Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ჩეხეთის დამაკავშირებელი „ცოცხალი ხიდები“


საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბრნოში. ცენტრში ზ.შევჩუკი და ჯ.დაბრუნდაშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბრნოში. ცენტრში ზ.შევჩუკი და ჯ.დაბრუნდაშვილი
27 მაისს ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბრნოში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით „ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი“. კონფერენცია ორგანიზებული იყო ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს სათვისტომოსა და ჩეხეთის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ჩეხეთის მთავრობისა და ევროკავშირის დახმარებით საქართველოში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. იყვნენ სხვა საინტერესო ადამიანებიც - სტუდენტები, საჯარო მოხელეები და უფლებადამცველები, რომლებიც ნამდვილ „ცოცხალ ხიდებს“ წარმოადგენენ საქართველოსა და ჩეხეთს შორის.

პავლა პიანოვა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ მისიის ხელმძღვანელი, 2005 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. პავლა ცხოვრობს ქუთაისში, ხშირად დადის დასავლეთ საქართველოს სოფლებში და ეხმარება ქართველ გლეხებს, კოოპერატივებში გაერთიანდნენ და ამით დოვლათის მოცულობა გაზარდონ.

„მცირე გრანტებია ის გზა, რითაც ჩვენ ქართველ ფერმერებს ვეხმარებით. გრანტების მოცულობა ათასიდან 10 ათას ევრომდეა. ჩვენ ძალიან ექსტენსიური მეთოდოლოგია გვაქვს. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ დავეხმაროთ ყველაზე მცირე ფერმერებს რეგიონის სოფლებში, მეორე ჯგუფში კი შედიან უკვე არსებული ბიზნესები, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით გაფართოებასა და განვითარებაში.“

ვიდრე გრანტებს მოიპოვებდნენ, გლეხები პროექტში მონაწილეობის სურვილით მიმართავენ ორგანიზაციის ქუთაისის ბიუროს, ავსებენ სპეციალურ ფორმებს და გადიან სპეციალურ ტრენინგებს. თუმცა, როგორც პავლა პიანოვა აღნიშნავს, იოლი არ არის ტრადიციული წვრილი გლეხური მეურნეობის ერთგული ქართველი გლეხი კოოპერატივის უპირატესობაში დაარწმუნო:

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა. როდესაც ტრენინგებზე ჩვენ ქართველ გლეხებს ახალ ცოდნას და გამოცდილებას ვუზიარებთ, ძალიან ხშირად ისინი გვპასუხობენ, კი ბატონო, ეს საინტერესოა, მაგრამ ჩვენ მაინც ისე გავაკეთებთ, როგორც ჩვენმა მამა-პაპამ გვასწავლაო. მაგრამ შემდეგ ჩვენ „პრაქტიკული სწავლების“ მეთოდს ვიყენებთ და როდესაც ისინი იმასვე ახალი ტექნოლოგიებით აკეთებენ და ხედავენ შედეგს, ნაბიჯ-ნაბიჯ იყენებენ ამ ცოდნას. ასე რომ, მარტო თეორიული ტრენინგები არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ ეს იყოს ძალიან კონკრეტული და პრაქტიკული ტრენინგი. თანაც, ამას სჭირდება დრო - არა ერთი თვე ან ერთი ტრენინგი, არამედ მინიმუმ ერთი-ორი წელი უნდა იყო საქართველოში ერთ რომელიმე კონკრეტულ მოსახლეობასთან და შედეგი მხოლოდ ამის შემდეგ მოვა.“
ძალიან ხშირ შემთხვევაში მათი ინფორმაცია არ არის ზუსტი და საქართველო ჰგონიათ სადღაც ცხრა მთას იქით ქვეყანა. როცა ვეუბნებით, რომ ფრენა სამსაათ-ნახევარია, ძალიან უკვირთ...

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ დახმარებით, ერთ-ერთი ასეთი კოოპერატივი, „დოვლათი“, 2010 წლის 3 სექტემბერს დაფუძნდა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკსა და ფარცხანაყანევში, ადგილობრივი მწვანილის, ბოსტნეულის და ხილის შენახვისა და რეალიზების მიზნით. როგორც პავლა პიანოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, პროექტის ღირებულებამ 70 ათასი ლარი შეადგინა, რომლის 30 % დამფუძნებლებმა გადაიხადეს, დანარჩენი კი ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. როგორც პავლა პიანოვა ამბობს, კლიმატური პირობებისა და გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, კოოპერატივმა „დოვლათმა“ სათბურებში მოწეული მწვანილის რეალიზებით 25 ათასი დოლარი მოგება ნახა. ორგანიზაცია „ადამიანი გასაჭირში“ ჩეხეთის მთავრობის დახმარებით მომავალ წელსაც გააგრძელებს კოოპერატიული გაერთიანებების მხარდაჭერას დასავლეთ საქართველოში, სადაც უმუშევრობა, ტრადიციულად, ყველაზე უფრო მაღალია, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დავეხმარეთ 200-მდე მცირე საწარმოს დასავლეთ საქართველოში. დღესდღეობით ამ მცირე საწარმოების 10-15 პროცენტი დაიხურა, მაგრამ ვინაიდან 160 მცირე საწარმო აგრძელებს მუშაობას, ეს ნამდვილად დიდი შედეგია.“

