Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ ისევ არიან დაკარგულები


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს გუშინ შუალედური ანგარიში გადასცა. ეს ანგარიში ჯერჯერობით საჯარო არ არის. ანგარიში სხვადასხვა წყაროებსა და საიას იურისტების მიერ მოპოვებულ იმ ვიდეომასალაზე დაყრდნობით მოგროვილ მონაცემებს ასახავს, რომელსაც ორგანიზაციამ 26 მაისს და მის შემდეგ დღეებში მოუყარა თავი. ანგარიშში საუბარია იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ დაინახა საიამ. საუბარია ასევე ჯერ კიდევ არსებულ დაკარგულ პირებზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში საუბარია იმ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ გამოავლინა 26 მაისიდან მოყოლებული დღემდე - მათ შორის არის სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება, ცემის ფაქტები აქციის დაშლის დროს, ასევე უკვე დაკავებული პირების მიმართ მოპყრობა გასამართლებისას და უკვე საპატიმროებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.ანგარიშში საუბარია ასევე დღემდე გაუჩინარებული ადამიანების შესახებ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სია, რომელიც რამდენიმე დღის წინ 49 კაცს აერთიანებდა, შემცირებულია. ეს 49 კაციანი სია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს და მასში არ შედიან ის პირები, რომლებიც შსს-ს მიერ დაკავებულ პირთა სიაში არიან მოხვედრილი. თუ რამდენიმე დღეში ეს ადამიანები არ გამოჩნდნენ, შესაძლოა საიამ, გაუჩინარებულთა ოჯახების ნებართვით, სამართალდამცავებს მიმართოს:
შეშფოთებული ვარ იმ ანგარიშებით, რომელიც ვნახე დაკარგული ხალხის შესახებ. უფრო მეტად იმ ინფორმაციის გამო, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებაშია...

”სამწუხაროა ის, რომ ამ ოჯახებიდან უმრავლესობა თავს იკავებს მიმართოს შსს-ს და ასევე ოჯახების ნაწილი უარზეა გაახმაუროს ეს ინფორმაცია. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ რამდენიმე დღეში შეიძლება ეს ადამიანები გამოჩნდნენ. თუ არ გამოჩნდებიან, მიმართავენ პოლიციას ან დაიწყებენ ამ თემაზე საუბარს”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

26 მაისის მოვლენების შედეგად გაუჩინარებულთა საკითხს დღეს საქართველოს შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასიც გამოეხმაურა. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ჯონ ბასმა აღნიშნა:

”შეშფოთებული ვარ იმ ანგარიშებით, რომელიც ვნახე დაკარგული ხალხის შესახებ. უფრო მეტად იმ ინფორმაციის გამო, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებაშია, სადაც აღწერილია იმ ადამიანთა შესაძლო ცემის ფაქტები მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს და ასევე მათი შესაძლო ცემის ფაქტები დაკავების შემდეგ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მთავრობის ნდობისთვის, რომ მან სერიოზულად უპასუხოს ამ ბრალდებებსა და ანგარიშებს, ჩაატაროს სერიოზული გამოძიება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გაზრდის საზოგადოებაში რწმენას მთავრობისა და მისი ინსტიტუტების მიმართ.”

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში 4 გაუჩინარებული ადამიანის მოძიება მოხერხდა. მათგან ორი თავად დაბრუნდა სახლში, ორი კი სხვადასხვა საპატიმროში მოიძიეს:

” ნემსიწვერიძე მამუკა გამოჩნდა. ის დამალული იყო. უჩა წიწიკაშვილის ახლობელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ისიც გამოჩნდა. გრძელიძე მამუკა აღმოვაჩინეთ, რომ ქუთაისის იზოლატორშია გადაყვანილი. ასევე იყო მირზა კოჩაძე, რომელიც ჯერ იყო ე.წ. მოდულის შენობაში, მერე დროებითი დაკავების იზოლატორში, შემდეგ გადაიყვანეს ხაშურში, ხაშურიდან ბორჯომში და, ბოლოს, ჩვენ ვიპოვეთ ახალციხეში.“
რაც არ უნდა შიში იყოს, როცა ოჯახის წევრი ერთი კვირა არ ჩანს, წახვალ და მოიკითხავ. მე ძალინ მიკვირს, როცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს ამ სრულიად გადაუმოწმებელ სიას...

ერთ-ერთი დაკარგულის - 21 წლის დემურ მანაგაძის - დედამ, ფატი მანაგაძემ, რადიო თავისუფლებას უამბო, თუ როგორ მიაგნო 6 დღის ძებნის შემდეგ შვილს გლდანის მე-8 საპყრობილეში:

” ჩემ შვილს 25 მაისიდან ვეძებდი და ვიპოვე 6 დღის შემდეგ. მივედი თბილისის მთავარ სასამართლოში. იქ მითხრეს, რომ გასამართლებულია და 2 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რადგან ცოცხალი ვიპოვე, აღარაფერს დავეძებდი, იმხელა სიხარული ვიგრძენი. დედას შვილის დაჭერა გაუხარდეს, ჩემს გარდა, მგონი, არავინ ყოფილა ქვეყანაზე ასეთი. ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდა, გაუჩინარებულთა ოჯახის წევრებს სამართალდამცავებისთვის არ მოუმართავთო,
გუშინ კი „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სია, რომელზეც არასამთავრობოები საუბრობენ, გადაუმოწმებელი და, შეიძლება ითქვას, ფალსიფიცირებულია:

”რაც არ უნდა შიში იყოს, როცა ოჯახის წევრი ერთი კვირა არ ჩანს, წახვალ და მოიკითხავ. მე ძალინ მიკვირს, როცა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს ამ სრულიად გადაუმოწმებელ სიას, რომელიც უფრო სახელების და გვარების შემთხვევით კომბინაციას წააგავს და არა მუშაობის შედეგს და არც ერთ შემთხვევაში ეს ადამიანები არ მიდიან ამ ოჯახებში და არ მოაქვთ ამ ადამიანის ხელმოწერილი განცხადება, რომ მე დავკარგე ქმარი, შვილი, დედა, მამა...”

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, გაუჩინარებულთა ოჯახის წევრები დაკარგულების შესახებ ინფორმაციას იმიტომ არ ასაჯაროებენ, რომ იმედი აქვთ, ისინი თავად დაბრუნდებიან, თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შესაძლოა რამდენიმე დღეში, გაუჩინარებულთა ოჯახის წვერების ნებართვით, სია შსს-ს მიაწოდოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG