Accessibility links

logo-print
ყოველი წლის 31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს დღეს - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, როდესაც კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე. თამბაქოს მავნებლობაზე ამ კვირაშიც ბევრი ითქვა მწეველებსა და არამწეველებთან საუბრისას.

სექტემბერში 3 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც მე, 30-ზე მეტი წლის მწეველმა, უკანასკნელი სიგარეტი ჩავაქრე. პირველი კვირა რთული იყო, პირველი თვეც, თუმცა ახლა ჩემს თავს ვერ ვცნობ, როცა სიგარეტით ვხედავ სურათებზე. მოწევაზე უარის თქმა ძნელია. უბრალოდ, ადამიანი ცოტა აზარტული უნდა იყოს და უნდა სიამოვნებდეს ნებისყოფის გავარჯიშება. ცხადია, თავად უნდა მოინდომოს მოწევაზე უარის თქმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 1987 წელს დააარსა დღე - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგებისადმი. ეს დღე საშუალებას იძლევა პროპაგანდა გაეწიოს კონკრეტულ ღონისძიებებს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. მათი 80 პროცენტი კი განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ცხოვრობს. სწორედ ამ ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე იზრდება გამუდმებით მწეველთა რიცხვი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლამდე შეიძლება 1,6 მილიარდსაც მიაღწიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი კაცი კვდება (1 კაცი ყოველ 8 წამში).

აი, ამ ციფრების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე უარი მეთქვა მოწევაზე და იმაშიც დავრწმუნდი, რომ, მიუხედავად თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდისა, ადამიანებს მაინც არა აქვთ გააზრებული, რამდენად მავნებელია მოწევა. ეს დღე - „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - საშუალებას აძლევს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულებს მოიგონონ თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდის ახალი საშუალებები, რაღაც ახალი თქვან.. მოუსმინონ იმათ, ვისაც მოწევის წინააღმდეგ თავისი არგუმენტები აქვს.

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის 2006 წლის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად სიკვდილიანობის რაოდენობრივი მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაახლოებით 25%-ია. მწეველობის გავრცელება ქართველ მამაკაცთა შორის ევროპაში ყველაზე მაღალია (59.8%) და, როგორც ეს გამოკვლევა გვიჩვენებს, იზრდება განსაკუთრებით ნაკლებად განათლებულ და დაბალანაზღაურებად მამაკაცებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ პატარა დასახლებებში. ეს ციფრები შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა, რისი მიზეზიც, ალბათ, ისაა, რომ, ევროპის ქვეყნებისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, საქართველოში მწეველებზე შეზღუდვები ან არაა დაწესებული, ან ფორმალურია და, როგორც წესი, ამ შეზღუდვებს საზოგადოებრივ ადგილებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ქალაქის ცენტრში კაფე ”ანტრე”, თუ არ ვცდები, ერთადერთი კაფეა, სადაც მოწვეა აკრძალულია და სადაც ადამიანს ბავშვებთან ერთად შეუძლია დასვენება. ჟურნალისტი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებში სწორედ ამ შეზღუდვებმა აიძულა ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, რა აზრი აქვს მოწევას, თუკი თამბაქო, გარდა იმისა, რომ მავნებელია, უამრავ დისკომფორტს ქმნის ცხოვრებაში.
ამ შეზღუდვებმა საქართველოში მწეველებს შორის ერთგვარი მითი შექმნა: დასავლეთი არღვევს ადამიანის უფლებებს, კერძოდ, მწეველების უფლებებს, - არაერთხელ უთქვამთ ეს ჩემთვის. ნინო დანელიამ გვითხრა, რომ ამერიკაში არ შეუმჩნევია მწეველების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება.

თუმცა საკუთარი გამოცდილებით ვამბობ: როცა სიგარეტს თავს ანებებ, ქედმაღლური დამოკიდებულება ნამდვილად გიჩნდება საკუთარი წარსულის მიმართ - აცნობიერებ, რომ აქამდე ვერც სუნთქავდი კარგად და ვერც ასე კარგად შეიგრძნობდი სიცოცხლეს... და ეს ნამდვილად სასიამოვნო გრძნობაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG