე:

„პარტიის ლიდერები: სოზარ სუბარი, ირაკლი ოქრუაშვილი, კონსტანტინე გოგელია, ეროსი კიწმარიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრები, მრავალათასიან აქტივთან და მხარდამჭერებთან ერთად, აგრძელებენ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც შეიქმნა „ქართული პარტია“. მიზანი უცვლელია - არსებული რეჟიმის დამარცხება. ძლიერი, წარმატებული,აყვავებული ქვეყნის აშენება. პარტიის უკვე ყოფილ წევრებს კი წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემდგომ საქმიანობაში.“
სადაც წარმატების პერსპექტივა ნაკლებად არის, იქ ძნელია ერთიანობის შენარჩუნება - ასეთია ზოგადი ფაქტორი. კონკრეტულად კი პრობლემაა ის, რომ ერთობა ძნელი მისაღწევია განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთად თავს იყრის ბევრი ამბიციური ლიდერი...

„ქართული პარტიიდან“ ლიდერთა ნაწლის წასვლა მოულოდნელი სიახლე არ ყოფილა გია ხუხაშვილისთვის. მისი თქმით, პარტიის სიმყიფეს ორი ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველი, პარტია იდეოლოგიური პლატფორმის ნაცვლად, ერთი იდეის, სააკაშვილის შეცვლის გარშემო გაერთიანდა და, მეორე, პარტია შედგებოდა ორი რადიკალურად განსხვავებული ნაწილისგან:

„ერთ ნაწილში იყვნენ პასუხისმგებლები ყველაფერ იმაზე, რასაც ბრძოლას უცხადებდნენ, მეორე ნაწილში კი - ამ პროცესებიდან დისტანცირებულები. დიდი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ პარტია სწორედ ამ ნიშნით გაიყო. ანუ პარტია დატოვეს იმ ადამიანებმა, რომლების პასუხისმგებლობაც ხელისუფლების განუკითხაობაში იყო მინიმალური. დარჩა ოქრუაშვილი, რომელიც იწყებდა ყველაფერ იმ ნეგატიურს, რაც დღეს ხდება ქვეყანაში და დარჩა ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს ფუთავდა“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ქართულ პარტიაში“ დაწყებულ კრიზისს ლოგიკურ ახსნას უძებნის გია ნოდია. პოლიტოლოგის თქმით, გადამწვეტი როლი ითამაშა იმან, რომ უპერსპექტივო და წარუმატებელი აღმოჩნდა პარტიის მიერ არჩეული რადიკალური კურსი:

„სადაც წარმატების პერსპექტივა ნაკლებად არის, იქ ძნელია ერთიანობის შენარჩუნება - ასეთია ზოგადი ფაქტორი. კონკრეტულად კი პრობლემაა ის, რომ ერთობა ძნელი მისაღწევია განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთად თავს იყრის ბევრი ამბიციური ლიდერი. მართალია, ნინო ბურჯანაძე არ ყოფილა ამ პარტიაში, მაგრამ რადიკალურ მიმართულებაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო. როდესაც ასეთ პატარა პოლიტიკურ ნიშაში ბევრი ამბიციური ადამიანია, მათ უჭირთ საერთო აზრამდე მისვლა.“

გია ნოდიას „სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შემთხვევით არ უხსენებია. „ქართულ პარტიაში“ დაწყებული კრიზისის სავარაუდო მიზეზი „სახალხო კრებასთან“ ურთიერთობაა. გასაკვირი არაა, რომ ლევან გაჩეჩილაძის „ქართული პარტიიდან“ წასვლას ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა, თუმცა ნინო ბურჯანაძემ იქვე განმარტა, რომ მისთვის უცნობია, აპირებს თუ არა რამე სახით ლევან გაჩეჩილაძე „სახალხო კრებასთან“ ურთიერთობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG