Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 3 ივნისი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფლით დაინტერესდა. ”ბადრი ბიწაძე სომხეთშია” - ასეთია სტატიის სათაური, კითხვის ნიშნის გარეშე, თუმცა თავად სტატიაში ამ ინფორმაციის დამადასტურებელი სანდო წყარო მოყვანილი არ არის. - ”ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბადრი ბიწაძე დაკავებული არ არის. თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ბურჯანაძის მეუღლის დაკავების სანქცია გასცა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ოჯახის წევრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ არ იციან, სად იმყოფება. ხელისუფლების წარმომადგენლები კი პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, იგი უკვე სომხეთშია გადასული და იქ იმალებაო", - წერს დღეს ”რეზონანსი”.

გაზეთი ასევე გვაუწყებს, ”შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) დასაკავებელ ადამიანთა სია აქვს შედგენილი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ „სახალხო კრებასთან“ ან უშუალოდ მის ერთ-ერთ კომიტეტ "შეფიცულთა რაზმთანო". "რეზონანსის" ცნობით, სიაში რამდენიმე ათეული ადამიანია. მსახიობმა გია ბურჯანაძემ გაზეთს უთხრა, დაკითხვაზე კი არ იბარებენ ან წინასწარ კი არ აფრთხილებენ დაკავების შესახებ, ხალხის ასაყვანად ლამის სპეცოპერაციებს აწყობენ - რვა-ათი კაცი დაადგება თავს და ისე მიჰყავთო.

”ვერსიაში” დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ტრადიციონალისტების ლიდერ აკაკი ასათიანთან, რომელიც მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს და ვითარებას ასე აფასებს: ”უამრავი სისულელე მინახავს, მაგრამ ასეთი - არასდროსო”. ასათიანი ამბობს: " ‘სახალხო კრების’ ყოველი ნაბიჯი შეცდომა იყო და ტრაგიკული შედეგითაც დასრულდა. თავის მხრივ, ხელისუფლებამაც ყველაფერს გადაამლაშა.” „სახალხო კრებაზე“ აკაკი ასათიანი ასეთ რამეს ამბობს: „ვინმემ ვიცით, რა იყო კრების მთავარი მოთხოვნა?! ხელისუფლება გადადგესო, ეგეც კი არ ჟღერდა და, ბოლოს, აღლუმი არ ჩატარდესო, - ამით დაასრულეს. როცა თვითონ არ იციან, რა მიზანი აქვთ, მე რა უფლების ძალით მთხოვენ ამ გაუგებრობაში მონაწილეობას?“ ხელისუფლების რეაქციას კი აკაკი ასათიანი ასე აფასებს: ”თუ ეს ჩანაწერები ამდენი ხნით ადრე გქონდა, რატომ არ აჩვენე? იქნებ აქციაზე გასვლას ვაპირებდი და გადამეფიქრებინა? ესე იგი გინდოდა, ასე მომხდარიყო და ხელიც შეუწყვე!”

”რვიანის” გეგმებზე ”ახალ თაობას” მამუკა კაციტაძე ესაუბრა. ”შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო არ ჩავთვალეთ საჭიროდ ისევ 1 ივნისითა და 31 მაისით გვემუსირა. უახლოეს დღეებში ჩვენს სათქმელს ვიტყვით, თუ მანამდე ხელისუფლებამ კონკრეტული ინიციატივა არ შემოგვთავაზაო”, - უთხრა მამუკა კაციტაძემ ”ახალ თაობას”.
XS
SM
MD
LG