ახლა იმასაც ვიტყვი, თუ რატომ ვუწოდე პავლა პიანოვას „ცოცხალი ხიდი“ საქართველოსა და ჩეხეთს შორის. საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში პავლამ საქართველოში, როგორც ამბობს, თავისი ბედი იპოვა. მან და გიორგი კანაშვილმა, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოჯახი შექმნეს და ბრნოში გამართულ სადღესასწაულო კონფერენციას ესწრებოდნენ იქაურ ჩეხებსა და ქართველებთან ერთად, რომლებიც ორი ქვეყნის დაახლოებას ასევე უწყობენ ხელს. მათ შორის არის ზინაიდა შევჩუკი, ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში უძღვება კურსს „ეთნიკური კონფლიქტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“:

“ამ კურსში მყავდა 21 სტუდენტი. მოხიბლული ვიყავი როგორ იცოდნენ ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა, რა მონდომებულები იყვნენ მეტი გაეგოთ და მეტი ესწავლათ. და გარდა იმისა, რაც სილაბუსით ევალებოდათ, დადიოდნენ კონსულტაციებზე და ცდილობდნენ მეტი და მეტი გაეგოთ. სტუდენტები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე სწავლობენ, მით უმეტეს, იმ კონფლიქტის შემდეგ, რომელიც 2008 წელს მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის, ნამდვილად იცნობენ ჩვენს რეგიონს.“

ნინო ნაკაშიძე, საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში
მაგრამ არამხოლოდ მოუგვარებელი კონფლიქტების გამო იცნობენ ჩეხეთში საქართველოს. ბრნოში გამართულ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ჩეხეთის საზოგადოება - განსაკუთრებით ახალგაზრდობა -დაინტერსებულია უფრო მეტად გაიცნოს საქართველო, მისი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ბუნება და უნიკალური ქართული სამზარეულო, რომლის გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა იქვე, ბრნოს კულტურის ცენტრში, მისცა სტუმრებს საქართველოს საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში და ქართულმა სათვისტომომ, რომლებმაც, ერთობლივი ძალისხმევით, საკმაოდ სოლიდურად წარმოადგინეს საქართველო მისი დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავის საზეიმო ღონისძიებაზე.
აი, რა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ნინო ნაკაშიძემ:

„ძალიან ხშირ შემთხვევაში მათი ინფორმაცია არ არის ზუსტი და საქართველო ჰგონიათ სადღაც ცხრა მთას იქით ქვეყანა. როცა ვეუბნებით, რომ ფრენა სამსაათ-ნახევარია, ძალიან უკვირთ. ამიტომ საქართველოს ნახვის მსურველთა რიცხვი - ჩვენი პრეზენტაციების შემდეგ, ქართული საჭმლისა და ღვინის დაგემოვნების შემდეგ - იზრდება და იზრდება.“

ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი ღონისძიებების უფრო აქტიურად ჩატარების მომხრეა საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ჯიმი დაბრუნდაშვილი:

„რა თქმა უნდა, ასეთი სახის ღონისძიება, როგორც კი ორი-სამი მცირე ორგანიზაცია მოჰკიდებს ერთმანეთს ხელს და რამეს და რაღაცას წამოიწყებს, ყოველთვის გაკეთდება. სოლო აქციები არაფრის მომტანია. მაგრამ ყოველთვის შეიძლება ყველა ქვეყანაში პარტნიორის მონახვა და სულაც არ ღირს ძვირი. ხომ ხედავთ ეს ძალიან იაფი და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა.“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ბრნოს კულტურის სახლში მოეწყო ქართული ღვინოების, ტკბილეულობის, სხვადასხვა ნაკეთობებისა და სუვენირების ბაზრობა. შეგროვდა შემოწირულობებიც, მიღებულ თანხას კი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ბი-ინტერნაციონალი“ სიღნაღის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს გადაურიცხავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG